დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ამ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა წამართვა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერ წამართმევს!“
2011/11/02 13:21:17

ბიძინა ივანიშვილი: „ამ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა წამართვა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერ წამართმევს!“

პოლიტიკურ სცენაზე ახლახანს გამოჩენილმა  ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 1 ნოემბერს ქართული და უცხოური მედიისათვის პირველი პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენცია დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მასში 200-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა, თუმცა კითხვის დასმის საშუალება ყველას არ მიეცა. ნაციონალური ტელევიზიების ჟურნალისტებს ლამის მონოპოლიის გამოცხადება სურდათ მიკროფონებზე და ერთი კითხვის დასმით არ შემოიფარგლებოდნენ, ცდილობდნენ დისკუსია გაემართათ  რესპონდენტთან და რაც თვითონ სურდათ, ის პასუხი მიეღოთ. ნაციონალური არხების ჟურნალისტთა ასეთი მოქმედების გამო, პრესკონფერენციის მონაწილე სხვა ჟურნალისტები იძულებული იყვნენ, ებრძოლათ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მიკროფონების მოსაპოვებლად, რათა კითხვების დასმა მოეხერხებინათ.

პრესკონფერენციის ასეთ  არაორგანიზებულობაში მასპინძლების „დანაშაული“, ალბათ, ის იყო, რომ  მათ არ ჰქონდათ წინასწარ მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელ ჟურნალისტს მისცემდნენ კითხვის დასმის უფლებას და რომელს – არა (როგორც ეს დღევანდელი პრეზიდენტისა თუ სხვა მაღალჩინოსანთა პრესკონფერენციებზე ხდება ხოლმე). ხოლო თავისუფლებამინიჭებულმა ჟურნალისტებმა, სამწუხაროდ, არაკოლეგიალობისა და არაპროფესიონალიზმის საოცარი  მაგალითი აჩვენეს.

პრესკონფერენციაზე დაახლოებით 30 შეკითხვის დასმა მოხერხდა, რომელთა ნაწილზე ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, ნაწილზე – ნაწილობრივ.

გთავაზობთ იმ ძირითად მესიჯებს, რაც ბიძინა ივანიშვილის წარსულ თუ სამომავლო პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე გაცხადდა.

  • პრესკონფერენციაზე, რომელიც საათნახევრის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, აღმოჩნდა, რომ შეთანხმების მიხედვით, პირველი კითხვა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა დაესვა. „პირველი არხის” ჟურნალისტმა თავისი ვრცელი კრიტიკული აზრი ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილისა და მედიის აქამდე არსებულ ურთიერთობებზე და იკითხა: „ამ დემოკრატიით აპირებთ ევროპის გაოცებას?“

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს კითხვა დაუბრუნა: – „თქვენ გინდათ,  რომ „პირველი არხის“ დემოკრატია გავიზიაროთ და ამით ხართ მოხიბლული?  ჩემი სურვილია, თქვენ ასე არ დაიძაბოთ, ასეთი შეკითხვებით არ მოხვიდეთ და დასვათ ის შეკითხვები, რაც თქვენ გაგაჩნიათ პირადად  და არა იმის,  ვინც გიკვეთავთ. ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა, თავისუფალი მედიის შექმნა და არა ისეთის, როგორსაც „პირველი არხი“ წარმოადგენს დღეს”. 

პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ „პირველი არხი“, „იმედი“ და „რუსთავი 2“ არ არის დამოუკიდებელი არხები და  რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები არ სვამენ რეალურად იმ კითხვებს, რაც მათ ნამდვილად აქვთ.  

ხოლო ტელეკომპანია „რეალ ტივის“ ბიძინა ივანიშვილმა არაორდინალური უწოდა  მას შემდეგ,  რაც ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა კითხვა ბეღურებთან დაკავშირებით დაუსვა. 

რატომ არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს ბეღურები, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის პინგვინმა  შეჭამა ბეღურა და ამის შემდეგ პინგვინი დაიღუპა, თუ მხოლოდ იმის გამო, რომ მერცხლებს ბუდეს უნგრევს? თუ მერცხლებისთვის ბუდის დანგრევის გამო არ გიყვართ, მაშინ ვისაუბროთ ამერიკული სოფლის დანგრევის დროს თქვენს პასუხისმგებლობაზე – ეს იყო „რეალ-ტივის“ შეკითხვა. 

„თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია და მე მეშინია ჩემი პასუხით მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო ისინი, [ივანიშვილმა რეალ ტივის ეთერით გასულ გადაცემაზე მიუთითა, სადაც ჟურნალისტი მკითხავებთან დადიოდა ბიძინას გადიდებული სურათით და ეკითხებოდა მათ, რა ელის ამ კაცს პოლიტიკაშიო...], სხვათა შორის, მერაბიშვილზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით (ამ ფრაზით ივანიშვილმა მიანიშნა იმაზე, რომ „რეალ-ტივი“ მერაბიშვილის და დონაძის ტელევიზიაა).“ ამის შემდეგ კი ივანიშვილმა ბეღურების თემა ასე განავრცო:  „ბეღურები ცოტათი სააკაშვილს მაგონებენ. არავის არ უნდა წავართვათ ბინა. ბეღურა არ გადაუყლაპია ჩემს პინგვინს, მერცხალი გადაყლაპა. ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ იმ ტბასთან, რომლებიც პინგვინებს ეკუთვნის. რაც შეეხება ამერიკულ სოფელს, იქ  უამრავი კანონდარღვევა იყო, ამაზე უამრავი მასალა არსებობს და აქ ვერ გავარჩევთ. ჩემს მიწაზე აშენდა, ყველანაირი თანხა გადავუხადე ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ ამასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ რჩება, ძალიან კარგად მოვექეცი მაგათ, იმაზე კარგად ვიდრე იმსახურებდნენ.“

 

  • კითხვაზე, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობას პრეზიდენტ სააკაშვილთან იმ შემთხვევაში, თუ  პარლამენტში უმრავლესობით მოვა,  რადგან საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ წელიწადში  საპრეზიდენტო არჩევნებია, ივანიშვილმა განაცხადა: 

    „პარლამენტში უმრავლესობით მოსვლისას, თუ სააკაშვილმა თვითონ ვერ მოახერხა განცხადების დაწერა, მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას“.

 

  • კითხვაზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებთ და მას მიიჩნევთ, როგორც ომის ინიციატორს? –  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა : – „პირველ რიგში მე მოვიშველიებ ტალიავინის [კომისიის] დასკვნას, მეორეც – მე წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ -საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ პროცესი როგორ ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებებისაგან. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველგან, გარდა იმ სამი არხისა, რომელიც მე ჩამოვთვალე [„რუსთავი 2“, „იმედი“, „პირველი არხი“]. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

სააკაშვილი გვარწმუნებს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მეხსიერება არ დაუკარგავთ, ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია. მახსენდება ჯორჯ ორუელის „1984“ ფიქრის პოლიცია. ქართველი ხალხის ზომბირებას აპირებენ. განა არ გვახსოვს, ლომაია როგორ გვმოძღვრავდა ლევიტანივით, ეს სოფელი ავიღეთ და ამ სოფლებს ასახელებდა. განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთისგან? ჩვენ სიმართლეს უნდა შევხედოთ. ნუ ცდილობენ ქართველი ხალხის მოტყუებას და დაბნელებას. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. სამი ხსენებული არხი სამი დღის განმავლობაში ჩემი კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებდა. ასე იყო სიტუაცია. ჩვენი მეხსიერების წაშლას და ჩვენ ზომბირებას ისინი ვერ მოახერხებენ, თუმც ამის მცდელობა აქვთ“.

  • რუსეთთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, ივანიშვილიმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი არის უაღრესად საინტერესო, მთელი მსოფლიო მიიწევს დღეს რუსული ბაზრისკენ. სააკაშვილმა საოცრად მოახერხა თავისი გაუაზრებელი, არაადეკვატური და არადიპლომატიური განცხადებებით წყობიდან გამოეყვანა რუსეთის მთავრობა და შედეგად ის მივიღეთ, რომ საქართველოსთვის მთლიანად დაიკეტა ეს სივრცე, მაშინ, როცა ევროპაც და ამერიკაც რუსული ბაზრისკენ ისწრაფვის. სხვათა შორის,  ეს ომამდე მოხდა. რუსეთთან ურთიერთობას ჩვენზე გაცილებით მაღალი დემოკრატიების მქონე ქვეყნები ახერხებენ და ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენც. რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ და აღვადგინოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი რადიოს“ ჟურნალისტმა  ივანიშვილს ლებედთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა: – „ბატონო ბიძინა, როდესაც თქვენ გენერალ ლებედევის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდით...“

ბიძინა ივანიშვილი: „ლებედის, და არა ლებედევის... უნდა წაგეკითხათ კარგად, სანამ მოხვიდოდით...“

ჟურნალისტი: „დიახ, ლებედის, როდესაც მის კამპანიას აფინანსებდით, ხომ იცოდით, რომ 1989 წლის 9 აპრილს ის იყო სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. უფრო მეტიც, საქართველოს გარდა, ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ მოლდოვაში, სადაც მას ჯალათიც კი უწოდეს. რატომ ეხმარებოდით ადამიანს, რომელიც ამავდროულად რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე იყო?“

ბიძინა ივანიშვილი: „თქვენ ჩემი ინტერვიუ წაკითხული გაქვთ? მერე ეგ კითხვა –რატომ? რუსული კარგად იცით? იცით, რატომ გეკითხებით? მე ველოდი ამას [კითხვას] და აქვე მინდა განმარტება გავაკეთო: ,ქვეტექსტებით ნუ საუბრობთ. როდესაც მეკითხებით და მეძიებით ჩემ ნათქვამთან დაკავშირებით, ნება იბოძეთ და კარგად გაეცანით მასალებს. მე ვაფინანსებდი არა გენერალ ლებედს, არამედ იმ შვიდი უმსხვილესი კომპანიისგან, რომელიც მიწვეული იყვნენ ბორის ელცინის არჩევნების დროს, მე ვიყავი ერთ-ერთი. მე ვაფინანსებდი ბორის ელცინის არჩევნებს და თუ კარგად წაიკითხავთ, მე იქ ყველაზე გადამწყვეტი და შედეგიანი სვლები გავაკეთე. მოვახერხე ის, რომ კომუნისტებს დაბრუნების საშუალება არ მისცემოდათ. ელცინის არჩევნების დროს ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო, რომ კომუნისტები დაბრუნებულიყვნენ. ლებედს ყველაზე კარგად შეეძლო  კომუნისტების დაბალანსება. საბოლოოდ, დარწმუნდნენ, რომ მე ვიყავი მართალი და ზუსტად ჩემმა პოზიციამ გადაწყვიტა ის, რომ გაიმარჯვა ბორის ელცინმა და ამით საქართველოსაც მიეცა საშუალება, არ დაბრუნებულიყო უკან,  არ დაბრუნებულიყვნენ კომუნისტები. მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერდა ამას მხარს. ღიად თუ ფარულად. მათ სურდათ ბორის ელცინის გამარჯვება, აი, აქ ვიდექი მე.

  • კითხვაზე, თუ როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და რის საფუძველზე აცხადებს, რომ პუტინისგან დემოკრატიულ ნაბიჯებს ელის, ბიძინა ივანიშვილის პასუხი ასეთი იყო:
    „რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ეს ჩემი სურვილია და როგორ განახორციელებს, ამას ჩვენ ყველანი დავინახავთ.  რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ჩვენი მოსვლის შემდეგ მყისიერად დავიწყებთ. მე ილუზია არ მაქვს, რომ ეს იოლი იქნება და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია.  მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხვედრის.  რა თქმა უნდა, ინტერესების დალაგებაზე როცა ჩამეკითხეთ, პირველ რიგში, ალბათ, მხედველობაში გაქვთ  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მდგომარეობა. ერთადერთი იმედი, ერთადერთი არა ერთ-ერთი, რომელიც მე გამაჩნია, არის, რომ მოხდება ინტერესთა თანხვედრა. ასეთ სიტუაციაში ყოფნა აფხაზეთისა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის, არც რუსეთისთვისაა სასურველი.  რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას ეს ძალიან შეუშლის ხელს და ამავდროულად, მოგეხსენებათ კავკასიის რეგიონი არის ფეთქებადი რეგიონი და რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაც ეს არ იქნება საინტერესო.  ძირითადი ესაა იმედი, რაზეც ვაკეთებ აქცენტს“.

 

ბატონ  ბიძინას  ასევე ჰკითხეს, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მას მეტი დამაჯერებლობისთვის ჯერ გაეყიდა ბიზნესი რუსეთში და შემდეგ მოსულიყო პოლიტიკაში?  და არის თუ არა ის კრემლის უკანასკნელი იმედი საქართველოში?
ამ და რუსეთთან დაკავშირებით სხვა ამ ტონის კითხვებზე ივანიშვილი პასუხობდა, რომ ელოდა ასეთ კითხვას: – „ჩემი მოსვლის დღიდან მუსირებს, რომ მე კრემლის პროექტი ვარ, აგენტი, იმედი - ძირითადი შეტევა ამ კუთხით  ხორციელდება და ეს თემა ტრიალებს „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“ და სხვა საინფორმაციო საშუალებების ეთერით. აგენტი, იმედი, პროექტი, ერთი და იმავე აზრის მატარებელია. როცა ვთქვი, რომ რუსეთში 9 წელი არ ვყოფილვარ, ვაცნობიერებ, რომ ეს არგუმენტი საკმარისი არაა.  ამის შემდეგ, ალბათ, ადამიანის ქმედებით უნდა შევაფასოთ, რამდენად მტრული  შეიძლება ის იყოს ქვეყნისთვის. მე იძულებული ვარ გადავუხვიო ჩემი მსოფლმხედველობიდან და თავად ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. 20 წლის წინ 450 ტრაქტორი გამოვგზავნე საქართველოსთვის აქედან მოყოლებული სიკეთის მეტი ჩემი ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია და რა გაძლევთ ამის ტრიალის საშუალებას, ან რა გიჩენთ ასეთ ეჭვებს, რომ მე საქართვოლოს ზიანი შეიძლება მივაყენო?“ 

„თუ ასე ძალიან განიცდის სააკაშვილი, მისი სატელიტი ტელევიზიები და ჟურნალისტები ამ საკითხს, ორი კარგი მაგალითი გაქვთ, ბენდუქიძე, რომელიც ასევე მდიდარია [შეიძლება იმდენი არ აქვს, რამდენიც მე, მაგრამ მულტი მილიონერია] და სააკაშვილის მრჩევლად პირდაპირაა წამოსული რუსეთიდან და მინისტრად დანიშნა და მეორე, საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე. რატომ ამ ორ შემთხვევაში არ ჩნდება იგივე კითხვები?“. 

ივანიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ რუსეთთან დაკავშირებით კითხვები იმიტომ ისმება, რომ სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან კანონი არასოდეს დაურღვევია. 

ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებულ კითხვაზე კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ, ცხადია, უმჯობესი იყო, ჯერ გაეყიდა ბიზნესი და მერე მოსულიყო, თუმცა ასე იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავდა,  ბიზნესი კი „არ შეიძლება გაიყიდოს ერთ და ორ დღეში.“

  • ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა საქართველოს NATO -ში გაწევრიანებისთან და ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებულ  შეკითხვებსაც:  – „ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, სამხედრო ინტერესების გარდა, ნატოში მისაღებად საჭიროა, ქვეყანაში მუშაობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა მოსპო და ამ ქმედებებით მნიშვნელოვნად გადაწია NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პრესპექტივა“.

 

„ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით ავღანისტანსა და ერაყში პატარა პარტნიორობა ასეთი დიდი გაერთიანების. ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მომავალშიც გავაგრძელებთ. კონკრეტულად რამდენად საჭიროა, რამდენი უნდა დავამატოთ, თუ გამოვაკლოთ, ეს იქნება ანალიზის შემდეგ“.

 

  • ბიძინა ივანიშვილმა თავისი აზრი დააფიქსირა ასევე უმცირესობებთან დაკავშირებით. კითხვას, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: „მე მიმაჩნია, რომ სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოსახლეობა და დამოკიდებულება მათ მიმართ იქნება ისეთივე, როგორიც ყველასთან“.

 

და ბოლოს:

როგორ შეძლებს ივანიშვილი თავისი მიზნების განხორციელებას და „ქართული ოცნების“ ახდენას მაშინ, თუ ის ვერ დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, ამ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილის პასუხის აზრი დაახლოებით  ჰგავს „მონანიების“ გმირის პასუხს „მაინც ამოვთხრი!“

 „მე საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს უკანონოდ, თორემ სამშობლოს სიყვარულს  ვერ წამართმევენ!“

 

„ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ნუ აქვს სააკაშვილს და მის გარემოცვას ილუზია, რომ გაყალბების მექანიზმებს აამოქმედებენ, მსგავსი  რამ აღარ განმეორდება.  შემიძლია გითხრათ, რომ  დღეს სააკავილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას, ის საკუთარ გარემოცვასაც აღარ ჭირდება. ის ვერ მიიღებს ხმების რაოდენობას, რომლის გაყალბების შედეგადაც შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკაში დარჩენა, იმედიანად იყავით, ჩვენ არჩევნების გზით შევცვლით სააკაშვილის მთავრობას, ყველაფერი კარგად იქნება.” ...

 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია