დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი – ლაფანყურის სპეცოპერაციაში, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს
2013/04/01 14:38:56

საქართველოს  სახალხო  დამცველმა  უჩა ნანუაშვილმა   მედიის წარმომადგენლებს ადამიანის  უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვის  მდგომარეობის  შესახებ  ანგარიში გააცნო. აღნიშნული  ანგარიში სახალხო დამცველმა  საქართველოს პარლამენტს  30 მარტს წარუდგინა.

„2012 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი საქართველოს ისტორიაში. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა ხელისუფლების არაძალადობრივი გადაცემა არჩევნების გზით“ – აღნიშნულია  სახალხო  დამცველის  ანგარიში,  რომელიც  2012 წლის პერიოდს მოიცავს.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს,  არჩევნების  შემდეგ  მთელ  რიგ  სფეროებში  ადამიანის უფლებების  სერიოზული  გაუმჯობესება  შეინიშნება.  თუმცა,  ამავდროულად,  გამოიკვეთა არაერთი  მიმართულება  სადაც  სერიოზული  პრობლემები  ფიქსირდება.

სახალხო დამცველი  ანგარიში  მნიშვნელოვან  ადგილს  უთმობს   მაღალი  საზოგადოებრივი ინტერესის  მქონე,  გახმაურებული  სისხლის  სამართლის  საქმეების  გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს.  კერძოდ, მოყვანილია  თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთა საქმეები, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომენდაციები საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

სახალხო  დამცველმა  შეისწავლა ლოპოტის ხეობაში,  სოფელ  ლაფანყურთან  2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს  შეიქმნას  დროებითი  საგამოძიებო  კომისია  ზემოხსენებული ფაქტების  შესწავლის  მიზნით.

უჩა ნანუაშვილმა, ასევე,  ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში ციხეებში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, სახალხო დამცველი მიესალმება ამნისტიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე, საქართველოში პატიმართა რაოდენობის, დაახლოებით, 12 000-ით შემცირებას.

საპარლამენტო  ანგარიშში  ცალკე  თავი  ეძღვნება   2012  წლის  განმავლობაში სამართალდამცავი  ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა. სახალხო დამცველმა  განსაკუთრებით  ხაზი გაუსვა  საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის  საკმაოდ  არასასურველ ტენდენციაზე.

ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტში, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია