დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რობაქიძის საქმეში ახალი ფაქტები, თუ კიდევ ერთი ფაბრიკაცია?
2013/02/19 18:21:40

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დღევანდელ ეთერში გასულმა ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებულმა კადრებმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

აღნიშნულ მასალაში  კარგად ჩანს, რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე  ავტომატ „კალაშნიკოვს“ და პისტოლეტს პოულობენ. კადრების მიხედვით, რობაქიძის დაჭრის შესახებ ადგილზე მყოფი სამართალდამცავები დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ იგებენ. 

როგორც ირაკლი ფირცხალავამ, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის დროს რობაქიძე მანქანაში შემთხვევით იმყოფებოდა. ფირცხალავას განცხადებით,  კადრები მანქანის გაჩერებიდან პირველივე წამებში არის გადაღებული და იქ კარგად ჩანს, რომ დაკავებულებს იარაღი ჰქონდათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ გააკეთა: „ბუტა რობაქიძის საქმე არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩადენილი იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ჩემთვის არსებული ინფომაციით, ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიებით, გამოიკვეთა ის, რომ ბუტა რობაქიძეს და არც მასთან მყოფ ადამიანებს, არ ჰქონდათ იარაღი და მოხდა მტკიცებულებების გაყალბება. გაყალბდა როგორც ოქმი, ასევე საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებიც და ეს გამოძიებამ დაადასტურა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბუტა რობაქიძე  მაშინდელი პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი გახდა. რა ტიპის მასალას წარადგენს დაინტერესებული მხარ, ეს ცალკე გამოძიების საგანია, საკითხავია, არის ეს მონტაჟი, თუ არა? მე ერთის თქმა შემიძლია, რომ დღეს ყოფილი ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოხდეს ამ საქმის ფალსიფიცირება, გაუმართლებელია,“ - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავამ აღნიშნული კადრები უკვე წარადგინა პროკურატურაში. არჩილ კბილაშვილი ახალი მტკიცებულების სანდოობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.

აღნიშნული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ სრულად.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 12:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული ვიდეო-მასალა ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ვიდეო-მასალა არ იყო. ეს კადრები რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს პროკურატურასთან მყოფ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს გადასცა. დაუმონტაჟებელი მასალა ჩვენ „კურიერის“ გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიღეთ და, ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვიხდა მისი ჩვენება, თუმცა, ჩვენ შეგნებულად, ირაკლი ფირცხლავას მიერ გავრცელებული მასალის მხოლოდ ფრაგმენტი ვაჩვენეთ, სადაც განსაკუთრებულად მძიმე კადრები დაფარული იყო. მასალის გავრცელებამდე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა, კიდევ ერთხელ გვსურს, საზოგადოებას, განსაკუთრებით, ამირან რობაქიძის ოჯახს და მის ახლობლებს ბოდიში მოვუხადოთ ამ მძიმე კადრებისათვის. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაწყვეტილება ვიდეო-მასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია