დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დამწვარი შენობა, რომელშიც პედაგოგს ცხრა შვილით უწევს ცხოვრება
2012/11/06 12:39:07

სოციალურად დაუცველი ნელი გეწაძე უკვე წლებია, ანჯაფარიძის ქუჩის №19-ში, ავარიულ და ხანძრისგან დაზიანებულ შენობაში ცხოვრობს, ოროთახიან ბინაში, და ძალიან უჭირს. მისი სოციალური მდგომარეობა 1000 ქულით არის შეფასებული. ბინა, რომელშიც ის ცხოვრობს 1983 წელს გადაეცათ და მის შემდეგ შენობამ ბევრი დაზიანება მიიღო. ნელი გეწაძეს კი ცხრა შვილი ჰყავს, რომელთა უმეტესობა ნათესავებთან არის იმის გამო, რომ ოჯახს, მისი პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

 

 

„ხანდახან მეხმარება ხოლმე ქუთაისის მერია 200-300 ლარით, მაგრამ ამ თანხით, ისიც წელიწადში ორ-სამჯერ, რა უნდა გავაკეთო ამდენი შვილის შემყურემ! იმასთან ერთად, რომ ასეთ მძიმე დღეში ვარ, ორი წლის წინ, როდესაც ჩვენი სახლის წინ გზა გაიყვანეს, წყლის მილი დააზიანეს, რის გამოც 500-700 მეტრის გავლა მიწევს, რომ წყალი მაინც მქონდეს,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნელი გეწაძემ.

2010 წელს საცხოვრებელ სახლს ძლიერი ხანძარი გასჩენია, რის გამოც  ჭერი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხანძრის შემდეგ, როგორც ნელი გეწაძე გვეუბნება, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 3500 ლარი გამოყო, მაგრამ ეს თანხა მთელი ბინის მცხოვრებლებზე გადანაწილდა, რაც, მისი თქმით, არაა საკმარისი, რადგან ყველაზე მეტად ხანძრის შედეგად ნელი გეწაძის ოთახი დაიწვა. ამის გამო თითქმის ყოველდღე ჭერიდან ბათქაში ცვივა და რამდენჯერმე ოჯახის წევრებს დაეცა.
„ჩემი შვილები არცერთი არ მუშაობს. სოციალურად დაუცველთა სიაში რომ ვართ, ამის გამო უფროსი შვილი 24 ლარს იღებს. როდესაც მან პენსია მოითხოვა, ასე უთქვამთ - მაშინ არაფერი უნდა გაგაჩნდესო. ჩემი კინკილა 110 ლარით ამდენი სული როგორ ვარჩინო?“ - გვიამბო ქალბატონმა ნელიმ.

ნელი გეწაძეს პედაგოგიური მოღვაწეობის 37 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ის ქუთაისის ?3 სკოლაში ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. „ასეთი გამოცდილების ადამიანი არ უნდა ვიყო ასეთ დღეში. იმედია, ახალი მთავრობა ამ მხრივ რაიმეს გააკეთებს, მაგრამ ისინიც პროგრამაში კონკრეტულს არაფერს ამბობენ...“ - ამბობს იგი.

ქალბატონ ნელის შვილებიდან ერთ-ერთი სტუდენტია, მეორე კურსზეა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ სასწრაფოდ ოპერაცია დასჭირდა, რომელიც პოლისმა დაფარა, ამის შემდეგ კი ის აღარ დადის სასწავლებელში.
„აბა, რით იაროს! აი, ხომ ხედავთ, სად და როგორ ვცხოვრობთ. შემოსავალი მხოლოდ პენსიაა და როგორ? სტუდენტს, მგზავრობის საფასურის გარდა, ხომ უნდა ჰქონდეს ჯიბეში ცოტა თანხა?“

მას იმედი აქვს, რომ გაჭირვების წლები ადრე თუ გვიან დასრულდება, გარემონტებული ბინა ეღირსებათ და სოციალურად გაუმჯობესდება ოჯახის მდგომარეობა.

ქალბატონი ნელი გეწაძის შესახებ ჩვენ კომენტარი სოციალური მომსახურების სააგენტოს ვთხოვეთ.

„თუ პირი იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ ოჯახის უფროსს ვაძლევთ 30 ლარს, ხოლო მომდენვო წევრზე განკუთვნილია 24 ლარი. ამასთან, არის სამედიცინო დაზღვევა, რომლითაც ისინი სარგებლობენ.“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სოციალური სააგენტოს წარმომადგენელმა ნანა მესხმა.

რაც შეეხება იმას, გათვალისწინებული არის თუ არა სხვა რაიმე სახის მატერიალური დახმარება ხელმოკლე მრავალსულიან ოჯახზე, ამის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში   უარყოფითი პასუხი გაგვცეს.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია