დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმში ინტერპოლით ძებნილი დამნაშავე დააკავეს
2013/06/04 12:15:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საერთაშორისო დონეზე დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ბათუმის აეროპორტში  თურქეთისა და სირიის მოქალაქე მაკი მოჰამედი დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, მაკი მოჰამედი 1963 წელსაა დაბადებული და  გერმანიის და საფრანგეთის ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი.

გერმანიის და საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაკი მოჰამედი წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკომოვაჭრეს, რომელიც პერიოდულად ორგანიზებას უწევდა დიდი ოდენობით „ჰეროინი“–ს და  სხვა ნარკოტიკების ევროპის ქვეყნებში შეტანა-გავრცელებას.

მოჰამედი  გერმანიის ინტერპოლის მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა ნარკოტიკების შესახებ კანონის 1-ლი, მე-3, 29-ე „ა“ და გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ფარმაცევტული და  ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო გასაღებას.

2005 წლის აგვისტოდან 2005 წლის ნოემბრამდე  ეჭვმიტანილი მაკი მოჰამედი სხვა პირებთან ერთად ჰანოვერში, დიუსელდორფში, როტერდამში, კენტერბერში, სტამბულსა და სხვა ქალაქებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „დიამორფინით“ ვაჭრობდა.

მაკი მოჰამედს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ სხვადასხვა მარშრუტით გადაჰქონდა თურქეთიდან დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი ფაქტის თანახმად, 2005 წლის ოქტომბერში მოჰამედმა  ორგანიზება  გაუწია თურქეთიდან ჰანოვერში 90 კგ  „ჰეროინი“–ს ტრანსპორტირებას. აღნიშნული ტვირთის ნაწილი – 15 კგ  – მან დატოვა ჰანოვერში, ხოლო დარჩენილი 75 კგ გადაიტანა დიდ ბრიტანეთში.

მაკი მოჰამედი საფრანგეთის ინტერპოლის მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 222–36, 222–37, 222–40, 222041, 222–43, 222–44, 222–45, 222–47, 222–48, 222–49, 222–50 და 450–1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირებას, იმპორტს, ექსპორტს, შეძენას და შენახვას.

ამჟამად დაკავებული მოთავსებულია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია