დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მმართველი პარტია უკანონო შემოწირულობებს უკან დააბრუნებს
2012/08/29 00:56:15

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ  315 000 ლარის ოდენობით უკანონო შემოწირულობა მიიღო.  მან მმართველ პარტიას შემოწირულობის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების გამოყენებაზე გააფრთხილა.

თუკი მმართველი პარტია უკანონო შემოწირულობას შემომწირველებს არ დაუბრუნებს, მას ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება ემუქრება.  აუდიტის სამსახურის განცხადებით, უკანონო შემოწირულობა ექვსმა ადამიანმა განახორციელა, რომელთაც ერთობლივად 1.57 მილიონი ლარით დაჯარიმება ემუქრებათ. ამ ექვსი ადამიანიდან ერთის პიროვნების საქმე ცალკე გამოიყო და შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ პირის შემოწირულობაში სისხლის სამართლის ნიშნები დაინახა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პირების ქონება უკვე დაყადაღებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურმა არ გაასაჯაროა ინფორმაცია ამ პირების შესახებ და საზოგადოებისათვის უცნობია, თუ ვინ შესწირა უკანონოდ შემოწირულობა მმართველ პარტიას.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ... სამწუხაროდ, კანონის აღსრულების პროცესში ხარვეზებისგან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულად დაზღვეული არ არის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მითითებისთანავე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 315 ათასი ლარი უკან დაუბრუნოს შემომწირველებს. მომავალში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იხელმძღვანელებს ამ სამწუხარო გამოცდილებით და ეს გახდება ჩვენი შემდგომი პრაქტიკის დახვეწის საფუძველი“ - განაცხადეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტატისტიკური მონაცემებით, 315 000 ლარი ნაციონალური მოძრაობის მთლიანი შემოწირულობების 1.9%-ია. საერთო ჯამში პარტიამ იანვრიდან 8 აგვისტომდე პერიოდის ჩათვლით 700 ფიზიკური პირისგან 16.65 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მმართველი პარტიისათვის უკანონო შემოწრულობების შესახებ პირველი ბრალდებები „მეცხრე არხის“ მიერ 19 აგვისტოს გაშვებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერდა. გადაცემაში ნათქვამი იყო, რომ ის 27 ფიზიკური პირი, რომლებმაც ნაციონალურ მოძრაობას საერთო ჯამში 651 440 ლარი შეწირეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული.

გარდა ამ საქმისა, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი მხარდამჭერის - „საქართველო არ იყიდება“-ს დაჯარიმება მოითხოვა კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწირულობის გამო.

„საქართველო არ იყიდება“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ივლისის დასაწყისში შეიქმნა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრი გიგა ნასარიძეა. არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის შესახებ ნეგატიური შინაარსის პოლიტიკურ სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მას შემდეგ, რაც „მეცხრე არხმა“ და „მაესტრომ“ ამ შინაარსის სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარი განაცხადეს, „საქართველო არ იყიდება“-მ კლიპები მმართველ პარტიას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ, ეს ვიდეორგოლები მისთვის კანონით გამოყოფილ სარეკლამო დროის ფარგლებში განათავსა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება” არის იურიდიული პირი, მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეოკლიპები წარმოადგენს უკანონო შემოწირულებას და გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ უნდა გატარდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომები - მიღებული/გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“-ს 21 აგვისტოს განცხადებაში. მანვე წერილით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული ფაქტის შესწავლა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ „საქართველო არ იყიდება”-ს მიერ აუდიტში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ იყო დეკლარირებული მმართველი პარტიისათვის ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულობების განხორციელების ფაქტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი მხარდამჭერის - „საქართველო არ იყიდება“-ს დაჯარიმება სთხოვა 5000 ლარით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია