დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები დევნილები შველას ითხოვენ!
2011/11/21 12:25:15

„თქვენ, ბატონო ყოფილო პრეზიდენტო შევარდნაძევ - დევნილად, ხოლო სააკაშვილო - ნაგვისმქექავად მაქციეთ!“

 

აფხაზეთიდან დევნილი ასობით ოჯახი 1992 წელს ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თბილისში“ შეასახლეს. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა. დევნილთა ნაწილი კვლავ სასტუმროში ცხოვრობს. დღეს შენობა, ფაქტობრივად, იშლება. კედლები გაბზარულია და ყოველი წვიმის შემდეგ მდგომარეობა უარესდება. 

დევნილთა თქმით, შენობაში საშინელი ანტისანიტარიაა. კანალიზაციის სისტემა გაფუჭებულია და სარდაფი ფეკალური მასით ივსება. როგორც გვითხრეს, ერთი წლის წინ ხელისუფლებამ ორმოცდაათი დევნილი ოჯახი სასტუმროდან გაიყვანა და მუხნარის მუნიციპალიტეტში, ალტერნატიულ ფართში დაასახლა, ადგილზე დარჩენილი ორმოცდაათი ოჯახი კი უპატრონოდ მიატოვეს. ისინი მთავრობისგან დანაპირების ასრულებას ითხოვენ, ანუ - ახალ სახლს, სადაც ადამიანურად იცხოვრებენ.

 

ნინო ჩიქავა, აფხაზეთიდან დევნილი: „ვინ ხარ? რა გინდა? აქ ყოველდღე შენნაირი ათობით ჟურნალისტი, არასამთავრობო და, რა ვიცი, ათასი ჯურის ადამიანი მოდის. შვილო, ამ დანგრეულ შენობაში 19 წელია, ვცხოვრობ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ვერ ხედავ, რომ სასტუმრო თავზე გვენგრევა?!

ერთი ნაწილი გადაიყვანეს საღორიაზე, დარჩენილი ორმოცდაათი ოჯახი შენობიდან გასვლას ვითხოვთ. ეს შენობა ავარიულია. ყოველდღე კი გვაქვს შუქი, მაგრამ ელექტროობა ხშირად ფუჭდება. კანალიზაციის სისტემა გაფუჭებულია და სავსეა ფეკალური მასით სარდაფი. სველი წერტილი მოშლილია. ყველა გვპირდება დახმარებას, მაგრამ საქმე - საქმეზე რომ მიდგება, არავინ გვეხმარება. სამი წლის წინ, წინასაარჩევნოდ, მინისტრი კობა სუბელიანი გვესტუმრა, თან ახლდა ტელევიზიები. მას შემდეგ არც გამოჩენილა. აბსოლუტურად უყურადღებოდ ვართ. ჩვენთვის არც ახალი და არც ძველი წელია. არაფერს იმეტებენ ჩვენი ბავშვებისთვის. ერთობლივად მოვითხოვთ, რომ აქედან გაგვიყვანონ. ჩვენს გადაყვანაზე საუბარი ორი წელია მიმდინარეობს, მაგრამ საშველი არ დაგვადგა.“

მანანა ლეკვეიშვილი: „სასტუმროში  არაადამიანურად ვცხოვრობთ.  აი, ნახეთ, ელექტროგაყვანილობა კედლებში სულ ჩამწვარია. უამრავი პრობლემაა: დენი, სანტექნიკა და სხვა. ამის მოგვარება მაგათთვის სულ მარტივია, თუმცა არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მთავრობას წინასაარჩენოდ ვახსენდებით. ნებისმიერ ოთახში შედით, თქვენი თვალით ნახეთ, რას ვგავართ. წლების განმავლობაში ველოდებით გაყვანას. იყო თქმულება, გადაგიყვანთო, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იწუხებს თავს. აქედან ორმოცი ოჯახი საღორიაზე გადაიყვანეს და მას შემდეგ ეს პროცესი შეჩერებულია. მაქვს ინფორმაცია, რომ ობიექტი არ მოიძიეს, სადაც ჩვენ დაგვასახლებდნენ. ახალგაზრდა, განათლებული შვილი უმუშევარი მყავს. რად გინდა დიპლომი? შევიტანე მერიაში განცხადება და იქიდან დღესაც ველოდები პასუხს. წინასაარჩევნოდ, სამი წლის წინ, სუბელიანი აქ მოვიდა. ისე ტკბილად გვესაუბრა, ლამის გადაგვავიწყდა გაჭირვებული ცხოვრება. გვეგონა, რაღაცას გაგვიკეთებდა, მაგრამ მინისტრს მის მერე, არც გავხსენებივართ. ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა შენობაში. იგი, ფაქტობრივად, იშლება. პარკეტი გაფუჭდა. მოვიდნენ მერიიდან, დახმარების ნაცვლად, აქეთ გვეჩხუბნენ - თქვენ გააფუჭებდითო! მითხარით, როგორ გავაფუჭებდი? ოცი წელი რომ ერთ ადგილზე ივლი, გაფუჭდება, აბა, რას იზამს. მობრძანდით აქ, ნახეთ, რა მდგომარეობაშია სამზარეულო. აი, ბატონო. მოძრაობს პარკეტი. კედლები დაგლეჯილია, ფანჯრიდან წყალი შემოდის, აქ ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ამ შენობაში მაგათი ცოლები უნდა აცხოვრო ერთ დღეს და ჩათვალეთ, ეგრევე  გაეყრებიან. ისე მაინც, წელიწადში ერთხელ, მოვიდნენ, გვნახონ. ეს ხომ ერთსულოვნების ნიშანია, თუმცა მათხოვრებივით გვექცევიან. თითქოს მაწანწალები უცხო ქვეყანამ შეგვიფარა. დამაბრუნეთ ჩემს, თქვენს და ჩვენს აფხაზეთში!“

ნატალია შუბითიძე: „იცით, თქვენთან საუბრის მეშინია. მეშინია იმის, რომ არ დამიჭირონ. თქვენ, ბატონო ყოფილო პრეზიდენტო ედუარდ შევარდნაძევ - დევნილად, ხოლო სააკაშვილო - ნაგვის მქექავად მაქციეთ! მშია, მშია და კიდევ სამჯერ ვიტყვი: მშია. ჩვენ აფხაზეთში აფხაზები ისე არ გვექცეოდნენ, როგორც ესენი გვექცევიან, პენსია 100 ლარი, დახმარება 22 ლარი მაქვს. მითხარით, სამსულიან ოჯახს 122 ლარი ეყოფა? იცით, ყოველი გათენების მეშინია და ვფიქრობ, რით გამოვკვებო ოჯახი. თავზე გვენგრევა ეს შენობა. გთხოვთ, როგორც ადამიანი - ადამიანს, გაგვიყვანეთ აქედან!“

***

ამ თემასთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ეკა გულუას. მან ელექტრონული ფოსტით გვიპასუხა: „სწორედ აღნიშნული ცუდი პირობების გამო, ამ ობიექტიდან 53 დევნილი ოჯახი ქუთაისში, გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებში გადავიყვანეთ. ნაწილმა კი მაშინ გადასვლაზე უარი თქვა. მათი გადაყვანა მაშინ მოხდება, როცა ქუთაისში რამდენიმე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება 22 ლარიან დახმარებას, გვესმის, რომ საკმარისი არ არის, თუმცა თანხის გაზრდა არ არის დაგეგმილი.“

ფიცი მწამს, ბოლო გვაკვირვებს: დევნილთა პირობების გაუმჯობესებისთვის ევროკავშირი ასობით მილიონ ლარს ხარჯავს. ნუთუ, იქიდან ამ ხალხისთვის სულ არაფერია გამეტებული?

მაგრამ ისევ მოდის არჩევნები და ისევ დაფაცურდებიან ჩინოვნიკები...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია