დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სისხლიანი რუსთაველი
2011/05/30 12:38:41

„ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა...“

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს... 

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა...

ნიკო გომელაურის ყველასთვის ცნობილი ეს ლექსი ყველაზე მკაფიოდ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა.

სიტუაცია არ იყო ახალი და უცხო - ჯერ აქციები, გაურკვეველი მოთხოვნებით და შემდეგ დარბევა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი  გაზის გამოყენებით. ეს ამბავი ზოგს 1989 წლის 9 აპრილს, ზოგსაც 2007 წლის 7 ნოემბერს აგონებს. ფაქტები თითქმის იგივეა, ისევ პროტესტი, ისევ დარბევა და ისევ ერთ, შედარებით დაბალანსებული არხის ინფორმაციაზე დამოკიდებული დანარჩენი მოსახლეობა.  მაგრამ ამ მოვლენებს შორის განსხვავება უფრო მეტი და ძირეულია, ვიდრე მსგავსება. 1989 წელს მოსახლეობა ერთსულოვანი იყო, 2007 წელს - მეტ-ნაკლებად, ხოლო წინა კვირას მიმდინარე მოვლენებში კი თითქმის ყველა სახალხო კრებასა და ნინო ბურჯანაძეს ადანაშულებს.

აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ ბებერი ალაზანში კიდია“...

სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები რევოლუციას ხან კახეთში, ხანაც ბათუმში აწყობდნენ, თუმცა ყველანი - ცალ-ცალკე. სახალხო კრებამ კი მთავრობის გადასატრიალებლად თავისუფლების მოედანი და, პარალელურად, ბათუმი აირჩია. იტალიური პარტიზანული  სიმღერის „ბელა ჩაოს“ თანხლებით, საპროტესტო აქცია წინ და უკან მოძრაობდა - თავისუფლების მოედნიდან ჯერ კოსტავას გამზირზე, ტელევიზიის წინ და შემდეგ - ისევ უკან, პარლამენტთან.

 

რა იყო აქციის მიზანი? 

სახალხო კრების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მთავარი მიზანი იყო „ტოტალიტარული“ ხელისუფლების შეცვლა. თუმცა  აქციის მონაწილეებისთვის, როგორც ჩანს, უცნობი იყო, რა სურდათ ოპოზიციის ლიდერებს, ვინაიდან მათი უმრავლესობა სხვადასხვა გაურკვეველ მიზეზს ასახელებდა. ბოლო დღეებში  გავრცელებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ აქციაში მონაწილეობისთვის ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას გარკვეულ საფასურს უხდიდნენ. არიგებდნენ დროშის ტარებსაც, რომელთაც დროშა არ მოჰყვებოდა და მომიტინგეები სულ სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.

სააკაშვილის რეჟიმის დამხობა დროებით  ნაკლებ პრიორიტეტული გახდა პირდაპირი ეთერის მოთხოვნასთან შედარებით. პარადოქსულია, მაგრამ ნინო ბურჯრანაძე და მისი მოკავშირეები პირდაპირ ეთერს მაშინაც კი ითხოვდნენ, როცა მათი აქცია მეორე არხის ეთერში სრულად ტრანსლირდებოდა. ბოლო დღეებში კი გაირკვა, რომ სახალხო კრებას აღლუმის ჩაშლაც სურდა. მოლოტოვის კოქტეილებითა და დროშის ტარებით შეიარაღებული მომიტინგეები თავად დადგნენ პარლამენტის წინ, აღლუმისთვის გამართულ სცენაზე.

„დიახ, სახალხო კრება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს აღლუმი მშვიდად. ეს ჩვენი ღირსების საქმეა,“ - განაცხადა აქციის მორიგ გამოსვლაზე ნინო ბურჯანაძემ.

 

ჩამოვა - არ ჩამოვა, ჩამოვა? - აღარ ჩამოვა

„მრავალმხრივი“ მოთხოვნების ფონზე აქცია რამდენიმე დღე მაინც გრძელდებოდა და „მრისხანების დღის“ მოლოდინში ქართული პარტია ლევან გაჩეჩილაძესთნ ერთად სახალხო კრებას შეუერთდა. იყო ხმამაღალი განცხადებები ეიფელის კოშკიდან, მიმართვა ჯარისკაცებისადმი, დაპირებები თავისუფლების ონკანის გადაკეტვასა და „რუსული ჩექმის დაბრუნების შესახებ“.

ირაკლი ოქრუაშვილი (ტელეკომპანია „მაესტრო“-ს ეთერში გაკეთებული განცხადება): „25-ში, როგორც მინიმუმ, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დავასრულოთ დიდი დანაკარგების გარეშე...“

ოქრუაშვილი აღარ ჩამოვა! - ქართული პარტიის ეს განცხადება თითქოს არ იყო მოულოდნელი. არც თავად ნინო ბურჯანაძისთვის, რომელმაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს „ლაჩარი“ უწოდა. სოზარ სუბარისა და ეროსი კიწმარიშვილის მიერ გაკეთებული „გამამართლებლი“ განცხადებების მიუხედავად, ნათელია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოსვლას არც აპირებდა. მისი ეს განცხადება მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო ხალხის მოსატყუებლად. 

მაესტროს ეთერში გაკეთებულ განცხადებაში ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს: „ვანო მერაბიშვილს თქვენი ეთერით ვეუბნები! ძალიან დიდი შანსი აქვს, გაუძლოს ცდუნებას, პირველ რიგში, და მეორე, ძალიან დიდი გამოცდა ექნება ჩასაბარებელი 25-ში მას. მითი მისი უძლეველობისა ერთ დღეში შეიძლება დაიმსხვრეს და მე ამას გავაკეთებ ნამდვილად, მე ამას გპირდებით“. ირაკლი ოქრუაშვილმა,         „თავისდაუნებურად“, კიდევ ერთხელ განამტკიცა „მითი ვანო მერაბიშვილის უძლეველობის შესახებ“. 

აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...

აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში.“

 

ბართლომეს ღამე თბილისში, თუ ჩხუბი მორევაზეა

„ჩხუბი მორევაზეო“ - განაცხადა აქციის დროს ნინო ბურჯანაძემ. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო კრების თითოეულმა წევრმა ძალიან კარგად იცოდა, 25 მაისის 24:00 საათამდე ჰქონდათ პარლამენტთან დგომის უფლება მომიტინგეებს მოუწოდებდნენ, მთელი ღამით დარჩენილიყვნენ. „იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიის შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ (24:00 საათი) არ დაიშლებიან, პოლიციას მათი დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნება,“ - „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა. მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სანქცირებულ აქციას ვადა ეწურება და მერიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონიერი ქმედება იქნება, რომ მოთხოვნას დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას მათი „ადეკვატური ძალის გამოყენებით“ დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნება. საერთაშორისო ნორმები კი ამ შემთხვევაში ქართულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ  არის.

ხელისუფლებას კი, რომელსაც სრული სამართლებრივი უფლება ჰქონდა აქციის დასაშლელად და თან მეორე დღეს აღლუმი უნდა გამართულიყო, რაღა დააკავებდა! სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ თბილისის მერიამ და შემდეგ სპეცრაზმელებმა მომიტინგეებს დაშლა სთხოვეს. მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევის  შემდეგ, სრულიად ლეგიტიმურად გადავიდნენ „ძალისმიერ“ მეთოდებზე.

მაგრამ სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და ძალაუფლების გადამეტებას შორის? ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე მოვლენების დროს ყოველთვის დისპროპორცია იყო და არც ბოლო შემთხვევაა გამონაკლისი. დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ვის უფრო მეტი მოხვდა, რომელ მხარს უფრო მეტი დაზარალებულია, რუსთაველზე მდებარე შენობები მომიტინგეების ჯოხებმა თუ სპეცრაზმელების ტყვიებმა რომ იმსხვერპლეს, - უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარი შედეგია - ორი გარდაცვლილი, ბევრად მეტი დაშავებული და დაპატიმრებული ადამიანი.

„მიუხედავად იმისა, რომ აქცია გასცდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არსებობდა აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში  არაპროპორციული იყო, რასაც ცხადყოფს გავრცელებული კადრები და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.  ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული აქციის არაერთ მონაწილეს. მათ ნაწილს არ მიეცა აქციის დატოვების საშუალება. არაპროპორციული ძალის გამოყენება განსაკუთრებით აშკარა იყო იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ იყვნენ მოქცეული,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ვინ არის დამნაშავე? 

-  სახალხო კრება, რომლის ლიდერებიც არავინ იცის, სად იმყოფებოდნენ დარბევის დროს. - ხელისუფლება, რომელმაც თავის ლეგიტიმურ უფლება-მოსილებას ბევრად გადააჭარბა და უფრო მეტიც, „სისხლიან“ რუსთაველზე იზეიმა დამოუკიდებლობის 20 წლისთავი. - თუ მოსახლეობა, რომელიც გზააბნეულია და არ იცის, ვინ არის მართალი და ვინ არა, ვის აქციაზე უნდა გამოვიდეს და რა უნდა გააპროტესტოს!

აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია