დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„როდის დაგვიძახებენ, გული მიწუხს შიმშილით!“
2011/05/23 12:38:30

სამტრედიაში უფასო  სასადილოს დახურვა ემუქრება?

2007 წელს, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ სტურუას ინიციატივით, ქალაქში უფასო სასადილო - „სახლი თანადგომა“ გაიხსნა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ააიპ „სახლი თანადგომას“ ხარჯთაღრიცხვა ასე გამოიყურება: 2009 წელი - 134400 ლარი, 2010 წელი - 135300 ლარი, 2011 წელი - 141000 ლარი. ჩვენ დავინტერესდით, თუ რაში დაიხარჯა 410700 ლარი და, შესაბამისად, შევეცადეთ, გაგვეგო, რამდენად კმაყოფილნი არიან სათნოების სახლის მომსახურებით უმწეოები.

 გასულ კვირას, „სახლ თანადგომას“ ადგილზე ვეწვიეთ. დღის 12:30 წუთია, კათარზისის ეზოში მოხუცები არიან თავშეყრილი. ისინი ერთმანეთში საუბრობენ:

- ნეტავი, როდის დაგვიძახებენ, გული შემიწუხდა შიმშილით.

- რა ვიცი, ამდენხანში ქე გაცივდება ქათმის ბარკალი.

- კაი, ქალო, ნუ წუწუნებ. ახლა ისე მშია, კი დამანაყრებს ცივი ქათამი.

ბენეფიციარების ნაკადი იმატებს. რამდენიმე მათგანი სოფლიდანაა ჩამოსული. საშუალო ასაკის მანდილოსნებსაც მოვკარით თვალი, პოლიეთილენის პარკებით ხელდამშვენებულნი შეუერთდნენ თანამოქალაქეებს. ხელჯოხიანი მამაკაცი მოემართება ეზოსკენ, სიმწრისგან ამოიოხრა და ჩაილაპარაკა, - ეჰ, მოვედი, კიდევ მოვედი.

ჩვენ ეზოში მსხდომ ადამიანებს გავესაუბრეთ.

- გამარჯობათ, როგორ ხართ?

- ვინ ხართ, შვილებო?

- ჟურნალისტები ვართ.

- უი, რა კარგია...

- აქ ხშირად მოდიხართ?

სერგო, 66 წლის, პენსიონერი: „დიახ, დაარსებიდან დღემდე. მარტოხელა კაცი ვარ, რით ვიკვებო? პენსია - 85, დახმარება კი 25 ლარი მაქვს. ეს თანხა გაზის, წყლის, დენის გადასახდელად არ მყოფნის. კათარზისში დღეში ერთხელ გვაჭმევენ. ახლა ქათმის ბარკალი იქნება, ყოველ ორშაბათს ხორცია ხოლმე.“

გიგლა სანიკიძე, 77 წლის, პენსიონერი: „მე მარტოხელა, ინვალიდი კაცი ვარ. ამ შენობაში ყოველდღე მოვდივარ. ეს, ჩემთვის მეორე სახლია. ძალიან მიჭირს, აქ დღეში ერთხელ გვაჭმევენ - ხან სუპს, ბრინჯს, ქათმის ბარკალს. მეტი რა უნდა გითხრათ, ბაბუ. ვცოცხლობ დაქცეულ საქართველოში.“

ქალბატონი, (ვინაობა არ გაგვიმხილა): „უიმე, დედიკო, ძალიან მეშინია თქვენთან საუბარი. კი, შვილებო, კათარზისში ხშირად მოვდივარ. აქ დღეში ერთხელ ვიკვებებით. დღეს კი ქათმის ბარკალია მენიუში, ისთე ბორშჩიც არის ხოლმე. საყოფი საღაა; ჩემო კარგო, მაგრამ ერთხელ ჭამა არ გვყოფნის. რა გინდა, რომ ჰქნა? ასეა ჩვენთვის ეს ცხოვრება.“

გულნარა სტურუა, პენსიონერი: „უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობ. დღეში ერთხელ კვებისათვის, სათნოების სახლში მოვდივარ. აბა, რას მეტყვით, ესაა ცხოვრება? მეუღლე რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა.  რამდენიმე თვეა, მარჩენალის პენსიას მიქვითავენ და 90-ის ნაცვლად 80 ლარს ვიღებ. ამ ამბის გასარკვევად თბილისში წავედი, იმიტომ, რომ აქ ვერავინ ვერ გამცა წესიერი პასუხი. იქ მითხრეს, რომ ჩემს საქმეს შეისწავლიან. ისიც თქვეს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირადაა სამტრედიაში და ბევრი რამე აქვთ გასარკვევი. ჩემი მეუღლე ახალგაზრდობიდან, ასე ვთქვათ, სიკვდილამდე აქ მუშაობდა. აქ კი მითხრეს, 20 წლიანი სტაჟი აქვსო. სიმართლე  ვერ გავიგე. ვხედავ, რომ მატყუებენ. სიმართლეს აუცილებლად გავარკვევ და ფულს, რომ მართმევენ, დავიბრუნებ.

გარდა ამისა, სახლი სავალალო მდგომარეობაში მაქვს. დახმარებისათვის ძალიან ბევრჯერ მივედი გამგეობაში, მაგრამ არავის ანაღვლებს ჩემი პრობლემები. უკვე აღარც მახსოვს, რამდენჯერ დავწერე განცხადება. ამ ხნის ქალი ვარ და ჩემს გაჭირვებას ყურად არავინ იღებს. კიდევ  მინდა ბევრი რამის თქმა, მაგრამ მოხუცი ვარ მაინც და, არ მინდა, ბოღმით ვიყო სავსე. თუმცა ელემენტარულ ყურადღებასაც რომ არავინ გვაქცევს, ხომ გულდასაწყვეტია. ისე წავიდა ჩემი საქმე, აქ საჭმელის გამო მიწევს სიარული. ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.“ (ტირის გულნარა ბებო.)

რომანოზ ორმოცაძე, 58 წლის: „30 ლარიანი დახმარებით ვირჩენ თავს. აქ საჭმელს რომ გვირიგებენ, ნახევარი სახლში მიმაქვს და სახლში ვჭამ. მარტო ვცხოვრობ, არავინ არ მყავს. მარტოხელობის დახმარებასაც არაფერს არ ვიღებ. არ გეკუთვნისო, მეუბნებიან. ფიზიკურად ძალიან ცუდად ვარ. წამლებმა მთლად მომიღეს ბოლო. იძახიან ფასდაკლებებიო და ისე ძვირი ღირს, ერთ თავსაც ვერ ვყიდულობ. ფიზიკურად არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სადმე ვიმუშავო. ძალიან ცუდ დღეში ვარ, დახმარება სახელმწიფოდან საერთოდ არ მაქვს.“

 

***

„სახლი თანადგომის“ კარები 1:00 საათზე გაიღო, უმალ ხალხი მიაწყდა შენობას. ჩვენც შევყევით უმწეოებს. ასაკოვანი კაცი მშიერ ხალხს მიესალმა და გაწყობილ მაგიდასთან მიიპატიჟა. რამდენიმე წამში კი ადამიანების ხმაური შეწყდა, მხოლოდ გაყინული ქათმის ბარკლისგან მომზადებული წვნიანის ხვრეპა ისმოდა...

ჩვენ იმ კაცს გავესაუბრეთ, რომელიც მაგიდასთან იწვევდა ადამიანებს.

მიულერ ჯინჭველეიშვილი, ააიპ, (არასამეწარმეო, არა კომერციული, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის) იურიდიული პირი „სახლი თანადგომის“ მენეჯერი: „ეს უმწეოთა სახლი უკვე მეოთხე წელია, რაც მუშაობს. ჩვენი დეპუტატის თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი. ყოველდღიურად მოდის 2-3 კაცი. საერთოდ, სადილს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც სიაში არიან აღრიცხულები. მაგრამ რა ვუქნა იმათ, ვისაც შია? როგორ ვუთხრა ადამიანს საჭმელზე უარი? ცოდვები ხომ არიან. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ კვებით ყველანი კმაყოფილებია. ზოგი აქ ჭამს, ზოგს კი სახლში მიაქვს. სხვა მხრივ, აბა, რა გითხრათ. ნორმალური პირობები გვაქვს. ამ ადამიანებს ბოლომდე ვემსახურებით. საკვები გრამობით გვაქვს. ორშაბათობით ქათამი არის, სამშაბათს - კატლეტი და ა.შ. მხოლოდ ერთფეროვანი კერძები არ გვაქვს.“

უფრო დაწვრილებით გვესაუბრა „სახლი თანადგომის“ დირექტორი რამაზ თევზაძე: ჩვენ ნაწილობრივ ადგილობრივი თვითმმართველობა გვაფინანსებს, ხოლო დანარჩენი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა. კათარზისის დაარსების ინიციატორი როგორც გამგეობა, ასევე საკრებულო იყო. ააიპ სახლში 140 ბენეფიციარია რეგისტრირებული, 60 მარტოხელაა, დავრდომილებისათვის კერძი ოჯახებში მიგვაქვს. გარდა ამისა, მათ, თუ კი რაიმე პრობლემა აქვთ, ჩვენი სოც. მუშაკი შეძლებისდაგვარად ეხმარება. 38 ოჯახი ახლო სოფლიდან მოდის. ჩვენ მათ მგზავრობის უფასო ბილეთები გადავეცით. შეძლებისდაგვარად ამ ადამიანებს გვერდით ვუდგავართ. რაც შეეხება სადილს, ძალიან ხარისხიანი კერძებია, რომელიც შემიძლია თავადვე მივირთვა. მიუხედავად იმისა, რომ კათარზისში ბენეფიციართა სიები გვაქვს, ლაპარაკი არის, რომ შესაძლოა, კათარზისებმა შეწყვიტონ არსებობა და ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ „სახლი თანადგომა“. იმიტომ, რომ საქართველოში კარგი ცხოვრების ფონი არ არის შექმნილი და ხალხს დახმარება სჭირდება. ოპონენტებისათვის ეს პიარისათვის გამოსაყენებელი თემაა,მაგრამ ისინი კონკრეტულად არ არიან სათნოების სახლში ნამყოფნი და პრობლემებს არ იცნობენ. როცა საკრებულოში ამ თემაზე მსჯელობა დაიწყება, მაშინ ამბობენ, რად გვინდა სათნოების სახლისთვის ამოდენა თანხაო. მაგრამ ხალხისათვის ეს დახმარება აუცილებელია. გარდა ამისა, 450 გრამ პურს უფასოდ 334 ოჯახი იღებს. ბენეფიციართა არჩევანია, პური სახლში წაიღონ, თუ ადგილზე მიირთვან. თუ კი რომელიმე სადილზე არ მოვიდა, მათთვის გამოყოფილი საკვები უნდა გადავღვარო. მათთან უშუალოდ სოციალური მუშაკი მიდის, იგებს, რატომ არ მოვიდა მოქალაქე, თუ მას პრობლემა აქვს, საავადმყოფოში გადავიყვანთ, სადაც უფასოდ ვუმკურნალებთ. 2009, 2010, 2011 წლის ბიუჯეტს, რაც შეეხება, სულ 424637 ლარი გვაქვს დახარჯული. შემიძლია დაწვრილებით ჩამოგითვალოთ, თუ რაში დაიხარჯა ეს თანხა.

 

***

ააიპ „სახლი თანადგომა“ სოციალურად დაუცველებს უმწვავეს პრობლემებს მთლად ვერ უგვარებს, მაგრამ კეთილ საქმეს ხომ მაინც აკეთებს. არადა, სამტრედიაში არცთუ უსაფუძვლოდ ეჭვობენ, რომ იგი შეიძლება დაიხუროს. ეს ჩვენთან საუბრისას არც სახლის  ხელმძღვანელობას დაუმალავს. ნუთუ, მშიერ ხალხს ამ მცირედ ულუფას და იმედსაც წაართმევენ?

 

ნანა კუკულავა

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია