დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პალიატიური მზრუნველობა ავადმყოფებს იმედით ავსებს
2010/04/19 13:16:21

ორი თვის წინ ქუთაისში ორი პროგრამა ამოქმედდა - ერთი შიდსით დაავადებულთა პალიატიური მზრუნველობისა და მეორე - ონკოინკულაბერული ავადმყოფების პალიატიური მზრუნველობისა. ამ პროგრამების ფარგლებში ორი მობილური ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც იმ ადამიანებს, ვისაც პალიატიური მზრუნველობა სჭირდება, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ. ქუთაისში შიდსის პროგრამას ექიმი-ინფექციონისტი ვასილ გოდუაძე ხელმძღვანელობს, ონკოინკულაბერული პაციენტების პალიატიურ მზრუნველობას - ექიმ-თერაპევტი სერგო კოსტავა.

 

პროექტს პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაციის ცენტრი ხელმძღვანელობს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და „გლობალ ფონდი“ აფინანსებენ. პროექტის ფარგლებში პაციენტები სამ ძირითად ჯგუფადაა დაყოფილი: ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულები, ონკოლოგიური დაავადებების მეოთხე სტადია ავთვისებიანი სიმსივნის და არაონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები. ამ ბოლო კრიტერიუმში კონკრეტული დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც მოიცავს პაციენტებს, პალიატიურ მზრუნველობას რომ საჭიროებენ. თუმცა ამ ადამიანების აყვანა ვერ ხერხდება, რადგან ონკო-დაავადებულების და შიდსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაცილებით დიდია, ვიდრე ამას პროექტი ითვალისწინებს.

მობილური გუნდი, რომელიც დღეს ქუთაისში შიდსით და ონკოინკულაბერულ პაციენტებთან მუშაობს, ერთი ექიმით, ექთნით და სოციალური მუშაკებითაა დაკომპლექტებუ;ლი. მათი მუშაობის არეალი მხოლოდ ქუთაისია. თუმცა მოთხოვნა ახლომდებარე რაიონებიდანაცაა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ქრონიკულად დაავადებული პირების პალიატიური მზრუნველობის ინსტრუქცია, კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული. განსაზღვრულია წესი, თუ რა უნდა გააკეთოს მობილურმა გუნდმა, როგორ უნდა იმოქმედოს და რა არის მისი ამოცანები და მიზანი. პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაციის ცენტრის მიერ შემუშავებულია პაციენტის შერჩევის კრიტერიუმებიც.

იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თემურ იმედაძის განცხადებით: „ჩვენი მიზანია, ამ ხალხს ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ურთიერთობა საზოგადოებასთან. ავადმყოფთან, კანონის თანახმად, ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მასთან ურთიერთობას ვიწყებთ. მობილური ჯგუფი ბინაზე ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობას, და პაციენტებს მედიკამენტების და სამედიცინო მასალების მინიმალური პაკეტით უზრუნველყოფს. მუშაობის დაწყებიდან დღემდე 2500 ლარის წამლები და სხვა სამედიცინო საშუალებები გვაქვს გადაცემული პაციენტებისთვის.“

როგორც პალიატიური მზრუნველობის შიდსის პროგრამის ხელმძღვანელი ვასილ გოდუაძე ამბობს: „ჩვენთან პაციენტის ანონიმურობა დაცულია, მხოლოდ კოდირება ხდება. ბევრმა უკვე გაიგო ამ მობილური ჯგუფის შესახებ და თავადაც გვიკავშირდება. ჩვენ გავდივართ ადგილზე, ბინაზე. ვიზიტის პერიოდულობა პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შიდსით დაავადებული ადამიანები დღეს ჩაიკეტნენ და ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი კვლავ დავუბრუნოთ. მაგრამ ჩვენთან ღიად მოსვლა მაინც ერიდებათ. რადგან ამ ადამიანებს თავი „ჩაძირულები“ ჰგონიათ, ამიტომ მათთან ფსიქოლოგიური დახმარებაა საჭირო.“ დღეს ქუთაისში შიდსით დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა არამყარია. თუმცა მობილურ ჯგუფს ამ ადამიანთა შესახებ ინფორმაციას თბილისის შიდსის ცენტრი აძლევს. ორი თვის მანძილზე გუნდმა ქუთაისში რამდენიმე ინფიცირებული მოინახულა და თითო პაციენტთან დაახლოებით 10-15 ვიზიტი განახორციელა.

ონკოინკულაბერული პაციენტების პალიატიური მზრუნველობის ექიმ-თერაპევტ სერგო კოსტავას თქმით: „ჩვენთან ის პაციენტები არიან, რომელთაც აქვთ ონკოინკულაბერული დაავადების მეოთხე სტადია. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო კუთხით ჩარევა ამოწურულია. ამიტომ მათ მხოლოდ პალიატიური დახმარება სჭირდებათ. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ციფრი ონკოდაავადებულებისა, რადგან ეს ციფრი იცვლება, არის მატებაც და კლებაც. ჩვენთან, პროექტში, თავდაპირველად აყვანილი ადამიანების 60% უკვე აღარ არის ცოცხალი. თუმცა მათ ახალი 60% ჩაენაცვლა. პაციენტს ექიმი კვირაში ერთხელ, ხოლო ექთანი ორჯერ ნახულობს. ამ ეტაპზე 20-მდე პაციენტი გადის პალიატიურ მზრუნველობას და შედეგი ის არის, რომ ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები მობილურ ჯგუფს იმედით ელიან.“

პაციენტები ქუთაისის მასშტაბით დროის კრიტერიუმით შეირჩა. მობილური ჯგუფი ერთ ავადმყოფთან ვიზიტს 40 წუთს ანდომებს. თუმცა დღეს მოთხოვნა რაიონებიდანაცაა. როგორც იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თემურ იმედაძე აცხადებს, რაიონებში გასვლა შეუძლებელია, რადგან საწვავი, რაც მობილურ გუნდს პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისთვის ეძლევა, მხოლოდ ქალაქში მოძრაობისთვისაა საკმარისი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია