დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას სთხოვს ხელისუფლებას დევნილი მოხუცი?
2010/10/25 16:17:39

ტიციან ტაბიძის ქუჩის №23-ში ადრე რკინიგზის მე-12 საშუალო სკოლა მდებარეობდა. ახლა ამ შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (სოხუმიდან) იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობენ. ხის მოყანყალებული იატაკი, რკინის ჟანგიანი კარები, ერთ ოთახში შესახლებული მრავალსულიანი ოჯახები - ასეთი სურათი დამხვდა ადგილზე მისულს.

 

ჟენია კახეთელიძე ვიკითხე და ოთახიც მიმასწავლეს. ხანდაზმულმა ქალბატონმა იმედიანი მზერა მომაპყრო. რკინის საწოლზე იჯდა, მაგიდაზე კი წყალი, ქვაბები, გაურეცხავი თეფშები და წამლები დაეხვავებინა. საწოლის ქვეშ თასი იდგა... სიღრმეში ინვალიდის ეტლსაც მოვკარი თვალი.

 - ორი წელი და რვა თვეა, შვილო, მწოლიარე ვარ. არც ქმარი მყავს და არც შვილები. საერთოდ ვერ ვმოძრაობ. თეძოში ვარ გადატეხილი. სამი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია. მაგრამ მერე დავეცი და ისევ ვეღარ ვინძრევი. ფეხები საშინელ მდგომარეობაში მაქვს, ცეროზის გამო გამიშავდა. ჟენია ბებომ შარვლის ტოტი აიწია და უსიცოცხლო, გაშავებული ფეხები დამანახა.

- იქნებ ვინმე დამეხმაროს და ერთოთახიანი ბინა გამომიყონ, ტუალეტი რომ ახლოს მქონდეს. ლტოლვილთა სამინისტროდან არაფერი შემოუთავაზებიათ, ჭორის დონეზე ვიცი, რომ თითქოს საღორიაზე მაძლევენ ბინას, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამთ ჩემთვის. ჩვენს უფროსს ვურეკავდი, აფციაურს, ყურმილს არ იღებდა და ვერ დაველაპარაკე. ინვალიდის ეტლს, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი არჩევნების წინა დღეებში რომ მინახულა, მაშინ დამპირდა, მოგცემო და გამომიგზავნა კიდეც. დამეხმარეთ, ძალიან მრცხვენია, სანამ უნდა შევაწუხო მეზობლები?

იქვე მდგარ ქალბატონებსაც გავესაუბრე.

მერი ნემსიწვერიძე, მეზობელი: „მე თვითონ ავადმყოფი ქალი ვარ. მაგრამ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ხომ ვერ მივატოვებთ მეზობლები? საჭმელსაც ჩვენ ვუკეთებთ. იქნებ როგორმე ერთოთახიანი ბინა გამოუყონ. რამდენი სახლი გარემონტდა ლტოლვილებისთვის, ხომ შეიძლება ასეთ გაჭირვებულ ქალსაც მისცეთ, რომელიც სრულიად უპატრონოა ამ ქვეყანაზე? იქნებ მომვლელი მაინც დაუქირაოთ?

ქალბატონი ჟენიას პრობლემის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა ასე განგვიმარტა:

- ქალბატონი ჟენიას მეზობლები იყვნენ ჩვენთან. გვთხოვეს, მომვლელი დაგვექირავებინა მისთვის, მაგრამ თანხები არ არის გამოყოფილი მსგავსი შემთხვევებისთვის. ამ სახლში მცხოვრებლებს ჩვენ შევთავაზეთ გარემონტებული ბინები თაბუკაშვილზე და ყოფილ სამხედრო ლიცეუმში, მაგრამ უარი გვითხრეს, ცენტრში გვინდა სახლიო. ცენტრში კი, მოგეხსენებათ, არ არის ისეთი შენობები, სადაც მოხდება მათი შესახლება. რაკი უარი გვითხრეს, გადავწყვიტეთ იმ სახლის გარემონტება, სადაც ცხოვრობენ. სპეციალისტები გვყავდა მიყვანილი შესასწავლად. მაგრამ ავარიული სახლი აღმოჩნდა და ვერ აღდგება. ამიტომ მომავალში აუცილებლად შევთავაზებთ სხვა ადგილზე ბინებს და აუცილებლად დავაკმაყოფილებთ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ალბათ, მთავარია არა ტყუილის და მართლის გარკვევა, არამედ ის, თუ როგორ მალე მოხდება ჟენია კახეთელიძის დახმარება, რათა დევნილმა ადამიანმა დარჩენილი სიცოცხლე შედარებით მშვიდად გაატაროს.

 

სალომე კაპჭელაშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია