დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლომ ქუთაისის საკრებულოს სატელეფონო დავალიანების ანაზღაურება დააკისრა
2010/03/22 13:28:46

ახლახან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის საკრებულოს სახელით თავის მართლება მის წარმომადგენელს მოუწია. საქმე წინა მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებისაგან „მემკვიდრეობით“ დარჩენილ სოლიდურ სატელეფონო დავალიანებას ეხება.

1999 წლიდან 2006 წლამდე ქუთაისმა ორი მოწვევის საკრებულო გამოიცვალა. დავალიანება 1999 წლიდან იწყება, მაშინ, როცა ქუთაისის  „საკანონმდებლო ორგანოს“ სათავეში ლეიბორისტი მალხაზ ასათიანი ჩაუდგა, საკრებულოს წევრთა შორის კი ბონდო შალიკიანი „ბრწყინავდა“. 2002 წლიდან ახალი მოწვევის საკრებულოს დავით ბენიძე ხელმძღვანელობდა. სატელეფონო კომპანიის შპს „ახალი ქსელების“ მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილმა დავალიანებამ 50 ათას ლარამდე მიაღწია. საკრებულო აღნიშნულ დავალიანებას არ აღიარებს. დავა სასამართლოში გაგრძელდა, პირველად ეს საქმე ქუთაისის სასამართლომ 2009 წლის ნოემბერში განიხილა. მოსამართლემ შპს „ახალი ქსელების“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი საქმის „ხანდაზმულობის“ გამო თქვა. ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს, მოსამართლემ კი მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 1999 წლიდან უნდა დაწყებულიყო.

საქმის განხილვამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. ის სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე სიმონ ჩხაიძის თავმჯდომარეობით განიხილა. სააპელაციო სასამართლომ ქალაქის სასამართლოსგან განსხვავებული ვერდიქტი გამოიტანა: მან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია.

გაირკვა, რომ საკრებულო დავალიანებას ნაწილ-ნაწილ ფარავდა და ამით არსებულ დავალიანებას ამცირებდა.

შესაბამისად, საკრებულოს მტკიცება შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ ძალას კარგავს, რადგანაც თუკი მხარე იხდის დავალიანებას, თუნდაც ნაწილ-ნაწილ, ამით ის აღიარებს კიდეც მას.

ქუთაისის საკრებულო კი 2005 წლიდან, როგორც მიმდინარე, ასევე წინა წლების დავალიანების ნაწილსაც იხდიდა. პალატამ არ გაიზიარა საკრებულოს მხარის მტკიცება, რომ ამ თანხას ისინი არა არსებული დავალიანების, არამედ, მომავალში გასაწევი მომსახურების ავანსად იხდიდნენ. ამდენად, ქუთაისის საკრებულოს „ახალი ქსელების“ სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, მასვე დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 ათას 327 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია