დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბუაძეების ოჯახის ტრაგედია
2010/02/22 12:28:36

1924 წლის აგვისტოს ღამე იყო. ახალგაზრდა ძმებს - ვასილს (ვარდენს) და სოსოს (ევსევს) ქუთაისური სახლის აივანზე მშვიდად ეძინათ.

სწორედ ამ დროს ხმაურით შემოცვივდნენ ჩეკისტები...

და აქაც დატრიალდა ტრაგედია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების სისხლიან რეპრესიებს არაერთი ოჯახისათვის მოუტანია.

შრომისმოყვარე, მთელ ქუთაისში სიკეთითა და პატიოსნებით გამორჩეულ რაჟდენ ბუაძეს და მის სათნო მეუღლეს, ანას (ნუშკის) მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდათ. ვასილი და სოსო მათ შორის უფროსები იყვნენ.

ძმები, ისევე როგორც მილიონობით ადამიანი, 20-30-იანი წლების საბჭოურ რეპრესიებს შეეწირნენ. ამ ერთი რიგითი ქუთაისური ოჯახის მაგალითზეც კარგად ჩანს ტოტალური რეჟიმის უსასტიკესი ძალა, ის საყოველთაო უსამართლობა, განუკითხაობა, ბოროტება, ადამიანის უფლებების აბუჩად აგდება, დაუნდობლობა, რაც საბჭოთა ხელისუფლებას, ბოლშევიზმს სჩვეოდა.

ჩვენს ხელთაა გულიკო (ბადალიკო) ვასილის ასულ ბუაძე-შალამბერიძის მოგონებები, რომელშიც თავისი დიდი ოჯახის ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს.

 

- დავიბადე 1921 წელს, ქუთაისში, ყოფილ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სახლი ?28. - ყვება ქალბატონი გულიკო,  - მამაჩემის, ვასილის, მშობლები იყვნენ რაჟდენ ბუაძე და ანა (ნუშკი) ჭეიშვილი-ბუაძისა. რაჟდენ ბაბუა დაბადებული იყო ქუთაისში, მუშაობდა ფინგანში, ხოლო ბებიაჩემი წარმოშობით სოფელ ბანოჯიდან იყო, მეოჯახე. რამდენადაც მე მახსოვს და გადმოცემით ვიცი ჩემიანებისგან, ბაბუაჩემ რაჟდენს და ბებიაჩემ ანას ჰყავდათ 14 შვილი: ვასილი (ვარდენ), ევსევი(სოსო), ევგენია (ცაცა), გიორგი (გოგი), თინა, თამარი (გოგუცა), პავლე (ქოჩია), მარგო (მაგაკო). 6 მცირეწლოვანი შვილი ადრევე გარდაეცვალათ.

გადმოცემით, ჩემი მამის შესახებ ვიცი შემდეგი: დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სტუდენტობაში შეირთო ჩემი დედა, თამარი, რომელიც დაიბადა სოფელ მუხიანში, აზნაურის ოჯახში. მამამისი, გიორგი ჯეგნარაძე, ეწეოდა სოფლის მეურნეობას. დედაჩემს დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის ქალთა გიმნაზია. გათხოვების შემდეგ იყო მეოჯახე, ხოლო მამაჩემის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ქუთაისის სახელგამში.

1924 წელს, აგვისტოს თვეში, როდესაც მამაჩემს და მის ძმას სოსოს (ევსევს) ეძინათ აივანზე, მეორე სართულზე, ღამით მოსულან ჩეკისტები და ისინი დაუპატიმრებიათ. მშობლები ჩეკაში აკითხავდნენ ბიჭებს და მათ ეუბნებოდნენ: გაირკვევა ყველაფერი, ბატონო რაჟდენ, თქვენს შვილებს არავინ კადრებს ცუდსო, მაგრამ, სამწუხაროდ, მამაჩემი და მისი ძმა დახვრიტეს. ამის შესახებ მთავრობამ ოჯახს არაფერი აცნობა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბაბუაჩემს საიდუმლოდ გაუგია მისი ვაჟიშვილების დახვრეტა. მან მოისყიდა საფიჩხიის სასაფლაოს ორი დარაჯი, რომლებმაც იცოდნენ, რომ დახვრეტილი ხალხი ჩაყრილი იყო ერთ დიდ ორმოში. ბაბუაჩემმა დარაჯებს ამოათხრევინა ორმო, სათითაოდ ამოაყვანინა ყველა მკვდარი, მაგრამ მისი შვილები ვერ იპოვა. ამის შემდეგ ბაბუამ გადაწყვიტა თავის მოკვლა, დაწერა ანდერძი: „მართალია, ჩემი შვილები ვერ ვნახე, მაგრამ მაინც ორმოსთან დამასაფლავეთო.“ დანარჩენმა შვილებმა არ მისცეს თავის მოკვლის საშუალება. როგორც მახსოვს, ბაბუაჩემი, რაჟდენ ბუაძე, გარდაიცვალა 1930 თუ 1931 წელს.

მამაჩემი რომ დახვრიტეს, მაშინ ის ყოფილა სამედიცინო ფაკულტეტის მესამე თუ მეოთხე კურსის სტუდენტი, ხოლო სოსო სწავლობდა თბილისში, საინჟინროზე, იყო უცოლშვილო. ორივენი სამშობლოს ძლიერი მოყვარული იყვნენ.

რაჟდენ ბაბუას და ნუშკი ბებიას დანარჩენი შვილების ბედი ასე წარიმართა:

ჩემი მამიდა, ცაცა, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ძმების დაპატიმრების შემდეგ თბილისის ჩეკას ციხის კარებთან მთელ ღამეებს ათევდა მშიერ-მწყურვალი, სიცივეში. დარაჯობდა, რომ ეტაპით მიყვანილ ქუთაისელ პატიმრებში ეცნო თავისი ძმები. ყველაფერი დამთავრდა უშედეგოდ, ძმები ვერ ნახა, გაცივდა, დაემართა ტუბერკულოზი და გარდაიცვალა.

გიორგი (გოგი) ბუაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. მის მეუღლეს ევგენია (ჟენია) ნიჟარაძეს ჰქონდა საშუალო განათლება, იყო საბავშვო ბაღის მასწავლებელი ქუთაისში და ცხოვრობდნენ ბაბუაჩემის სახლში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (ამჟამინდელი გ.ტაბიძის ?56). გიორგი მუშაობდა ეკონომისტად. გარდაიცვალა 1936 წელს.

თინა მამიდა ქუთაისში მუშაობდა ეკონომისტად, სხვადასხვა დაწესებულებაში, იყო თავის საქმის კარგი მცოდნე. ქმარ-შვილი ადრევე გარდაეცვალა.

თამარ (გოგუცა) მამიდამ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. იყო გაუთხოვარი, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დახურულ ბაღში მასწავლებლად. საქართველოში იყო ბაღის პირველი პედაგოგი, რომელიც დაჯილდოებული  გახლდათ ლენინის ორდენით.

პავლე (ქოჩია) ბუაძემ დაამთავრა რადიოტექნიკუმი, დაუსწრებლად - პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკის ფაკულტეტი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი მუშაობდა ქუთაისის რადიოკვანძში რადისტად. ცილისწამების ნიადაგზე (რადგანაც მისი ორი ძმა დახვრიტეს 1924 წელს, როგორც საბჭოთა წყობილების „მოღალატეები“), პავლეც დააპატიმრეს, 1941 წელს გადაასახლეს ციმბირში, ხოლო 1946 წელს გაათავისუფლეს. გადასახლებაში იყო მძიმე სულიერ, ეკონომიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაში. სწორედ ამ დროს გაიცნო პოლიტპატიმრის - ექიმ ვალენტინა ბოკკის ქალიშვილი, ტატიანა ივანეს ასული ბოკკი. ისინი შეუღლდნენ. პავლე გარდაიცვალა ქუთაისში, 1985 წელს. მისივე ანდერძით დაასაფლავეს საფიჩხიის სასაფლაოზე, დეიდაშვილის - ცნობილი სპორტსმენის გივი კილაძის გვერდით.

პავლეს დარჩა ერთადერთი ქალიშვილი ელიზავეტა ბუაძე, რომელიც ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექსტილის ტექნოლოგიისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი, ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი, მანჩესტერის საფეიქრო ინსტიტუტის ასოციაციის წევრი, ამერიკის ქალთა სამეცნიერო საზოგადოება Sigma-X-ის წევრი. მისი მეუღლე, ანზორ ხურცილავა არის პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „კრიმინალისტიკის ტექნიკისა და ექსპერტიზის“ მიმართულების ხელმძღვანელი. მათი ქალიშვილი, ია ხურცილავა, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატია, ამჟამად მუშაობს აკაკი წერეთლის სახელობის კოლეჯის დირექტორად. აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. ჰყავს ერთი ვაჟიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ანზორ ჩირგაძე.

მარგო (მაგაკო) ბუაძე თბილისის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში, უფროს მედდად. ომის წლებში, ქ. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში, საოპერაციო მედდა იყო. მოუწია დემობილიზაციამ და ისევ გააგრძელა საქმიანობა განყოფილებაში, უფროს საოპერაციო მედდად, საიდანაც საბოლოოდ გავიდა პენსიაზე. იყო პერსონალური პენსიონერი. დარჩა ორი შვილი.

ჩვენს ოჯახებს დიდი ტანჯვა აქვთ გამოვლილი.

მამის და ბიძის დახვრეტის შემდეგ რაჟდენ ბაბუამ დაანება სამსახურს თავი, დაჯდა სახლში და გარეთ არ გამოდიოდა, რითაც ოჯახი უმძიმეს ეკონომიურ პირობებში ჩავარდა. მამიდები და ბიძა პატარები იყვნენ, ამიტომ დედაჩემმა დაიწყო მუშაობა და ეხმარებოდა ოჯახს.

სულიერ და ეკონომიურ დახმარებას გვიწევდნენ უახლოესი ნათესავები და მეზობელი ოჯახები, კერძოდ, დავით კაკაბაძის ოჯახი, ჩახავების, ჩხაიძეების, რუხაძეების, მებურიშვილების ოჯახები, რომლებიც შიშის ქვეშ, მალულად, გვცემდნენ ნუგეშს. რაც შეეხება საკუთრივ ჩემს ოჯახს, მე, რეპრესირებულ ვასილ ბუაძის ქალიშვილს, გულიკო (ბადალიკო) ბუაძეს, მყავს სამი შვილი, უმაღლესი განათლებით და 7 შვილიშვილი. ჩემი ქმარი, შოთა შალამბერიძე, მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე იყო, მიღებული ჰქონდა ბევრი ჯილდო, მის საბრძოლო დამსახურებას მაღალ შეფასებას აძლევდა მარშალი გრეჩკო. იგი დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე.

 

***

გულიკო ბუაძე-შალამბერიძის მოგონებები 1995 წელსაა ჩაწერილი და შევსებულია ოჯახის სხვა წევრების შემდგომი მონათხრობითაც.

თხოვნით მივმართავ ქუთაისის საკრებულოს და მერიას, რომ დახვრეტილ ვასილ (ვარდენ) რაჟდენის-ძე ბუაძის, ევსევ (სოსო) რაჟდენის-ძე ბუაძის და უსამართლოდ გადასახლებული მათი ძმის - პავლე (ქოჩია) რაჟდენის ძე ბუაძის სახელების უკვდავსაყოფად ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ? 56 სახლს სიმბოლურად გაუკეთდეს თუნდაც უბრალო მემორიალური დაფა. ამით ჩვენს ვალსაც მოვიხდით უსამართლოდ რეპრესირებული ადამიანების ხსოვნის წინაშე და ახალგაზრდა თაობისთვისაც გადავშლით ქუთაისის ისტორიის ერთ ტრაგიკულ ფურცელს, რომელმაც მუდმივად უნდა ჩაგვაფიქროს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რწმენით.

 

ექიმი შოთა კაკაბაძე,

ქუთაისის საპატიო მოქალაქე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია