დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნანული ცხვედიანის ბლოგი: ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის ადრესატი
2016/05/21 14:24:00

("ო, არ იფიქროთ, რომ ლამაზების 

მწვავს სიყვარული, ან სიძულვილი...")


გუშინ, გაზეთ "ინდუსტრიული ქუთაისის" 1941 წლის 21 მარტის ნომრის ბიბლიოგრაფიაზე მუშაობისას, ერთი პატარა განცხადება აღმოვაჩინე, სადაც წერია:"ს. ვაჩნაძე, მ. თუთბერიძე, ლ. ასათიანი და შ. ქურიძე თანაუგრძნობენ ქეთო ხონელიძეს, მამის - იუსტინეს გარდაცვალების გამო."
ქეთო ხონელიძეს?!


იმ წამსვე მომაგონდა ლადოს თანაკურსელისა და მეგობრის, ჟურნალისტ შოთა ქურიძის პატარა მემუარული წიგნი "ჭაბუკი იყო, ქარბუქი იყო", რომელიც 80-იან წლებში დაბეჭდა გამომცემლობა "საბჭოთა აჭარამ". ამ წიგნის რამდენიმე ფურცელი სწორედ ამ ახალგაზრდა ქალბატონს ეთმობა.


ავტორი იხსენებს, თუ როგორ გააცნო ლადოს 1936 წელს, ქუთაისის მახლობლად, გოჯაიას მინდორზე მოწყობილ საბანაკო შეკრებაზე ყოფნისას, თავისი მეგობარი გოგონას ნათესავი - ქეთო ხონელიძე, რომელიც პედინსტიტუტის ქიმიის განყოფილებაზე სწავლობდა."დარწმუნებული ვიყავი, უსათუოდ მოეწონებოდაო,- წერს შოთა ქურიძე,- ნუცა ჩხეიძის დისშვილია- მეთქი, ვუთხარი. მოხდა ისე, როგორც მოველოდი - სტუდენტი ქალიშვილის სინაზემ, კეთილშობილებამ, პოეზიის ცოდნამ და უტყუარმა შეგრძნებამ, ამასთან გულითადმა თანაგრძნობამ და პატივისცემამ, რომელიც ლადოსადმი გამოიჩინა, მოხიბლა ახალგაზრდა პოეტი. ერთ ღამეს ლადომ სტუდენტთა წრეში თავისი ახალი ლექსი წაიკითხა, რომელიც იქვე დაწერა." (აქ შ. ქურიძე წარმოგვიდგენს "ქალ-ვაჟიანის" მოზრდილ ნაწყვეტს). "ქეთო ხონელიძემ, რამდენადაც მახსოვს, დიდად შეაქო ლადო, ლექსი ხომ მოუწონა და მოუწონა. კმაყოფილმა ლადომ მაშინვე მიაწოდა თავისი ლექსი, სახსოვრად გქონდესო. ამიტომ მას არავითარი მიძღვნა არა აქვს.." 


მერე კიდევ ერთი ლექსი დაიწერა...
"რაც უფრო უახლოვდებოდა ქეთო ხონელიძეს, მით უფრო იხიბლებოდა ლადო ამ ნაზი ქალიშვილის კეთილშობილებით და, ბოლოს, მშვენიერი ლექსი მიუძღვნა მას, იქვე, ბანაკში დაწერილი:
******
ქ.ხ.
"ისე უბრალოა ეს ლექსი, როგორც თქვენი გამოხედვა. პოეტისათვის ეგზომ ძვირფასია იგი, განსაკუთრებით ჭმუნვის ჟამს. ამიტომ, მერწმუნეთ, ეს ლექსი მხოლოდ ერთმა გამოხედვამ მოიტანა. ქალებზე ბევრს ვწერ, მაგრამ ქალისათვის არასოდეს არ მიწერია." ავტორის ამ ეპიგრაფის შემდეგ წარმოდგენილია ლექსი:"როგორც პეპელას მოფრენა ზაფხულის ცვრიან დილას და როგორც ვარდის მოფენა მწვანე წალკოტის პირას, გამომეცხადა მაგ სახე, წყნარი, ვით დილის რული..." და ა. შ.
ლადოსა და ქეთოს მეგობრობა ბანაკის შემდეგაც გაგრძელებულა.შოთა ქურიძის თქმით, "ამას ადასტურებს საახალწლო მილოცვა-ლექსი; იგი ფანქრით არის დაწერილი მხატვრულ ღია ბარათზე და აქვს ასეთი ეპიგრაფი:"ქეთევან! ახალ-ახალ მშვიდობაში, მრავალ ახალ წელს დაესწარი... მე თქვენ მაჯობეთ, რატომ? გასაგებია. ლ.ა." ლექსი უსათაუროა.


ქეთევან ხონელიძისათვის მიუძღვნია 21 წლის ლადო ასათიანს თავისი ცნობილი ლექსი "ძველი დღისათვის". შოთა ქურიძე წარმოგვიდგენს 1938 წლის 30 ივნისს შექმნილი ამ ლექსის თავდაპირველ ვარიანტს, რომელიც მელნით ყოფილა დაწერილი გაზეთ "ნორჩი ლენინელის" ბლოკნოტის ორ გვერდზე და ჰქონია სათაური და ეპიგრაფი:"ქეთევან ხონელიძეს
("ლადო, გილოცავთ ახალ წელს" . ქეთო.)
ო.. არ იფიქროთ, რომ გოგონების
მწვავს სიყვარული, ან სიძულვილი.
მე მხოლოდ ძველი დღის მოგონების 
და გახსენების მქონდა სურვილი.
და, აი, გუშინ, როცა კარადის
თაროზე წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი..."


ლექსს კიდევ 4 სტროფი აქვს. 
ავტორს შემდგომში მთლიანად ამოუღია ეპიგრაფი და მეოთხე -მეხუთე სტროფები, ასევე შეუცვლია ცალკეული სიტყვებიც. და პირადი ლექსი-წერილი სრულყოფილ მხატვრულ ნაწარმოებად უქცევია.
შოთა ქურიძე ამ ლექსთან დაკავშირებულ საგამომცემლო -ტექნიკურ ხარვეზებზეც საუბრობს და სვამს საკითხს, რომ აშკარა კორექტურა სხვა გამოცემებში უთუოდ უნდა გასწორდეს: უნდა ეწეროს არა"ქ. ნ.", როგორც იბეჭდება ხოლმე, არამედ -"ქ. ხ."(ქეთევან ხონელიძეს).

 

აი, ამ გოგონას თანაუგრძნობდა მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლადო. 
ძველისძველმა, გაყვითლებულმა საგაზეთო კომპლექტმა, რომელიც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული, ერთი კარგი გოგონას სახელი ამოატივტივა...


(ნანული ცხვედიანი. 21.05.2016. ქუთაისი)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია