დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
#ქუთაისური ოჯახები#
2009/07/02 08:55:39

24 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას „ქუთაისური ოჯახები“ სტუმრობდა - ასე ჰქვია ცირა შალაშვილის წიგნს, რომელშიც 9 ღირსეული ოჯახური კერის წარმომადგენლები არიან შესული.

წიგნში გვანცელაძეების, გიორგაძეების, გიორგობიანების, მაღლაკელიძეების, მურღულიების, ქაჯაიების, ღვინიანიძეების, ძიძიგურების, გველესიანების ოჯახების გენეალოგიაა წარმოდგენილი. მასალას თან არქივიდან ამოღებული, უნიკალური სურათებიც ახლავს.

წიგნის ავტორი და რედაქტორი ცირა შალაშვილია და ის ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამსახურის ნაწილობრივი დაფინანსებით გამოიცა. პროექტი წიგნში შესულმა ოჯახებმაც დააფინანსეს.

ქალბატონ ცირა შალაშვილს იდეა ჯერ კიდევ „საღამოს ქუთაისის“ რედაქტორობის პერიოდში გაუჩნდა, სადაც საავტორო რუბრიკა „ქუთაისური ოჯახები“ მიჰყავდა.

„ეს არის პირველი პრეცედენტი, რომ ქართული ოჯახების შესახებ წიგნი გამოდის. ამ წიგნის გამოცემაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, როდესაც მთლიანად ეროვნულობას და ჩვენს სულიერ სამყაროს ემუქრება საფრთხე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ტრადიციებს, სულიერებას. ახალგაზრდა თაობამ ბევრი არაფერი იცის თავისი ორი, სამი თაობის იქით. ეს არის პირველი ტომი და მასში შესულია მხოლოდ 9 ოჯახი. სხვა ტომებიც გამოვა, მე თუ არ ვიქნები, სხვა გააგრძელებს ამ საქმეს“, - აღნიშნა თავად ავტორმა.

როგორც საღამოს წამყვანმა და წიგნის შექმნაში წვლილის შემტანმა, ქალბატონმა ელისო ქაროსანიძემ გვითხრა, ქუთაისის რეალობაში მხოლოდ 9 ოჯახის შერჩევა ძალიან რთული აღმოჩნდა: „ეს პირველი წიგნია და უნდა  შესულიყო გამორჩეული ოჯახები. ქუთაისი, ფაქტობრივად დონორია მთელი საქართველოს კულტურის, სულიერების... და შეარჩიო 9 ნამდვილი ოჯახი, ძალიან რთულია. შემდეგ - იმუშაო ამ ოჯახებთან, გაიგო მათი ისტორია, წარმომავლობა... ამ ყველაფერს ქალბატონი ცირას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მე ვფიქრობ, ქუთაისის ისტორიაში ეს წიგნი თავის ერთ მკვეთრ, ნათელ ფურცელს გადაშლის, რომელიც თაობებს გამოადგება შემდეგ“.

„მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, შთამომავლობა შემდეგ ნახავს იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებიც მოღვაწეობდნენ ამა თუ იმ სფეროში და რაღაც წვლილი შეიტანეს თავიანთი საქმიანობით ქალაქის, ქვეყნის განვითარების საქმეში,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბაგრატის ტაძრის საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა ზურაბ ქაჯაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია