დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბჭოთა სიმბოლიკები ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/04 14:09:33

რას გულისხმობს სიმბოლიკებთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებები და რა სანქციებია კანონის შეუსრულებლობისთვის?

 

 

საბჭოთა პერიოდმა ინტელექტუალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას გარკვეული დაღი დააჩნია, რის გამოც საქართველოში საბჭოური სიმბოლიკების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. პარლამენტმა „თავისუფლების ქარტიაში“ შესატანი ცვლილება 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, ტერმინი „საბჭოთა სიმბოლიკა“ და“ საბჭოთა იდეოლოგია“ შეიცვალა ტერმინებით - „კომუნისტური ტოტალური სიმბოლიკა“ და „კომუნისტური იდეოლოგია“.

 

 

კანონპროექტის ფარგლებში  შეიქმნება სპეციალური კომისიები, რომლებიც იმსჯელებენ საბჭოური იდეოლოგიის შემცვლელ სიმბოლიკებსა და მათ ბედზე. არსებული კანონმდებლობით, საჯარო ადგილებში იკრძალება ისეთი სიმბოლიკების არსებობა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას პროპაგანდას უწევს.

 

 

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათეული წლის განმავლობაში სიმბოლოების, ძეგლებისა და ტოპონიმების წინააღმდეგ ბრძოლა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა სიმბოლიკების წინააღმდეგ გალაშქრებამ განსაკუთრებით მწვავე სახე ბოლო წლებში მიიღო. ამის კარგი მაგალითია საბჭოთა ბელადის არაერთხელ გადაღებილი ძეგლი, რომელიც შემდეგ ისტორიულ სანაგვეზე აღმოჩნდა. სტალინის პიროვნების კულტი ჯერ კიდევ რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ნაწილისთვის, ამას გორში  აღებული სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით გამართული არაერთი აქცია ადასტურებს.

 

 

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, დაგვედგინა, რამდენი ძეგლი და საბჭოთა იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლიკაა ქუთაისში?

 

 

აღმოჩნდა, რომ ქუთაისი  ამ დროისთვის  საბჭოთა სომბოლიკებით სულაც არ არის მდიდარი. შემორჩენილთაგან თვალსაჩინო ნიმუშს ვასილ კიკვიძის ძეგლი და მერიის გვერდით მდებარე მონუმენტებზე გამოსახული საბჭოთა ვარსკვლავი და ქუთაისელი სოციალისტური შრომის გმირების სიაა, წარწერით „დიდება შრომას“.

 

დიდი ხნის განმავლობაში საბჭოური სიმბოლო ჩაქუჩი და ნამგალი იყო გამოსახული მესხიშვილის თეატრის სცენის თავზეც. ასევე რამდენიმე ქუჩას  საბჭოთა კავშირის პატივსაცემად იდეოლოგიის მატარებელი სახელი ერქვა.

 

დროთა განმავლობაში სიმბოლიკები ნელ-ნელა ქრებიან. რაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ნაწილი გადაწყვეტილებაში მეტად რადიკალურია და აღნიშნავს, რომ იმპერიის იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკები და ძეგლები ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა იყოს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს ისტორიაა, რომელთანაც ბრძოლა საჭირო სულაც არაა.

 

ქუთაისში საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კვლავ აქტუალური გახდა. ქუთაისელმა „ნაციონალებმა“ ზასტავაზე, სკვერში მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების მოთხოვნით ჯერ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრს მიმართეს და ძეგლის ასაღებად გარკვეული ვადა მისცეს. ვადის გასვლის შემდეგ  „ნაციონალებმა“ დადებული პირობა შეასრულეს და კიკვიძის ძეგლი დემონსტრაციულად წითელი საღებავით შეღებეს. ძეგლის შეღებვას საზოგადოებაში, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის განცახდებით კი, მომხდარ ვანდალურ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

„მე არ ვადანაშაულებ არავის, მაგრამ ვადანაშაულებ ყველას. მთელი 24 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ეს ძეგლი გაეპარა ყველას. საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, დამთავრადა, რის გამოც აღარ არის საჭირო საბჭოთა იდეოლოგიის გამომხატველი ძეგლის ან სიმბოლიკის არსებობა. ჩვენს მიერ ძეგლის გადაღებვა არ არის ვანდალური ფაქტი, ეს არის პროტესტი. მე წინა წლებშიც გამოვდიოდი ინიციატივით ძეგლის აღების შესახებ. ძეგლის შეღებვით მოქალაქე გია გოქაძემ გავაპროტესტე საკრებულოს წევრ გია გოქაძის უმოქმედობა. არ ვამბობ, რომ ძეგლი უნდა გადააგდონ, კარგი იქნება, თუ რომელიმე მუზეუმს გადაეცემა, მის ადგილას კი ლუკა ასათიანის ან გაბრიელ ეპისკოპოსის ძეგლი დაიდგმება,“ - განაცხადა საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრმა გია გოქაძემ.

 

 

სიმბოლიკებთან ბრძოლის შესახებ სხვა მოსაზრება აქვთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს:

 

ზურაბ თოდუა, ხელოვნებათმცოდნე: „სიმბოლიკებთან დაკავშირებით ორი მიდგომა შეიძლება იყოს: ერთი,  სიმბოლიკები, როგორც მიღებული დაკანონებული ფორმები და მეორე, როგორც მხატვრული ღირებულებები. საბჭოთა წყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლი იყო ლენინის ძეგლი, რომელიც მოქანდაკე მერაბიშვილის ნამუშევარი იყო და იდგა ქალაქში, რაც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა. ასევე, სიმბოლოები შემორჩენილი არის რელიეფებში და ესკიზებში, რაც მთლიან კონსტრუქციას ძალიან უხდება, თუკი სიმბოლიკას  ამოვიღებთ, დაირღვევა მხატვრული ნიმუში.  მართალია, ის არაფერს წარმოადგენს ახლა, მაგრამ ისტორიაა.  ნებისმიერი სიმბოლო არის ამა თუ იმ სახელმწიფოს იდეოლოგიის გამომხატველი, ეს არის ისტორიული დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული. როგორი იყო ეს სახელმწიფო, მომავალ თაობებს ამაზე წარმოდგენა ფაქტებით უნდა ჰქონდეთ.

 

ცუდი იყო მუსოლინი, როგორც ფაშიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, მაგრამ რომაელებს მისი ძეგლი არ აუღიათ. ასევეა ძველი რომის იმპერიის სიდიადის გამომხატველი ძეგლები, რომლებიც დღესაც დგას და უფრო მეტ წარმოდგენას გვიქმნიან მათზე. მიმაჩნია, რომ როგორც მხატვრული ნაწარმოები, ეს უნდა დარჩეს ისტორიას, რაც მათდამი ჩვენს დამოკიდებულებას ნამდვილად არ განსაზღვრავს.“

 

მევლუდ ბობოხიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლეო ტაქსილის საზოგადოება“:  „24 წელია ყალბი გზით მივდივართ, მაგრამ პასუხს არავის სთხოვენ. საბჭოთა ბელადების ძეგლებს იმიტომ ებრძვიან, რომ ამათ ძეგლს არავინ დაუდგამს.  ლენინი იყო უდიდესი ადამიანი, მას 40-ზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი და არსად არ წერს ცუდს. მე სტალინის დროს  წლინახევრის გადამასახლეს, სტალინი რომ ცოცხალი იყოს, ახლაც შეიძლება გადასახლებული ვიყო, მაგრამ არ არის სწორი, ისტორია გაუთვითცნობიერებლად შეაფასო. ხომ არ შეიძლება, ხან იძახონ ღმერთია, ხან კი – ცუდი. სტალინი ომის დროს „ნიუიორკ თაიმსმა“ გამოკითხვით ორჯერ აღიარა მსოფლიოს პირველ ადამიანად, მან შვილი გაგზავნა ფრონტზე, ამათ კი ომის დროს გადამალეს შვილები. რაც შეეხება კიკვიძეს, ის გმირი და მებრძოლი იყო, რომლის ძეგლიც რუსეთში დადგეს. კი მაგრამ, რამდენი გმირი გვყავს, რომ არსებულ ძეგლს ებრძვიან? ანდა სტალინზე მეტი საამაყო ვინ ჰყავდათ გორში, მისი ძეგლი რომ აიღეს?

 

 

ქვეყანაში დემაგოგიაა, თითქოს დამნაშავის დასჯა არ შეიძლება, ესენი ყველანი დასახვრეტი არიან. რაც ახლა ხდება, ლოიალობა კი არა, კრეტინიზმია. სპეციალურად ებრძვიან საბჭოთა წარმომადგენლებს, რადგან მათზე მაღლა ვერაფრით დადგნენ. ახლა როგორებიც თავად არიან და რა ფანტაზიებიც აქვთ, ისეთ ძეგლებს დგამენ, დაჭყლეტილი ბოთლების, კვერცხების, ფლოსტების და ველოსიპედების სახით. არა მხოლოდ საბჭოთა სიმბოლიკები, არამედ ყველაფერი დაანგრიონ საბჭოთა კავშირის დროს აშენებული და ნახავენ რაც დარჩებათ. მხოლოდ რამდენიმე სახლი, ესაა სულ მათი შემოქმედება.“

 

ქუთაისისგან განსხვავებით, კომუნისტური სიმბოლიკები ჯერ კიდევ მრავლად არის საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

 

კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით შექმნილი კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებული იქნება, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალური სიმბოლიკები.  წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის მეშვიდე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირველ ეტაპზე ახდენს დამრღვევის გაფრთხილებას, ხოლო მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია