რუსული ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ მიმართული კვირეული ქუთაისში გრძელდება. დღეს, საქართველოს საზღვრების ოკუპაცია ნინოშვილის სკვერში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გააპროტესტეს. საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო კვირეულის ფარგლებში, ყოველდღე, პირველ საათზე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავენ.
„როცა მტერი შემოდის შენს საზღვრებში, ყველას ვალია ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და გავერთიანდე საერთო მტრის წინაშე, მითუმეტეს მაშინ,როცა ვიცით ვინ არის ჩვენი მტერი",–ამბობს მუსიკოსი და საინიციატივო ჯგუფის წევრი ნანა დოღონაძე.
„მე ძალიან მიხარია, რომ ქუთაისმა წამოიწყო ეს პროცესი. ვფიქრობ, არც ერთი ოქრო და ვერცხლი არ აანაზღაურებს იმას, რაც ჩვენ მივიღეთ ჩვენი საერთო მტრისგან. მიმაჩნია, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს და უთხრას არა ოკუპაციას და არა სოჭის ოლიმპიადას, –ამბობს მხატვარი და საინიციატივო ჯგუფის წევრი ლევან ვეკუა.
ოკუპაციასა და სოჭის ოლიმპიადას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთი კვირის განმავლობაში გააპროტესტებენ.