დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
17 მაისი საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე გახდა
2013/05/17 21:36:57

სახალხო დამცველი: ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის  წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო Dდღესთან დაკავშირებული აქცია/ფლეშმობი ჩაიშალა. ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქციის ჩატარებას ხელი სასულიერო პირებმა, მათი მრევლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრებმა შეუშალეს.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავი ორგანოები იყვნენ მობილიზებულნი. მათ მიერ გაკეთებული არაერთი კორდონის მიუხედავად, მოწინააღმდეგეებმაკორდონების გარღვევა მაინც შეძლეს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სხვადასხვა დროს და ადგილას მომხდარი ინცინდენტების შედეგად, 17 ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 12 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულთა შორის 3 პოლიციელი და ერთი ჟურნალისტია.

17 მაისს დაგეგმილ აქცია/ფლეშმობს წინ არაერთი საპროტესტო განცხადება უძღოდა, თუმცა, ძირითადი მოვლენების განვითარება მაინც 17 მაისს, დილის 11 საათზე დაიწყო, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან სასულიერო პირებმა და საზოგადოების წევრებმა შეკრება დაიწყეს. ფილარმონიიდან ლგბტ-ის საწინააღმდეგო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობისკენ დაიძრა.

ამავე ადგილას იყო დაგეგმილი ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქცია, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კონტრაქციის წევრებმა დაიკავეს, “იდენტობამ” და ლგბტ საზოგადოების წევრებმა აქციის გასამართი ადგილი შეცვალეს და პუშკინის სკვერში შეკრება სცადეს.

ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, კონტრაქციის წევრებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერისკენ გაემართნენ.

პოლიციამ პუშკინის სკვერში შეკრებილი ჰომოფობიის და ტრანსფობიის მოწინააღმდეგე აქციის წევრები  ტერიტორიას ყვითელი ავტობუსებით გაარიდა და ქალაქგარეთ, ზემო ფონიჭალაში გადაიყვანა, საიდანაც საპატრულო პოლიციის მანქანებით, მათთვის სასურველ ადგილას გადაიყვანეს.

აქციის ორგანიზატორთა გადაადგილებას ინცინდენტების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის მონაწილეების დევნა ძველი თბილისის პატარა ქუჩებში გაგრძელდა. კონტრაქციის მონაწილეები თავს დაესხნენ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდგომ ავტობუსებს, რომლებითაც საპატრულო პოლიციამ თავისუფლების მოედნიდან აქციის წევრები გაიყვანა. კონტრაქციის წევრებმა ავტობუსების გადატრიალება სცადეს.

ინცინდენტი მოხდა ვაჩნაძის ქუჩაზეც, სადაც თაბუკაშვილის ქუჩის მსგავსად, ის ავტობუსი იდგა, რომელსაც ორგანიზაცია “იდენტობის” წევრები გადაჰყავდა. კონტრაქციის მოწინააღმდეგეები ვაჩნაძის ქუჩაზეც მივიდნენ და ავტობუსს ქვები ესროლეს. ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის დროს ერთი ჟურნალისტი და ერთი სამართალდამცავი პირი დაზიანდა.

ინცინდენტი მოხდა კოლმეურნეობის მოედანზეც. ვაჩნაძის ქუჩიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი, რომელსაც ლგბტ საზოგადოების წევრები გადაჰყავდა, მამაკაცს დაეჯახა და მარცხენა ფეხი დაუზიანა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კონტრაქციის წევრებმა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მოწინააღმდეგე აქციის წევრების ავტობუსებს ორთაჭალამდე სდიეს.

მოგვიანებით, დაპირისპირების ადგილზე მივიდა სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რამაც კონტრაქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. აქციის წევრები სახალხო დამცველს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაში ადანაშაულებდნენ და მიუთითებდნენ, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იცავდეს მცირერიცხოვანი ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებებს, მაშინ, როცა ამის გამო ასიათასი ადამიანი ღელავს.

სახალხო დამცველმა აქციის მონაწილეებს შეახსენა, რომ კონსტიტუცია ყველა ადამიანს იცავს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი სექსუალური ორიენტაცია. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პოლიციამ სახალხო დამცველი ტერიტორიას გაარიდა.

ნანუაშვილის წასვლის შემდეგ ბელინსკის ქუჩაზე მეუფე იაკობი მივიდა და აქციის მონაწილეებს სამების საკათედრო ტაძარში წასვლისა და პარაკლისზე დასწრებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მეუფის მოწოდება გაითვალისწინა და სამებისკენ დაიძრა, მეორე ნაწილი კი პარლამენტის შენობის წინ დარჩა.

განვითარებულ მოვლენებს უმრავლესობის და უმცირესობის წევრები აფასებენ

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია/ფლეშმობის ჩაშლას და კონტრაქციის მონაწილეების ქმედებებს აფასებენ ქუთაისის პარლამენტში მყოფი უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სექსუალური უმცირესობები ლახავენ უმრავლესობის უფლებებს და არა პირიქით.

“პირადი ცხოვრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ მე შვილები მყავს და უმრავლესობის უფლებები სერიოზულად ილახება, როცა გამოდიან და დემონსტრირებას მიკეთებენ, რომ მე ერთსქესიანი ვარ და მაგარი ტიპი ვარ, ეს ჩემთვის, როგორც კონსერვატორისთვის, მიუღებელია,”- აღნიშნავს ზვიად ძიძიგური.

განვითარებულ მოვლენებს გმობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

“საქართველოს კონსტიტუცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ და გამოხატონ თავისი აზრი,”- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

“ვისაც ჰქონდა პროტესტის და აზრის გამოხატვის სურვილი, თანაბრად ჰქონდა ამის უფლება. ორივე ჯგუფს აქვს არსებობის უფლება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - ორივე ჯგუფის წევრები არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ადამიანები,”- ამბობს იუსტიციის მინისტრი.

“იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქციის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. “პიროვნების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ის ყველაფერი რისთვისაც არსებობს სახელმწიფო და ჩვენ თუ ერთმანეთის თავისუფლებას ვერ დავიცავთ, ჩვენ ვერასოდეს დავიცავთ სახელმწიფოს თავისუფლებას,”- განაცხადა ბარნოვმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ორი აქციის წევრებს შორის მომხდარ ინცინდენტებს სამარცხვინო და საგანგაშო უწოდეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა.

უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ მოვლენებზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.

“ეს არის იმ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დანერგა,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღის ბოლომდე მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სიმშვიდე, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და დატოვონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯერჯერობით ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან თუ არა დაკავებულები და დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარის გამო.

სახალხო დამცველი და უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ბელინსკის ქუჩის დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ზომების მიუღებლობისთვის გააკრიტიკა.

“სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე. მიუხედავად იმისა, რომ შსს რამდენიმე დღით ადრე იყო ინფორმირებული, რომ ერთი და იგივე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით,”- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად მცდელობისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აქციის ჩატარებას.

“შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როდესაც ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ხდება კანონის მოთხოვნათა მასიურად დარღვევა, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყონებლივ. საქართველოს შს სამინისტრომ უნდა სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და დააყენოს აქციის ორგანიზატორების  და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

პირველადი შეფასებები გააკეთეს იმ ორგანიზაციებმაც, რომლებიც 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე ერთი და იმავე ადგილას დაგეგმილ ორ პარალელურ აქციას აკვირდებოდნენ. დამკვირვებელი ორგანიზაციები გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭირო ზომების არგატარებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ეფექტური.

“ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შსს-მ სათანადოდ ვერ შეაფასა კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომდინარე შესაძლო რისკები და ვერ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტრატეგია. პოლიცია არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური, დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შსს ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

დამკვირვებელი ორგანიზაციები ასევე ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ პოლიცია სრულიად უმოქმედო გახდა, რამაც კონტრდემონსტრანტებს აქციის მონაწილეებზე ინდივიდუალური ანგარიშსწორების შესაძლებლობა მისცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დამკვირვებლების ცნობით, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან საუბარში ცინიკურად და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ და კონტრდემონსტრანტებს თანაუგრძნობდნენ.

მოგვიანებით, მეუფე იაკობმა აქციის მონაწილეებს გმირები უწოდა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა სიკვდილის შიში გადალახა.

“ცოტა ვაჟკაცურად დახვედრა თუ უნდათ, დავხვდებით ვაჟკაცურად. არავის არ ვემუქრებით, ჭკვიანად იყვნენ, თორემ ერთხელაც იქნება ერი არ აპატიებს. ჩვენ იმ რეჟიმში ვართ, რომ ითხოვონ პატიება, ამაში ჩვენც დავეხმარებით. დღეს რაც ხდებოდა იყო ერის დაკვეთა,”- განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიაში განცხადება 2 მაისს შევიდა. აქციის ორგანიზატორები განცხადებით, აქცია/ფლეშმობი 17 მაისს 13:00 საათზე დაიწყებოდა და მდუმარე სახით ნახევარ საათს გაგრძელდებოდა. აქციის დროს ცისარტყელას ფერების მაისურებში ჩაცმული ადამიანები დროშის მოხაზულობას შექმნიდნენ. აქციის ორგანიზატორები არ გეგმავდნენ გზის გადაკეტვას.

კონტრაქციის შესახებ თბილისის მერიას უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ 13 მაისს მიმართა და აცნობა, რომ 17 მაისს ეკლესიის მოძღვართა მიერ, საკუთარ მრევლთან ერთად იგეგმებოდა შეკრება ასევე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ორმა, პარალელურად დაგეგმილმა აქციამ ექსესების ფონზე ჩაიარა. არიან დაშავებულები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია