დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც სისხლის ჩასაბარებლად მიდის?
2013/06/10 13:59:19

საქართველოში ამჟამად ხუთი სისხლის ბანკი მოქმედებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და შედარებით დიდი ისტორიის მქონეა საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი (თბილისი, ქავთარაძის 21). რამდენად საჭიროა სისხლის ბანკის პროდუქცია საზოგადოებისათვის, ამაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, რადგან ყველა ადამიანს კარგად მოეხსენება მისი მნიშვნელობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე „პოსტსკრიპტუმი“ ესაუბრა საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის დირექტორს გიორგი დოლიძეს.

 

 

- სისხლის დონაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ახლავს. მათ შორის ერთ-ერთი პოტენციურ დონორთა არაინფორმირებულობა გახლავთ. რა უნდა იცოდეს ადამიანმა დონორობამდე, გარდა იმისა, რომ სისხლს „გამოაცლიან“?

- ადამიანი დონორი რომ გახდეს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ინფორმირებულობას. ინფორმირებულობა მოიცავს არა მარტო იმას, რომ კონკრეტული პიროვნების, ან კონკრეტული სიტუაციის გამო უნდა გახდეს ადამიანი დონორი, არამედ მთელ კასკადს მასზე მიწოდებული ინფორმაციისა. ეს ინფორმაცია შეიძლება დაყოფილი  იქნას რამდენიმე ეტაპიან საფეხურად. პირველი და აუცილებელი პირობა: მნიშვნელოვანია თუ რამდენად უსაფრთხო ან არასაზიანოა დონაციის განხორციელება მისი ორგანიზმისთვის. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ეს მანიპულაცია აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა, ვინაიდან ის სახარჯი მასალა, რაც გამოიყენება დონაციის განსახორციელებლად, ერთჯერადია, დალუქულია და არ ექვემდებარება სტერილიზაციას ან შემდგომ გამოყენებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული დონორი სპეციალური კითხვარის, თერაპევტის და დონორთა ერთიანი ბაზის საშუალებით მოწმდება. ამ შემოწმების საშუალებით ხდება გარკვევა არა მარტო იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ სიტუაციაში დონაციის განხორციელება, არამედ იმისა, რომ შემდგომში მოხმარებისთვის გამოყენებადია თუ არა დონაციის შედეგად მიღებული სისხლის პროდუქტები. დონორის სპეციალური კითხვარი და თერაპევტის გამოკვლევა ამ მხრივ საკმაოდ მოცულობითი და კონკრეტიზებულია.

 მეორე ეტაპი ინფორმაციისა უნდა მოიცავდეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დონორის მიერ გაღებული სისხლი; რომ  განხორციელებული დონაცია, მინიმუმ, ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. წარმოდგენაც და გაზომვაც კი არ შეიძლება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გაგვიკეთებია, რამდენად ახლობელი, ჭირისუფალი და მოყვასი ხდები იმ ადამიანისა, რომლისთვისაც უანგაროდ, წინასწარ განუსაზღვრელად გაგიღია შენი სისხლი. ამით უსაზღვროდ დიდ საქმეს აკეთებს დონორი, თანაც ეს არაა გამიზნული ქმედება კონკრეტული ადამიანისათვის, რადგან უანგარო დონორმა არ იცის, ვისი სიცოცხლის გადარჩენას ხმარდება მის მიერ გაღებული სისხლი.

 მესამე ეტაპი ინფორმაციისა ის არის, რომ ადამიანი ხდება ცივილიზებული საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. შენ, მსგავსად სხვა პროფესიებისა (ჯარისკაცი, ექიმი, პოლიციელი, მასწავლებელი და სხვა), აქტუალური და საჭირო, აუცილებელი და სავალდებულო რგოლი ხარ ქვეყნის შენებისა და  საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

- საქართველოში უანგარო დონორთა რიცხვი ძალიან დაბალია, ხოლო ფასიანის - მაღალი. როგორია ამ მიმართულებით სტატისტიკა?!

- შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ სავალალოა. შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით, 85% განხორციელებული დონაციებისა ანაზღაურებადია,  დანარჩენი 15% წარმოდგენილია ნათესავი დონორებით (რომლებიც გამოუვალი მდგომარეობის გამო აბარებენ სისხლს). უანგარო დონორებით დონაციებს აქვს სპონტანური ხასიათი, კონკრეტულ მდგომარეობაზე გათვლით. ტარდება საქველმოქმედო აქციები (მაგალითად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის), მაგრამ ამ აქციებს არა აქვს მასობრივი და, რაც მთავარია, რეგულარული ხასიათი.

- ამბობენ, რომ დონორი ძალიან ხშირად თავად ადგენს თავის პოტენციალს სისხლის ჩაბარების დროს. როგორი სიხშირითაა სასურველი სისხლის გაღება? გამიგია, რომ ზოგიერთი ადამიანი პურის ფულსაც კი  „აკეთებს“ დონაციით...

- საქართველოს კანონმდებლობით სისხლის დონორობა ადამიანს შეუძლია ორ თვეში ერთხელ.

- ამბობენ, რომ ყველანაირი სისხლი არ არის მაღალხარისხოვანი; საჭიროა, რომ დონორი იყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი და იკვებებოდეს კარგად.

- საკითხის ამგვარად დასმა არ არის მიზანშეწონილი. ზემოთაც აღვნიშნე, რომ არსებობს სპეციალური კითხვარი, რომელიც თითქმის სრულად ხატავს ადამიანის ჯანმრთელობას და ცხოვრების წესს. ამასთან ერთად, დონორი გაივლის სამედიცინო შემოწმებას ექიმ სპეციალისტთან. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს,  კონკრეტული დონაცია მოწმდება თანამედროვე ტესტ-სისტემებით შემდგომ ინფექციებზე: ცე ჰეპატიტი, ბე ჰეპატიტი, შიდსის ვირუსი  და სიფილისი.

ე.წ. „ხარისხიანი სისხლის“ დასამზადებლად ძალიან მნიშვნელოვანია უანგარო დონორები. ვინაიდან ეს ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გასცემენ სისხლს და, შესაბამისად, ნებისმიერ დასმულ კითხვაზე (ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის შესახებ) მათი პასუხი სიმართლეა, სინამდვილეს შეესაბამება.

- რა უნდა იცოდეს იმ ადამიანმა,რომელიც მიდის სისხლის ჩასაბარებლად? ზოგიერთისთვის სისხლის ჩაბარება გაიგივებულია მხოლოდ ტკივილთან, ზოგიერთისთვის ეს კეთილი პასაჟია, ზოგისთვის - პიარის საშუალება...

- როდესაც ადამიანი დონორობას გადაწყვეტს, მან უნდა იცოდეს შემდეგი: ეს არ არის მტკივნეული მანიპულაცია, არც ჯანმრთელობას აზიანებს (პირიქით - ორგანიზმში ამის შემდეგ იწყება სისხლის განახლების პროცესი) და სისხლის გაღებით საქველმოქმედო და უანგარო საქმე კეთდება.

  მართალია - ზოგ შემთხვევაში დონორობა პიარაქციაცაა. ამ შემთხვევაში, პიარი  უნდა გამოვიყენოთ კეთილი საქმის მისაბაძად. მერწმუნეთ, კეთილი საქმე გადამდებია, თანაც ეს საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სამჯერ ნაკლებია სისხლის პროდუქტების დამზადება, ვიდრე ეს საჭიროა, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით.

- ამბობენ, რომ საქართველოში ხდება სისხლის ჩაბარებით მანიპულირება. ქველმოქმედებას ამოფარებული ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად ვაჭრობით არიან დაკავებული, რას გვეტყოდით ამაზე? სოციალურ ქსელებში გაჟღერდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელით მანიპულირებაც...

- საქართველოში 5 სისხლის ბანკია და მე ვერ გეტყვით,  სხვები რას აკეთებენ, მაგრამ შემიძლია გითხრათ შემდეგი:  იმისთვის, რომ სისხლი პაციენტამდე მივიდეს, საკმარისი არ არის მხოლოდ სისხლის ჩაბარება. ეს პროცესი უამრავ სხვა ხარჯთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, სისხლის დამზადების პროცესს  უამრავი პერსონალი სჭირდება, ასევე საჭიროა ძვირადღირებული აპარატურა, სახარჯი მასალა თუ ტესტ-სისტემები, ელექტროენერგია, წყალი და ა.შ. ასე, რომ საუბარი „ვაჭრობაზე“,  ჩვენს შემთხვევაში, გადაჭარბებულია.

- რამდენად საიმედოა „ქართული სისხლი“? როგორც ვიცი, ერთი ადამიანის დაინფიცირებაც კი მოხდა ქუთაისში რამდენიმე წლის წინ...

- სისხლის კვლევებთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია იცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და დადგენილ ყველა პირობას. გარდა ამისა, ჩვენს სამსახურს გააჩნია დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით (განსაკუთრებით ეს შეეხება იმ პირებს, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან სისხლის კვლევებზე). რაც შეეხება ქუთაისში  მომხდარ ფაქტს, ამ თემაზე სრულფასოვან კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ ვიცნობ ორგანიზაციას და საქმის დეტალებს.

- 14 ივნისი უფასო დონაციის დღეა. თუ გეგმავთ რაიმე აქციის მოწყობას ამ დღესთან დაკავშირებით? საზოგადოების ინფორმირება საჭიროა და როგორ მოახერხებთ ამას?!

- 14 ივნისს, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც აღინიშნება უანგარო დონორთა დღე. ამ  დღიდან ჩვენს სამსახურში გამოცხადებულია სისხლის უანგარო დონორთა კვირეული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვმართოს. გარდა ამისა, დაკომპლექტებულია გამსვლელი ბრიგადები, რომლებიც ადგილზე მოემსახურებიან ნებისმიერ რეგიონს,  სამსახურს თუ მცხოვრებს.     

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია