დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატარა ტელემაყურებელი და ანიმაციური მონსტრები
2011/10/31 11:56:44

მხიარული ყურცქვიტები, შრომისმოყვარე ჭიანჭველები, ფუმფულა კუდიანი ციყვები, ბრძენი ირმები, კეთილი დათვები ბავშვების წარმოსახვაში ყოველთვის ეხმარებოდნენ გასაჭიში ჩავარდნილთ, ხოლო ბოროტი და ავის მქმნელი მგლები, მელიები, ყვავები ყოველთვის მარცხდებოდნენ და შერცხვენილნი ჩანდნენ კეთილი და მხიარული საძმოს ფონზე - ასეთი იყო ძველი მულტფილმების სამყარო. „სოფლის მაშენებლები“, „ლომი და კატა“, „ტომი და ჯერი“, „მე წვიმად მოვალ,“ ამ ფილმებზე უამრავი თაობა აღიზარდა და მათი ყურება არასდროს მოსწყინდება დიდსა თუ პატარას.

უცებ ამ ფერად სამყაროში იჭრება რადიკალურად განსხვავებული სამყარო: ვამპირები, დემონები, ყველა ჯურის ბოროტმოქმედნი. მხიარული და კეთილი არსებები ურჩხულებად ქცეულან და ერთმანეთის განადგურებაზე არიან გადასულნი...

ასეთი შინაარსის მულტფილმები ნელ-ნელა აბინძურებენ ბავშვის გონებას, საბოლოოდ კი, უმძიმეს შედეგს გვაძლევს.

სამწუხაროდ, მშობელი ამას არ აქცევს ყურადღებას, მშვიდადაა. რაა აქ სანერვიულო? ბავშვი შინაა, უყურებს, ამ დროს კი მულტფილმში საშინელი მონსტრი გაჰყვირის: „მოგკლაავ“.. პატარა მონსტრები, რომლებიც, ავტორთა ჩანაფიქრით, დადებითი გმირები არიან, იმავე აგრესიით პასუხობენ. ბავშვი, რომლისთვისაც ჯერ კიდევ არ უსწავლებიათ კეთილისა და ბოროტის გარჩევა, იწყებს ეკრანული „მონსტრგმირების“ მიბაძვას. შემდეგ ყოველივე რეალურ სამყაროში გადააქვს და თამაშისას თანატოლს დასდევს შეძახილებით: „დაგიჭერ და მოგკლავ“.

მსგავსი შეძახილები რომ ბავშვური უბოროტო ხუმრობა არ არის, ამას ადასტურებს ბევრი ფაქტი. თუნდაც, ის საზარელი შემთხვევა გავიხსენოთ, თბილისში რომ მოხდა: პატარა ბიჭმა ჩაიცვა ადამიანი-ობობას სამოსი და მე-6 სართულიდან გადმოხტა, მიბაძა თავის საყვარელ ეკრანულ გმირს „სპაიდერ მენს“, თუმცა, მისგან განსხვავებით, ვერ გააბა ობობას ქსელები ჰაერში და ტრაგიკულად დაიღუპა.

იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ძმამ - ძმას თამაშისას ორი თითი მოსჭრა, თავის საქციელს კი ასეთი შეფასება მისცა: მულტფილმში პატარა ბიბიმ უფრო უკეთესად გააკეთა, მე კი ჩემმა ძმამ არ დამანებაო.

მსგავს შემთხვევებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანზე ძალადობრივ და საშინელ სცენებს უყურებენ, ცდილობენ მათგან თავის დაცვას, მაგრამ ეს ხდება ქვეცნობიერის დონეზე, რადგან ფსიქიკა აღარ რეაგირებს შიშზე, ხდება ბლოკირება.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ გრომანმა, ერთ-ერთმა პირველმა დაამტკიცა, რომ აგრესიული მულტფილმები, ფილმები და თამაშები ბავშვზე ძალიან ცუდად რეაგირებს. ეკრანზე სისასტიკე, ანომალიური ქმედებები იწვევენ რეალური სამყაროს დამსხვრევას. ეს განცხადება სხვა ცნობილმა მეცნიერებმაც დაამოწმეს. გამოკითხვა ამერიკის ციხეში ჩატარდა, 63% ამტკიცებდა, რომ დანაშაული ეკრანული გმირების მიბაძვით ჩაიდინეს.

დასავლეთში ბავშვებს უკრძალავენ „მულტმონსტრების“ ყურებას. ამავდროულად, ტელეეთერი დღის განმავლობაში წყნარი და წესიერი გადაცემებით შემოიფარგლება. გარდა ამისა, შემოიღეს სკოლებსა და ბაღებში საბავშვო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ბავშვის სწორ აღზრდას. პროგრამა იყო თამაშის ხასიათისა, სახელწოდებით „ტელეგადაცემობანა“. ამ თამაშში ბავშვების მთავარი ატრიბუტი იყო ცარიელი ფურცელი, რომელიც ასოცირდება ტელევიზორთან და მათ ეს ფურცელი უნდა შეევსოთ ნახატებით. ამ დროს ბავშვების 95% ხატავს ჩონჩხებს, მონსტრებს, გვამებს... საღებავიდან იყენებდნენ მხოლოდ შავ, წითელ და ყავისფერ ფერებს. ათი წლის უკან ამ თამაშში ბავშვებმა ღია ფერებში დახატეს დედა, მამა, ცხოველები, პეიზაჟები...

სამწუხაროდ, დღეს ტელევიზია აღარ ასრულებს თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, ის აღარ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში. გასართობი გადაცემები უგემოვნო და საშიში ზონა გახდა. სწორედ ამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ბავშვების ის 95%, რომელიც ბნელ „მულტსამყაროში“ ცხოვრობს.

ქართული ტელესივრცე, ძირითადად, შაბათ-კვირას, დილით უჩვენებს მულტფილმებს. ხშირად ეს მულტფილმები, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია, ხვრელები პირების მაგივრად, რომელიც დრო და დრო ნათდება, მრავალი ხელი, უშინაარსო და ულოგიკო სცენებით... ყველაზე საშინელება ის არის, რომ ერთი და იგივე „გმირი“ ერთ სერიაში დადებითია, მეორეში - სასტიკი ბოროტმოქმედი.

ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, დაწყებით კლასებში შეიტანეს სახელმძღვანელო, სადაც ცნობილ ზღაპარში „წითელქუდა“ პატარა წითელქუდიანი გოგონა მგელთან წვება... რა თქმა უნდა, ხალხმა მოითხოვა ზღაპრის პირვანდელი სახის დაბრუნება, მაგრამ დაბრუნდება თუ არა, დიდ რუსეთში ხალხის მოთხოვნა ამას აშკარად არ გადაწყვეტს. პრობლემა ისაა, რომ რაც ხალხმა დაინახა, როგორც ჩანს, სხვანაირად დაინახა თავად წიგნის შემქმნელმა. მისი განცხადებით, ეს ვერსია ზღაპრისა მიმართულია ქალწულებისადმი, რათა არ დაუშვან შემდგომში „ცუდი“ შეცდომა, თუ ხალხის მოთხოვნა. არ დააკმაყოფილეს „ზედა ეშელონებში“. ალბათ, ცოტა ხანში ცისფერ ეკრანზეც ვიხილავთ.

პრობლემა მეტად მძიმეა, მძიმეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოუგვარებელია, ხშირ შემთხვევაში მშობლები არ ინტერესდებიან, რას უყურებენ მათი შვილები. ბავშვისთვის აუცილებელია, მშობელმა წაიყვანოს თოჯინების თეატრში, ან სწორად შერჩეული მულტფილმი აყურებინოს.

პატარამ არ იცის, რას უყურებს, ვერ არჩევს ცუდსა და კარგს, მისი რეალური სამყარო ამოუცნობია, ბავშვები ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობენ. დედის შემდეგ ყველაზე ახლობელი მათთვის სწორედ ეკრანული გმირები არიან, ჰგონიათ, კარგს აკეთებენ, რადგან დედა არ უბრაზდებათ.

ის „კეთილი“ დეიდები და ბიძიები, რომლებიც მსგავსი ხასიათის მულტფილმებს აწვდიან ბავშვებს, თავს ყოველთვის იმით იმართლებენ, რომ კარგი მულტფილმი ძვირი ჯდება. ჩვენ კი თანხა არ გვაქვს, ამიტომ ვყიდულობთ ცუდ უცხოურ საბავშვო ფილმებსო.

ვერც შეეწინააღმდეგები, მაგრამ ეს იგივეა, ბავშვს სათამაშოს ნაცვლად ალესილი დანა მისცე. რატომ არ უნდა შევურჩიოთ პატარებს მულტფილმები, რომლებიც შეზავებულია „მარილითა მადლისაითა“ და რომელშიც ჩაქსოვილია ნამდვილი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, სიხარული, იუმორი, სიკეთის ქმნა...

საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ „მულტმონსტრების“ ჩვენება, როგორც ევროპის მრავალ ქვაყანაში, საქართველოშიც აიკრძალოს. ყველაფერს რომ კეთილი დასასრული აქვს, ამას ადასტურებს ერთ-ერთი ცნობილი ზღაპარი ბურატინოსა და მის მეგობრებზე, მათ ხომ შეძლეს ყარაბას-ბარაბასზე გამარჯვება, ოქროს გასაღებით კარის გაღება და კეთილ, ფერად სამყაროში შესვლა...

 

სალომე კოხრეიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია