დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
5X - მრავალუცნობიანი განტოლება
2010/10/11 12:36:59

როცა პირველად შევხვდითბ მე მათთვის უბრალო გამვლელი ვიყავი, ჩემთვის ისინი - უბრალოდ, მუსიკოსები. „5X“ - ასე ჰქვია ჯგუფს, რომელიც მრავალუცნობიან განტოლებასავით დამატყდა თავს, პასუხის მათეული ვარიაციებით და ფრაზით: „ჩვენ ვქმნით ახალ პლანეტას“.

 

განტოლების ამოხსნა „P.S.“-ის რედაქციაში დავიწყეთ. აქ ამოხსნის მთავარი ხერხი - ფანტაზიაა და ჩვენც ფანტაზიის სამყაროში გადავინაცვლეთ. ერთი X - „კაკადუ“ გვაკლდა.

„ამ ჟანრის მოსმენა ფანტაზიის გარეშე არ შეიძლება. ეს მუსიკა ჩვენთვის ჩუმი, ნელი სიჩქარეა, თითქოს ნელა გარბიხარ“. ასეთია მათი ჟანრი - ტრიფობი, რომელსაც ამ სახით, ანუ ცოცხალი შესრულებით, საქართველოში მხოლოდ ესენი და, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ განსხვავებული ადამიანებისთვის ქმნიან.

ეს მათი შემადგენლობაა:

გიორგი ტაბატაძე: კლავიში.

ნოდარ სინაურიძე: დასარტყამი ინსტრუმენტი.

ბესო გრძელიშვილი: მევიოლინე.

ქრისტინე სვანიძე: ვოკალი.

ვახო კიკალეიშვილი: იგივე „კაკადუ“, გიტარა.

ნოდარი ძალიან ჩუმია. სიტყვებზე მეტად სათქმელის გადმოცემა ინსტრუმენტით უადვილდება.  ბესო  და  ვახო  „მუზის ავტორები“ არიან. ბესო ყველაზე მეტს ფიქრობს, - ბენდის ის თავია, რომელმაც დანარჩენი ნაწილები შეკრიბა და ერთ მთლიან ორგანიზმად აქცია. ქრისტინეს ფანტაზია კი იმდენად უსაზღვროა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ზღვის ფსკერზე, აკვარიუმსა და კოსმოსშიც კი აღმოვჩნდით.

ვთხოვე, მათი მუსიკა აღეწერათ. იმ მომენტიდან რედაქციაში ნამდვილად აღარ ვისხედით.

ბესო: „ილუზია: პატარა ფართი, მცირე სცენა, სცენაზე არაორდინარულად გაწყობილი ჯგუფი, მუქი ლურჯი ფერი, კვამლი, „პუფებში“ ჩამჯდარი ხალხი, ზოგი სიგარეტს ეწევა, საუბრობენ, - ძალიან ნელი სიტუაციაა, გაწელილი, შენელებული კადრი. თითქოს ნელა გარბიხარ - ეს არის ჩუმი, ნელი სიჩქარე. ყველა ძალიან კარგად გრძნობს თავს. უცებ, გამოდის ჯგუფი, მაგრამ ვერავინ ამჩნევს, იმდენად გარემოს დანამატია ეს მუსიკა და ავსებს ამ ყველაფერს“.

ქრისტინე: „სიმშვიდე, სიმყუდროვე, სილამაზე - ეს წარმომიდგენია“.

გიორგი: „ამ მუსიკის მოსმენის შემდეგ ფანტაზიები ჩნდება“.

ნოდარი: „მეგობრული მუსიკაა“.

მეგობრულ მუსიკას ერთად ქმნიან. შეიძლება, უბრალოდ შეიკრიბონ, ილაპარაკონ და ეს იყოს რეპეტიცია. ტექსტები, რომლებიც შემდეგ ტექსტს ერგება, ან პირიქით - ძირითადად ქრისტინესია. წერს: კაფეში, ლიანდაგზე, ფანჯრის რაფაზე, სახურავზე. სასაფლაოზე ჯერ არ უცდია.

ქრისტინე: „ჩემი ტექსტები ცხოვრებისეულია. იმ ადამიანებზე ვწერ, ვინც ჩემთან ახლოს არიან და შეიძლება მათი ცხოვრება გამოვიყენო, ოღონდ ცუდი გაგებით - არა. როგორც მე მინდა, შეიძლება, ის სიტყვები ისე ვერ გაიგოს ყველამ, მაგრამ ვცდილობ, მივახვედრო. მაგალითად,  გვაქვს  ერთი  სიმღერა        „ღამე“.  ღამეში იგულისხმება ცოცხალი ადამიანი. არა ის, რომ ადამიანი ბნელია, არამედ - რომანტიული. ცოტა ეროტიზმიც არის“

მე: „ეროტიზმიც არის თქვენს წარმოსახვით ბარში?“

ბესო: „ეროტიზმი ყველაფერში შეიძლება დაინახო... ამ ბარში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ბუსჰალტერი გაიხსნა და ისე იცეკვო. შეიძლება,  „ეროტიკა“ ბარის სახელი იყოს...“

მე: „მაგ ბარში ვისთან ერთად შეხვიდოდით?“

გიორგი: „არავისთან ერთად. შევიდოდი, მარტო დავჯდებოდი და „ჩემს პონტში ვიკაიფებდი“.

ნოდარი: „მეგობარ გოგოსთან ერთად, ოღონდ იმასაც უნდო მოსწონდეს ეს მუსიკა“.

ბესო: „მე როგორიც მინდოდა, ისეთი შევიდოდი ჩემს ფიქრებთან ერთად და ცალკე დავჯდებოდი. შეიძლება, შევიდე საყვარელ ადამიანთან ერთად, აუცილებელი არ არის, შეყვარებული იყოს. შეიძლება, გამვლელს შევატყო სახეზე რაღაც, მოვკიდო ხელი და შევიყვანო. ჩემთვის ყველაფერი იქნება იმ მომენტში იმის შეგრძნება, რომ ის ადამიანი ჩემნაირ მდგომარეობაშია და ერთად გვსიამოვნებს ეს ყველაფერი“.

ქრისტინე: „მარტო არ შევიდოდი, - მეგობრებთან ერთად. მარტო თუ შევიდოდი, განტვირთვისთვის, - არავინ და არაფერი რომ არ გინდა და შენს თავთან გინდა მარტო დარჩე“.

ბესო: „ჩვენ ოთხნი თუ მოვხვდებით იქ ერთად, ისე ვერ გავჩერდებით. მე მუზა მომივა, ქრისტინე ტექსტს დაწერს, დანარჩენები რაღაცას გააკეთებენ და ჩავიდენთ საშინელებას. რაიმეს დალეწვას და დანგრევას არ ვგულისხმობ, - ჩვენთვის არასიურეალისტურ საშინელებას“.

მე: „რას გრძნობთ, როცა უკრავთ?“

გიორგი: „როცა ვუკრავ, ამ ქვეყანაზე არა ვარ. თუ ამ ქვეყანაზე ხარ, მაშინ, ის არ გამოგივა, რასაც უკრავ. როცა პიანისტი რაიმე ნაწარმოებს ასრულებს, აუცილებლად რაღაც ილუზიას იქმნის. თუ ილუზია არ გაქვს შექმნილი და უბრალოდ უკრავ ნოტებს, არასდროს არ მიდის ხალხის ყურამდე შენი დაკრული. ილუზია უნდა გქონდეს და აუცილებლად გამოგივა“.

ნოდარი: „დაკვრის დროს დიდ სიამოვნებას ვიღებ, პირველ რიგში, მე თვითონ და მერე ჩემი ბენდის წევრებს ისეთ სიამოვნებას ვუქმნი... სიტყვის მარაგით ვერ გადმოვცემ იმას, რასაც ჩემი ინსტრუმენტით. პატარა ბავშვივით ვარ გახარებული, ისეთი დიდი სკოლა და სიამოვნებაა ჩემთვის ამათთან დაკვრა“.

ქრისტინე: „სიმღერის დროს მე მიწაზე არ ვდგავარ, ნელ-ნელა ავდივარ სადღაც. როცა ვმღერი, განსაკუთრებით - ტრიფობს, წარმომიდგენია, რომ შემოდგომაა: ბილიკი, ხეები, წყარო... ტრიფობში ჩემთვის შემოდგომაა. ხან წყალში ვარ, ხან აკვარიუმში. თავს ვგრძნობ მყუდროდ.

პატარაობიდან ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ბენდი, მემღერა ცოცხალი მუსიკა, ჩემი ენერგია დამეხარჯა ამ საქმეში. ახლა მისრულდება ეს ოცნება“.

მე: „რაზე ოცნებობთ?“

ქრისტინე: „ჩვენი საერთო ოცნებაა, გვყავდეს დიდი ავტობუსი, სადაც აპარატურას დავაწყობთ და ვიმგზავრებთ მთელს მსოფლიოში. ტურნე გვინდა მოვაწყოთ!“

ბესო: „უცხო წევრი ამ ავტობუსში იქნება მარტო მძღოლი“.

გიორგი: „ყველას ერთი მიზანი გვაქვს. ბენდს რა ოცნებაც აქვს, იგივე პირადი ოცნებები გვაქვს ჩვენც“.

ნოდარი: „ძალიან დიდი კონცერტი და ჩვენი მსმენელები“.

ბესო: „მე შეიძლება ათი კაცისთვის დავუკრა და მართლა ესმოდეთ ჩემი“.

 

***

ცოტა ხანში კაფეში ვისხედით და ყავას ვსვამდით, თან მათ სიმღერას ვუსმენდი. „ღამე“ - ასე ერქვა მას. ბარიდან რომ გამოვედით, მართლაც ღამე იყო. მიწაზე ვიყავით, მაგრამ მე იმ წარმოსახვითი ბარიდან მოვდიოდი, სადაც ლურჯი ნათება და ჩუმი, ნელი სიჩქარე დავტოვე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია