დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ხელი საერთო ქისაში
2012/07/16 13:18:03

მმართველი პარტიის საარჩევნო ამოცანებისათვის 12-ჯერ მომხდარი საბიუჯეტო ცვლილება

 

სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, როცა ბიუჯეტი იხარჯება? ქუთაისის მაგალითით, ამ ზღვარის დადგენა, მითუმეტეს, საარჩევნო წელს, თითქმის შეუძლებელია: ყველაფერი, რაც საბიუჯეტო თანხით კეთდება, მოსახლეობამდე ნაციონალური პარტიის სახელით მიდის - მხოლოდ იგი მოიაზრება საზოგადოების სასიკეთო საქმეების მუდმივ წყაროდ; ხშირ-ხშირი საბიუჯეტო ცვლილებებიც იქითკენ არის მიმართული, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ერთი პარტიის საარჩევნო ამოცანებს მოხმარდეს. 

მცირე ექსკურსი დიდ ციფრებში: თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს ?143 დადგენილებით, 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად განსაზღვრულია: „ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარება, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და გარემოს დაცვის პროექტების ეფექტურად განხორციელება, საცხოვრებელი შენობების კეთილმოწყობა და ქალაქის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართვა მოსახლეობის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში; სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ჯანრმთელობის დაცვისა და სოციალური ღონისძიებების განხორციელება; განათლების, სპორტისა და კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა.“

2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები, ამავე დადგენილებით, განსაზღვრულია 33745.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 1. გადასახადები - 4 110.0 ათასი ლარი; 2. გრანტები - 24 236.9 ათასი ლარი; 3. სხვა შემოსავლები - 5 398.1 ათასი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქუთაისის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისათვის გამოყოფილია 24 236.9 ათასი ლარი, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი - 24 021.9 ათასი ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი - 215.0 ათასი ლარი.

 

*** 

მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულომ 2011 წლის 22 დეკემბერს ?143 დადგენილებით დაამტკიცა ქალაქის 2012 წლის ბიუჯეტი, დღემდე უკვე 12-ჯერ განახორციელა დადგენილებით მიღებული ცვლილებები: 2011 წლის 30 დეკემბერს (დადგენილება ?145); 2012 წლის 18 იანვარს (?146), 27 იანვარს (?148); 29 თებერვალს (?229); 20 მარტს (??152, 153, 154); 28 მარტს (?155; ?156); 25 აპრილს (?157); 30 მაისს (?158); 27 ივნისს (?159).

დადგენილებები, განკარგულებები და სხვა ოფიციალური უწყებანი გამოქვეყნებულია გაზეთში „ენციკლოპედია „ქუთაისი“ (მისამართი: რუსთაველის გამზირი, ?3. მერიის I სართული), რომელიც მასობრივი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი არ არის და, ამდენად, ბიუჯეტში შეცვლილი მსხვილი რიცხვები, საბიუჯეტო პრიორიტეტთა შორის უფრო მეტად გამოკვეთილი პრიორიტეტები, ცალკეული პროგრამებისა და პროექტების გარკვეული მიმართულებით დინება - „თვალს“ მოფარებულია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ აპრილში გამოაქვეყნა „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის,“ რომელშიც 2012 წლის 1 იანვრიდან 30 მარტამდე, ბათუმისა და გორის მუნიციპალიტეტებთან ერთად, შესწავლილი და გაანალიზებულია ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი და შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამები.

საია-ს დასკვნით, ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში „გამოვლინდა ცალკეული პროგრამების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც ადგილი არ ჰქონია წინა წლების ბიუჯეტთან შედარებით - წინა წლებთან შედარებით გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამების დაფინანსებაც; ნარჩენების გატანისა და ქუჩების დასუფთავების პროგრამა, გარე განათების პროგრამები; ბიუჯეტების ანალიზისას შეინიშნება თვითმმართველობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ზრდაც.“

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებიდან გამოიყოფა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა. გაზრდილია პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტები და ბენეფიციართა რაოდენობა: თუ 2010 და 2011 წლებში მედიკამენტებით უზრუნველ-ყოფის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემოდა მაქსიმუმ 100 ლარიანი ტალონი, 2012 წელს ეს ლიმიტი 200 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამით ხდება ბენეფიციართა 50%-იანი თანადაფინანსება ბიუჯეტიდან: თუ 2010-2011 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას 700 ლარის ლიმიტის ფარგლებში ეხმარებოდა, 2012 წელს აღნიშნული ლიმიტი 1000 ლარამდე გაიზარდა. ქუთაისის ბიუჯეტის ანალიზისას, ასევე გამოიკვეთა სოციალური ღონისძიებების პროგრამები, რომლებიც გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

საია-ს შეფასებით, არასაარჩევნო წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია პროგრამა „კორპუსის“ დაფინანსება ბიუჯეტიდან. ასევე გაზრდილია ნარჩენების გატანისა და ქუჩების დასუფთავების პროგრამა, გარე განათების პროგრამა. განსაკუთრებით თვალში საცემია ქალაქის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამაში გამოყოფილი თანხების ზრდა. მაგალითად, თუ 2010 წელს 115,800 ლარი, ხოლო 2011 წელს 171,500 ლარი დაიხარჯა ამ პროგრამის ფარგლებში, 2012 წელს იგეგმება 917,500 ლარის ოდენობის თანხის გამოყოფა.

საია-ს დასკვნით, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზისას განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა დაფინანსებაც მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო - 2010 და 2012 წლებში მოხდა; არანაირი დაფინანსება არ ყოფილა გამოყოფილი 2011 წლის ბიუჯეტით. ასეთია, მაგალითად, ეზოებში საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟებისათვის ბიუჯეტიდან 300,00 ლარის გამოყოფა. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი დაფინანსდა 2010 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს და იგეგმება 2012-ში - საპარლამენტო არჩევნების წელს.

ეს მონაცემები 1 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. როგორც საია-ს ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია ჩვენთან საუბრისას ამბობს, საია განაგრძობს ბიუჯეტის შესწავლას და გაანალიზებას. მალე მზად იქნება და საზოგადოება იხილავს მონიტორინგის ახალ სურათს.

 

***

საბიუჯეტო ცვლილებების ფონზე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პროგრამა „კორპუსი“, რომლის დაფინანსებაც წელს მნიშვნელოვნად გაზრდილია და რომლისთვისაც   ბიუჯეტიდან გამოყოფილია  2 503 755  ლარი,  რეგიონული განვითარების ფონდიდან - 1 459 745 ლარი. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 3 963 500 ლარი, განსახილველ ღონისძიებებში კი მითითებულია:

„პროგრამა „კორპუსის“ ეფექტურად განხორციელებისათვის მიზანშეწონილია, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში აყვანილ იქნეს მთავარი კოორდინატორის 1 ერთეული, წამყვანი კოორდინატორის 3 ერთეული და კოორდინატორის 125 ერთეული, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, პროგრამის მოქმედების ვადით, ხელშეკრულების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, ნიშნავს ქალაქის მერი.“

რატომ არის „პროგრამის მოქმედების ვადით“ შექმნილი, რიგითი კოორდინატორის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ 125-ვე კაცს მერი ნიშნავს?

მოქალაქე თენგიზ გაბუნიას ამაზე ასეთი აზრი აქვს: „იმიტომ, რომ ესენი სწორედ ნაციონალების კოორდინატორები იქნებიან. აბა, მე, უპარტიოს და უცხოს, მანდ   ვინ   დამნიშნავს?  რა  პროგრამა „კორპუსის“ განხორციელებაზე მელაპარაკებით, ნახევარი წელი გავიდა და ნახეთ ერთი ჩვენი სახლები! ამ პროგრამის რაღაც უმცირესი ნაწილი მართლაც მივა მოსახლეობამდე, დანარჩენი - ნაციონალების საარჩევნო ფონდს მოხმარდება მშვიდობაში.“

„პროგრამა „კორპუსი“ არაკანონიერია და ჩვენ ეს არაერთხელ აღვნიშნეთ. ამიტომ ახლა სრულიად კანონიერად მივმართავთ თვითმმართველობას, რათა საკრებულომ გადმოგვცეს სპეციალური ბლანკები, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, მოაწეროს ხელი და დააფიქსიროს პოზიცია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და არჩევნებისთვის შექმნილი პროგრამა.“ - ასეთი განცხადება გააკეთა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ 10 ივლისს.

11 ივლისს ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს, ქალაქის მერმა პროგრამა „კორპუსის“ ბიუჯეტის გაზრდისა და ფინანსთა სამინისტროსაგან დამატებით კიდევ 2 მილიონი ლარის მოთხოვნის საკითხი დააყენა.  პროგრამის წინასაარჩევნოდ 6 მილიონამდე გაბერილი ბიუჯეტი, როცა წინა წლებში ნახევარ მილიონსაც არ სცილდებოდა, ცხადია, ოპოზიციის დიდ ვნებათაღელვას იწვევს, ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს კი ოპონენტების მიმართ ასეთი პასუხი აქვს: „კორპუსის მაკრიტიკებლები“ მართალი უნდა იყვნენ საკუთარი სინდისის წინაშე, რადგან პროგრამა მათი მეზობლებისა და ახლობლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება“  („New Press“, 11.V).

 

***

ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება 200 000 ლარით. მაგრამ  ეს არაა ის ზუსტი თანხა, რასაც ახალგაზრდებს დაახარჯავენ. ბიუჯეტის ეს ნაწილი შეისწავლა ჟურნალისტმა ქრისტინა ქარჩხაძემ („ახალი გაზეთი“, 11-17 ივნისი, 2012), რომელიც აღნიშნავს: „ბიუჯეტში ცვლილების შედეგად, პროგრამის ფონდი წლის განმავლობაში მზარდია, ის ახალგაზრდული ორგანიზაციები კი, რომლებიც აღნიშნული ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ხელისუფლებასთან დააახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებად იზრდებიან. ქუთაისის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლი, რომელსაც ქალაქში „ქაოსის“ სახელით იცნობენ, 15-მდე ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. დამფუძნებლები სტუდენტები არიან. შესაბამისად, მათი საქმიანობის სამიზნე ჯგუფს მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენენ. აღნიშნული ორგანიზაციები ახალგაზრდული თემატიკის პროექტებს ახორციელებენ, თუმცა, როგორც ირკვევა, არჩევნების პერიოდში საარჩევნო თემატიკაზე ერთვებიან... ხელისუფლება ახალგაზრდულ არასამთავრობო სექტორს მატერიალურ შემწეობასა და გარკვეულ პრივილეგიებს ჰპირდება, ხოლო, სანაცვლოდ, ახალგაზრდული პოლიტიკის „ნაციონალური“ კუთხით გატარების დაპირებას იღებს.“

ახალგაზრდა ელექტორატის „ნაციონალურად მომზადებას“ ისახავს მიზნად მათი ასეულობით წარმომადგენლის საზაფხულო დასვენება ანაკლიაში. ერთ-ერთი მათგანი უამბობს გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს: „რაც შეეხება იმას, თუ რა ნიშნით შეგვარჩიეს, დიდი კონკურსი არ გაგვივლია. მთავარი იყო ის, რომ ვიყავით ნაციონალები და ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები ხმას მმართველ ძალას აძლევენ“(„P.S.“ ?27, 2012). რა უჯდება ბიუჯეტს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ეს კომფორტული პარტიული წვრთნა, გასაიდუმლოებულია.

როგორც ყოველი არჩევნების წინ, ახლაც აქტუალურია სტუდენტური დასაქმების პროგრამა. „Summer job“-ში ჩართული თითოეული ახალგაზრდა 500 ლარს მიიღებს. ქუთაისის მერია სხვადასხვა ობიექტზე 1172 სტუდენტის დასაქმებას იღებს საკუთარ თავზე. ეს ბიუჯეტიდან გაღებული, დაახლოებით, 586 ათასი ლარია. საია-ს მონაცემებით, „სასწავლებლების თვითმმართველობები საიტზე წინასწარ არეგისტრირებდნენ მათ მიერ არჩეულ სტუდენტებს და სიებს განათლების სამინისტროში აგზავნიდნენ, რამაც სტუდენტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.“ გარდა იმისა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებმა კვლავ გაიარა სახელმწიფო ბიუჯეტის გზა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია: როგორც „საია“ ზემოხსენებულ მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნავს, „პროგრამის ლოგო ჰგავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნომერს, რამაც, შესაძლოა, საზოგადოების თვალში სახელმწიფო ბიუჯეტით განხორციელებული ღონისძიებების პარტიულ საქმიანობასთან გაიგივება გამოიწვიოს. მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება 1990 წლის კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტის მე-5 მუხლს, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, ნათელი ზღვარი გაავლონ სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობებს შორის, რათა არ მოხდეს სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების აღრევა.

 

***

საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით გვესაუბრება „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი მამუკა მღვდელაძე:2012 - არჩევნების წელია და განსაკუთრებით ბევრი ცვლილება შევიდა ბიუჯეტთან დაკავშირებით - წელს „მოდაშია“ ბიუჯეტის თარგზე მორგება. მაგალითად, ბოლო ცვლილების დროს, საკრებულოს წევრებს გაუზარდეს საწვავის ოდენობა. ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იყენებენ მავნედ სახელმწიფო რესურსებს. მე წინააღმდეგი ვიყავი, მე არ ვესწრებოდი საერთოდ იმ სხდომას. რატომ უნდა გაზრდილიყო? თუ არ გყოფნის საწვავი წინასაარჩევნოდ, ამისათვის არსებობს პარტიის დაფინანსება და არა - სახელმწიფო ბიუჯეტი.

ეს მხოლოდ 2-3 დღის ხარჯი კი არაა ქალაქისათვის, ამას ხომ მერე არავინ შეამცირებს და დარჩა, ფაქტიურად, გაზრდილი ბიუჯეტი! არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არასაარჩევნო დროს ეს დეპუტატები, არ დამაჯეროთ, რომ ვინმეს ხვდებიან! ახლა აქვთ მათ ინტენსიური რეჟიმი, იმიტომ რომ პარტიულ დავალებას ასრულებენ და ხვდებიან თავიანთ ამომრჩეველს, თორემ სხვა დროს ისინი ძალიან პასიურები არიან.

საყურადღებოა წინა ცვლილებაც - როცა მუნიციპალიტეტებს ხელფასები გაუზარდეს. მე ხელფასების გაზრდის წინააღმდეგი არ ვარ იმათ მიმართ, ვინც იმსახურებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ყველასათვის ნათელია - მუნიციპალიტეტების ხელფასების გაზრდა არჩევნებთანაა დაკავშირებული.

კარგია, შადრევანი რომ გვაქვს, მაგრამ როცა გადაუჭრელია ბევრი სოციალური პრობლემა, როცა ბიზნესის განვითარებისათვის ვერ ხარჯავ 50 ათას ლარზე მეტს, მაშინ არ შეიძლება, თავი მოიწონო იმით, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან შადრევნისათვის დახარჯე 4 მილიონ ლარზე მეტი, ცვლილებები შეიტანე ბიუჯეტში! და ყველამ ყრუდ და ბრმად დაუჭირა ამას მხარი!

გასულ წელს ინფრასტრუქტურული პროგრამები ყველა ჩავარდა, სამაგიეროდ, პიარ-პროგრამები („შადრევნები“, ყინულის მოედანი, ველო-ბილიკები...“) წარმატებით ხორციელდებოდა. ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვა შარშან შეაჩერეს, სამაგიეროდ, გადმოიტანეს წელს. გზებზე შარშან ძალიან ცოტა დაიხარჯა, წელს 10 მილიონია საჭირო, მაგრამ დაიხარჯება ერთი მესამედი. ესეც კეთდება ძალიან ვიწრო ინტერესით. მაგალითად, 900 მეტრიანი ქუჩა, ჩანჩიბაძის ქუჩა, შეამცირეს - 300 მეტრს აღარ აკეთებენ ბოლოში. არ უღირდათ, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობს ძალიან ცოტა ამომრჩეველი, დაახლოებით - 50 ხმა!

სოციალური კუთხით, ყველა ფინანსური რესურსი აქვთ თავმოყრილი და დახარჯავენ ერთჯერად პროექტებში წინასაარჩევნოდ.“

თუ რა განაპირობებს ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ხშირ ცვლილებას, ამაზე ქუთაისის  საკრებულოს   ფრაქცია  „ქრისტიან-დემოკრატების   თავმჯდომარეს გიორგი შავგულიძეს ასეთი პასუხი აქვს:
წლის მანძილზე ბიუჯეტში ცვლილებები, ძირითადად, გამოწვეულია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერებით, რომელიც გადანაწილდება სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად, ასევე წინა წლიდან გადმოყოლილი ნაშთის განაწილებით.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ბიუჯეტის  ოდენობა  განისაზღვრა   34 000 000 ლარით, რომელიც, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებისა და გრანტების  გათვალისწინებით, სავარაუდოდ, 100 000 000   ლარს   მიაღწევს.  თუ   გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად  გამოცხადდა, ცენტრალური ხელისუფლებიდან რეზერვების სახით გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ხმარდება ან მოხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ამჟამად საუბარია ღვარსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოების 10 000 000 მილიონით დაფინანსებაზე. ხშირ შემთხვევაში საბიუჯეტო ცვლილებას   განაპირობებს პროგრამა „კორპუსი“, რომელიც მიღებული იქნა 2010წლის  27 იანვრის ?264 დადგენილებით და ითვალისწინებს კორპუსებში კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის თანახმად, სახურავის გადახურვა, ბუნკერების და ლიფტების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის მილების მოწესრიგება ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით, სადაც დაფინანსების  90%-იანი წილი ხელისუფლებას ეკუთვნის, ასეთ შემთხვევაში თვალთახედვიდან რჩებათ, ან ვერ ითვალისწინებენ  საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციის მიერ შედგენილ-შესასრულებელი სამუშაოების სხვადასხვა დეტალებს, რომელიც დაფინანსებას  მოითხოვს. ასე მაგალითად, ლიფტების აღდგენის პროგრამის შემუშავებისას არ იქნა გათვალისწინებული, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ან სხვა რამ, რაც დაფინანსებასთან არის დაკავშირებული და ასახული უნდა იყოს ბიუჯეტში.“

და, ბოლოს, თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლის შეფასება: როგორც ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის  საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ზოგადად და ცალსახად ამბობს, „ბიუჯეტის ხშირი ცვლილება - ეს არის დადებითი მოვლენა იმ მხრივ, რომ მეტი შემოსავლებია ქალაქში და ეს ბიუჯეტზე აისახება.“

მაგრამ ამ „დადებით“ ცვლილებებში ელემენტარული ჩაღრმავებითაც კი ჩანს, რომ ქუთაისში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არათანაბარი წინასაარჩევნო პირობები ექმნებათ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია