დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წმინდა სინოდმა ასე გადაწყვიტა...
2012/07/16 13:26:33

უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს მოსახლეობა ახალი, ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი პასპორტებით სარგებლობს. როგორც ვიცით, აღნიშნული საბუთის ფასი 30 ლარია, შეღავათებით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ადამიანები.

მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ამ საკითხზე თავიდანვე განსხვავებული მოსაზრება იყო, მაგრამ დღეს დოკუმენტი უკვე მოქმედებაშია და კვლავ დავის საგანია.

დეკემბერში წმინდა სინოდმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით კომისია ჩამოაყალიბა. გასულ კვირას, 5 ივლისს სწორედ ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი თემა წმინდა სინოდის კრებაზე. სინოდის განცხადებით, ახალი ელექტრონული ID ბარათები, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს ძველ პირადობის მოწმობებს, არ არის „ანტიქრისტეს ბეჭედი“.

5 ივლისის გადაწყვეტილებაში წმინდა სინოდმა სთხოვა მთავრობას: „თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იქნეს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“. იუსტიციის სამინისტროს პასუხია: „ახალი“ ბარათების დაუყოვნებლივ აღება სავალდებულო არ არის. ძველი პირადობის მოწმობის მფლობელებს ახლის აღება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც მათ ძველ ბარათებს ვადა გაუვა.“

რატომ გახდა დღეს ისევ აქტუალური ჩიპიანი პასპორტების თემა და რას ფიქრობენ ამ საკითხზე საზოგადოება, საეკლესიო პირები და რელიგიათმცოდნეები?

მაია ნადირაძე, რელიგიის მასწავლებელი: „მე ვისმენდი სინოდის გადაწყვეტილებას და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი. მართალია, მათ აღნიშნეს, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ნიშანი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო დამოუკიდებლად მიღებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ამ საკითხზე დისკუსია დაგვიანებულია. არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, მაგრამ სინოდის კრება  მაშინ  უნდა  ჩატარებულიყო,  როცა  მთავრობაში ამ ბარათების გამოშვებაზე დაიწყეს ბჭობა. დღეს კი ამ საკითხის ასე გააქტიურება „რელიგიურ ინსტიტუტებში“ პოლიტიკოსების შეჭრამ განაპირობა. მითხარით, საქართველოში რომელი ინსტიტუტია დამოუკიდებელი, ეს რომ იყოს?“

მირანდა მშვენიერაძე, იურისტი:    „მე ასე ვიცი, ვისაც ეს ჩიპიანი პასპორტი აქვს, ერთი წელი ვერ ეზიარება. ზოგადად, ეს საზოგადოებამ უნდა  გადაწყვიტოს,  აიღებს  თუ - არა. მაგრამ ვისაც თურქეთში და მოსაზღვრე ქვეყნებში უნდა გადასვლა, იმათთვის კარგია და ხელმისაწვდომიც. მე, მაგალითად, ახლახან ავიღე, მაგრამ ამის კურთხევა მამაომ მომცა. სინოდის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ვეთანხმები, მან საზოგადოებას ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, ანუ ძველი პირადობების ახალი ვერსია ძალაში დატოვა.“

ბელა ჩაჩუა, საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტი: „დასანანია, რომ ამ საკითხზე ახლა მსჯელობენ. რა აზრი აქვს, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა უკვე აიღო ეს პასპორტი. დროდადრო ვრწმუნდები, რომ ბიბლიის წინასწარმეტყველება თანდათან ხდება, ქართველი ხალხი აღირევა დასავლურ ფასეულობებთან. რა, არ არის ასე? იქ წერია, რომ ანტიქრისტეს ნიშნით „დავიდაღებით“ - რა, არ მოხდა ასე? მიუხედავად იმისა, რომ ამას ახლა უარყოფენ.“

ზაზა კუჭუხიძე, ისტორიკოსი: „ჩემი აზრით, ID ბარათი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა სერვისი მოაგვარო სახლიდან გაუსვლელად, რაც ხალხს ცხოვრებას უმარტივებს, ყველაფერი სატანური რანაირადაა?“

მამა გიორგი: „შვილო, ერობა და მხედრობა ესენია და ჩვენ რას ვიზამთ. ვცოდავთ? იმათ კისერზე იყოს. ზეციერი ზემოდან ყველაფერს ხედავს.

წმინდა სინოდის 5 ივლისის  გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში მიუღებელია.“

ამრიგად, ID ბარათები ისევ განსჯის საგანია, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ და ვიკამათოდ, უკვე ერთი წელია ამ საბუთს ძალა აქვს და მოსახლეობის 70% აქტიური მომხმარებელია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია