დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კაცურ-არაკაცური ქართულ პოლიტიკაში
კაცურ-არაკაცური ქართულ პოლიტიკაში
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1936
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც საფრანგეთში მის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმის ჩაშლის საქმეს შეისწავლის. ირაკლი ალასანია უკვე ღიად აცხადებს, რომ საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენა მოქმედმა პრემიერმა ჩაშალა და სანამ მის მიმართ სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოაცხადებს, მანამდე პარლამენტმა მემორანდუმის საქმე უნდა შეისწავლოს.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა საგანგებო ბრიფინზე გააჟღერა.

 

„კომისია შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ამოწურვის შემდეგ ეს შეთანხმება გაფორმებული არაა. ვიდრე პრემიერ-მინისტრს სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოვუცხადებთ, მინდა საქართველოს პარლამენტმა ასეთი შესწავლა ჩაატაროს,“ - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ალასანიას განცხადებითვე, საფრანგეთში  გაფორმებული მემორანდუმით  გათვალისწინებული შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ქვეყანა საჰაერო სუვერენიტეტზე სრულ კონტროლს აიღებდა და ქვეყანას არა ერთი საფრთხისთვის გამკლავების შესაძლებლობას მისცემდა.


„ბუნებრივია, მე დღეს ვერანაირ დეტალს ვერ გავამხელ, თუ რა ტაქტიკურ-ოპერატიული საშუალებები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით, მაგრამ გეტყვით, თუ რისგან შეგვეძლებოდა თავდაცვა, თუკი ეს შესაძლებლობები საქართველოში განთავსდებოდა, ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი - ბომბდამშენი, ვერტმფრენი - ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე იქნებოდა. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე.

 

გარდა ამისა, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიცაა საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორიცაა ე.წ. ისკანდერი და სხვა სარაკეტო სისტემები,“ - განაცხადა ალასანიამ.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, ამ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ფინანსური ასპექტიც იყო, რადგან ამ შემთხვევაში  საჰაერო თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსება ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა.

 

„არცერთი ინვესტორი არ ჩადებს ჩვენს ქვეყანაში დიდძალ ფულს, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუკი მან იცის, რომ ნებისმიერ დროს მეზობელ ქვეყანას შეუძლია შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში,“ - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

 

ალასანია ე.წ. „კაბელების საქმეს“ და საფრანგეთში მის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს ერთმანეთს უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელი მდივანი, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს, მას პრემიერ-მინისტრის სახელით დაუკავშირდა და უთხრა, საფრანგეთის შესაბამის ინდუსტრიებთან მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. ალასანიას თქმით, მისთვის ეს თხოვნა გასაკვირი იყო იმ ფონზე, როდესაც ყველა დეტალი როგორც პრემიერთან ისე უსაფრთხოების კაბინეტის წარმომადგენლებთან, შეთანხმებული იყო.

 

„იმ მომენტში, როდესაც არ დავემორჩილე ამ არასწორ, უკანონო მითითებას და მეორე დღეს, დილით, როდესაც ხელმოსაწერად მივდიოდი, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს, იმ იმედით, რომ მე ჩემს სწორ განზრახვაზე უარს ვიტყოდი... ჩამოვედი თბილისში და როდესაც ვიკითხე, რატომ მოხდა ამ ადამიანების დაკავება, წესიერი პასუხი ბუნებრივია, არ მივიღე. ამას დაემატა ისიც, რომ პროკურატურამ თავხედურად გააგრძელა შემოტევა პოლიტიკური ნიშნით,“ - განაცხადა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, თავად ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, განხილვებში, რომელიც უსაფრთხოების საბჭოზე მიმდინარეობდა სოლიდარულად იყო ამ თემის მიმართ და მხარს უჭერდა და იმედი ჰქონდა, რომ იგი დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა.

 

 

 

უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია?!

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ამ მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

 

იგი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გაკეთებულ განცხადებებში უსაფუძვლო არგუმენტები მოიყვანა, თითქოს ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა მხოლოდ მას სურს.

 

„ახლაც მათ დაახლოებით ისეთი სურათი წარმოაჩინეს, თითქოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს უნდა, საქართველოს საჰაერო სივრცე იყოს დაცული და ხელისუფლება ამის წინააღმდეგია. არ მგონია, ვინმეს ასეთი არგუმენტაციის სჯეროდეს... შესაბამისად, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, დარწმუნებული ვარ, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება,“ - მიიჩნევს კახიანი. 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ       ჯაფარიძე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას არ ემხრობა. მისი განმარტებით, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეეძლო ამ საკითხზე დახურული სხდომის მოწვევა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელი კი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას თავის წესი აქვს.

 

„ქვეყანაში ძალიან ბევრი თემაა აქტუალური და ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თემაზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისი წესი და მიზანშეწონილობა აქვს და გააჩნია, ფრაქცია როგორ დაასაბუთებს ამ მოთხოვნას,“ - განაცხადა ხიდაშელმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუკი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იტყვიან, რომ - რაც ალასანიამ თქვა, ტყუილი იყო,  მაშინ  სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია და ეს ყველაფერი გადამოწმდეს.

 

„კომისიას და 6 თვის კარგვას აზრი ამ შემთხვევაში არ აქვს იმიტომ, რომ არც ჯანელიძე და არც ღარიბაშვილი საერთოდ არ უარყოფენ, რომ ასეთი რამ მოხდა. ანუ ყველაფერი ნათელი ხდება. საზოგადოებას უნდა  ესმოდეს, რომ ის, რაც თქვა ალასანიამ, ზუსტად ასეც მოხდა. რაღა უნდა გამოვიძიოთ? აქ ერთადერთი საკითხია - ამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა,“ - აღნიშნავს დარჩიაშვილი სამ საკითხზე საუბრისას.

 

ალასანიას განცხადებების დამაჯერებლობაში ეჭვი ეპარება არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს.

 

„მისი განცხადებები დამაჯერებელი იქნებოდა, ამ ფაქტის შემდეგ თავად რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან. გაშვების შემდეგ, როცა ლაპარაკობენ, მაშინ ნამდვილად არ არის განცხადებები დამაჯერებელი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

მაშ ასე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უკვე პირდაპირ  განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი. თუმცა, ბრალდების მთავარი ადრესატი - პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ როდესაც ალასანია ამ თემაზე ასე საჯაროდ საუბრობს, ეს არაკაცური საქციელია მისი მხრიდან, ხოლო მემორანდუმის საქმის  კომუნიკატორი (როგორც მას ალასანია უწოდებს), დღევანდელი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ამბობს, მან ალასანიას მხოლოდ ხელმოწერის გადადება სთხოვა. 

 

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირაკლი ალასანიას მან ხელმოწერის აუცილებელი პროცედურების დაცვა შეახსენა და მისი გადადება სთხოვა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ალასანიასთვის საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა არ მოუთხოვიათ, ამ თემაზე ბევრი საუბარი კი საქართველოს უსაფრთხოებას ავნებს.

 

„მე მას შევახსენე იმ აუცილებელი პროცედურების დაცვის შესახებ, რომელიც მას უნდა დაეცვა და ვთხოვე, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედო ხელმოწერა და არა ისე, როგორც თავად აცხადებს, რომ უარი ეთქვა მასზე. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც თავდაცვითი შესაძლებლობის განვითარებას ეხება, ის დღესაც წარმატებულად მიმდინარეობს სამინისტროში, რაც უფრო მეტი ჭორაობა, მითქმა-მოთქმა იქნება, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას მეტი ზიანი მიადგება,“  -  განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია