დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუფა ბებოს ოცნება
რუფა ბებოს ოცნება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1867
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

რუფა ღონღაძეს 9 მაისის ღონისძიებაზე შევხვდი საჩხერეში. შვილის ხელს დაყრდნობილი მკვეთრად და გამართულად საუბრობდა. მირთმეული თაიგულის გამო მადლობა გადამიხადა და თავის შესახებ მიამბო. ქართულად საუბარი შედარებით უჭირს და ადგილ-ადგილ რუსულით ანაცვლებს.

 

 

მოსკოვში 91 წლის წინ დაბადებულა, პირველი კურსი დაუხურავს უნივერსიტეტში, მერე მეორე მსოფლიო ომი დაწყებულა. რუფას, სიცოცხლით სავსე გოგონას,  გადაუწყვეტია,   რომ     „მედსესტრა“ გამხდარიყო და საექთნო კურსების დასრულების შემდეგ, ომის წინა ხაზზე მოხვდა კიდეც. ვინ იცის, რამდენი დაჭრილისთვის ადგილზე აღმოუჩენია დახმარება და ვერც იმას მოთვლის, რამდენი სასიკვდილოდ განწირული გადაუყვანია სტაციონარამდე. დაბომბვის დროს თავს სამალავებს ვაფარებდით თავს, მერე კი ბრძოლის ველზე დაზარალებულებსა და დაჭრილებს ვშველოდიო,“ - თქვა რუფამ.

 

ომში გაიცნო მომავალი მეუღლე, გიორგი ღონღაძე. საჩხერეში წამოჰყვა მომხიბვლელ ქართველს და ამის მერე საჩხერეში ცხოვრობს. აქედან ფეხი არ გამიდგამსო, - ამაყად ამბობს ცისფერთვალება ბებო. გათხოვების მერე ქუთაისში დაუსრულებია რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და საჩხერეში ასწავლიდა რუსულ ენას ბავშვებს. არდადეგების დროს კი ადგილობრივი კადრების გადამზადებაც მისი საქმე იყო.

 

 მეოცე საუკუნის დასაწყისში საჩხერე ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა და იქ მხოლოდ კერძო პრაქტიკის მქონე ექიმები მკურნალობდნენ ავადმყოფებს. თუ სტაციონარი იყო საჭირო, ჭიათურაში უნდა ჩასულიყვნენ. სტალინურ პერიოდში კერძო სამედიცინო პრაქტიკა სასტიკად აიკრძალა და გიორგი ღონღაძემ ომისდროინდელ მეგობარს, მაშინდელ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს მიმართა თხოვნით, საავადმყოფო გაგვახსნევინეთო. გიორგის თხოვნა დაკმაყოფილდა და პირველი სტაციონარიც გაიხსნა საჩხერეში. ბუნებრივია, რომ გიორგი დაინიშნა მთავარ ექიმად, თუმცა, ბოლოს, მოხუცობის ჟამს, დიაბეტით დაავადებული გარდაცვლილა.

 ორი შვილი გაზარდეს გიორგიმ და რუფამ. ვაჟი, რუსლანი, არქიტექტორი იყო და ძეგლთა რესტავრაციით იყო დაკავებული. თურმე რუსლანი ზვიად გამსახურდიასთან მეგობრობდა  და  „მრგვალი მაგიდის“ წევრიც იყო. მას პირველი ცოლი უკრაინელი ჰყოლია, რომლისგანაც ტყუპი ვაჟები შესძენია. ერთი მაშინვე დაღუპულა, ხოლო მეორე, გიორგი ღონღაძე, უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი იყო.

 

- „მთავრობას აკრიტიკებდა და სულ ვაფრთხილებდი, ფრთხილად იყავი, ხალხის აზრის დაცვაც კარგია, დამნაშავეთა მხილებაც, მაგრამ ეს ომია და ცხენი მუდამ მზად უნდა გყავდეს-თქო, - ვეუბებოდი ჩემს შვილიშვილსო, თქვა ცრემლის ყლაპვით რუფა ბებომ, - გიორგიზე ერთ-ერთ გაზეთში სტატია ეწერა, რომელსაც დღემდე ვინახავ: „მას კარგი ქართველის ყველა თვისება ჰქონდა, სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარეს ერთნაირად გვეპატრონებოდა, ორივე მხარეს ქართულ-უკრაინულად გვარიგებდა. ასეთი იყო გიორგი ღონღაძე.“

 

რუსლანის მეორე შვილი, ქართველი მეუღლისაგან გაჩენილი, ამჟამად „იმედში“ მუშაობს. რუფა წუხს, რომ შვილიშვილთან ერთად არ უწევს ცხოვრება (თბილისში მუშაობსო). ქალიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ სექტემბრიდან, იმედია, ისევ დაიწყებს მუშაობასო.

 

 ყოველწლიურად, 9 მაისს, გმირთა მემორიალთან მიდის, ყვავილებს მიიტანს ხოლმე და  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა საფლავებსაც აკითხავს. მოძრაობა უჭირს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას იჩენს ხოლმე და წელს მემორიალამდე მანქანითაც მიიყვანეს. ერთჯერადი თანხა - 450 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ რუფას ყურადღება სიამოვნებს. თან წლევანდელი ერთჯერადი ფინანსური საჩუქარი ყველა ადრინდელზე მეტი ყოფილა...

 

 ნატვრა და ოცნება ყველა ასაკში შეიძლება. რუფა ბებოს საწიგნედ დაწერილი აქვს „რუსული ენის თვითმასწავლებელი“, რომლის გამოცემაზე ფიქრობს. ლექსებიც აქვს და ზღაპრებიც შექმნილი, ოღონდ რუსულ ენაზე. თუ ვინმე გადათარგმნის ზღაპრებს, გადათარგმნოსო (მოვსინჯავ ერთი ზღაპრის გადათარგმნას, ეგებ გამომივიდეს - რ.ხ.). 

 

„მეგობარმა მითხრა, რომ 120 წელი იცხოვრებო. მინდა, რუსეთში დავბრუნდე. ეგებ ლექსები და ზღაპრები გამოვცე,“ - დაასრულა რუფა ბებომ საუბარი და უსაზღვროდ ლურჯი თვალებით გაიღიმა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია