დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არის თუ არა გენდერული ბალანსი დაცული პარტიათა ქუთაისურ სიებში?
არის თუ არა გენდერული ბალანსი დაცული პარტიათა ქუთაისურ სიებში?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3694
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

როგორ აფასებენ ქალი კანდიდატები თავიანთ შანსს?

 

პოლიტიკური უფლებები რომ მოეპოვებინათ, „სუსტი სქესის“  წარმომადგენლებს საუკუნოვანი ბრძოლა დასჭირდათ. დღეს მათ უფლებებს კანონმდებლობა იცავს და აღიარებს.

 

თუმცა, ბოლო წლებში არა თუ უფლებების მინიჭებაზე, არამედ თანასწორობაზე გაჩნდა მოთხოვნა. მართალია, ქალი პოლიტიკაში დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ რეალობაში  ქართულ პოლიტიკაში ქალები კვლავ უმცირესობით არიან წარმოდგენილი.

როგორც ჩანს, საზოგადოება ჯერ კიდევ არაა მზად გენდერული თანასწორობისთვის, რისი თვალსაჩინო მაგალითიც „ჟურნალსიტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დაწყებაა.  ორგანიზაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ დისკრიმინაციული გამონათქვამების მონიტორინგს განახორციელებს. განსაკუთრებული აქცენტი კი არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების მისამართით გაკეთებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე გაკეთდება.

 

„ჩვენი ქსელი იწყებს მონიტორინგს, რომელიც მხოლოდ ქალბატონებს არ შეეხება, თუმცა, მთავარ აქცენტს ჩვენ სწორედ მათზე ვაკეთებთ, რადგან, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქალბატონები ყველაზე ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას. ეს ყველაფერი ჩვენი მენტალიტეტიდან მოდის, რადგან, მამაკაცებს   ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ  ქალს არ შეუძლია, შეასრულოს  ძლიერი როლი ნებისმიერ  საზოგადოებრივ აქტივობაში,“ - ამბობს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  ხელმძღვანელი თამარ კაციტაძე.

 

ქალების აქტიურობა პოლიტიკაში რომ მნიშვნელოვანია, ამის დასამტკიცებლად პარლამენტის უმცირესობის და უმრავლესობის ქალმა დეპუტატებმა, ქუთაისის მერიის და საკრებულოს წევრებმა, ჟურნალისტებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „თანასწორობის ხეივანი“  გახსნეს და სიმბოლურად 50 ძირი ნეკერჩხალი დარგეს.

 

გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც:

 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი ქალბატონი მოხვდეს პარტიულ სიებში, ვიდრე აქამდე იყო თვითმმართველ ორგანოებში. ამის ხელშესაწყობად ნებაყოფლობითი კვოტა და წამახალისებელი ნორმაა მიღებული, რაც გულისხმობს: 10 დეპუტატიდან თუკი სამი ქალბატონი იქნება, ეს ფრაქცია მიიღებს დამატებით დაფინანსებას, მაგრამ მხოლოდ დაფინანსება არ უნდა იყოს წამახალისებელი, არამედ, ეს წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა მოხდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ  სიებში, რომელიც მალე იქნება წარმოდგენილი, ამ კუთხით  გაუმჯობესებული მდგომარეობა იქნება.“

თუმცა, მიუხედავად კობახიძის სურვილისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის შედგენისას გენდერული ბალანსის დაცვაზე ნაკლებადაა ნაფიქრი.

 

გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალები რა დოზით იქნებიან წარმოდგენილი. როგორც პარტიების  მიერ მოწოდებული სიებიდან ჩანს,  ამ კუთხით  მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულა.

 

სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო დაწესებულება, ეკონომიკა და ინჟინერია ეს ის ძირითადი სფეროებია, რომლის წარმომადგენელი ქალბატონები ეცდებიან, არჩევნებში კონკურენტი ძლიერი სქესის წარმომადგენლები დაამარცხონ.

 

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარულ სიაში სამი მანდილოსანია. ლელა ქელბაქიანი პროფესორი, ნატო ქათამაძე „რესპუბლიკური   პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე, ირმა პეტრიაშვილი პედაგოგი. რაც შეეხება პროპორციულ სიებს, „ოცნების“ ქუთაისურ შტაბში კანდიდატთა ვინაობას რატომღაც ამ დრომდე არ ასაჯაროებენ.

 

პროპორციულ სიებზე ჯერ არ საუბრობენ „ნაციონალებიც“. რაც შეეხება მაჟორიტარულს, „ნაციონალების“ სახელით მხოლოდ ექიმი ნატო ბაბუხადია იბრძოლებს.

 

მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, 20-კაციან სიაში 8 ქალი (ცეცხლაძე ნათელა - ენდოკრინოლოგი, გვენეტაძე ლია - მეცნიერ-თანამშრომელი, ინასარიძე ციცინო - ეკონომისტი, მირიანოვა ოლია - ექთნის თანაშემწე, დევიძე მაია - მზარეული,

ხიტიბაშვილი ლედი - საშუალო განათლება, ვაჩიბერაძე მანანა - ინჟინერი, გიორგაძე-ბილისეიშვილი თინათინი - მოლარე) ჰყავთ საარჩევნო ბლოკს „არასაპარლამენტო ოპოზიციას“. მეტიც, მათი სახელით ქალაქის პირველი პირობისთვის საარჩევნო მარათონში მამაკაცებისთვის მეტოქეობის გაწევას მაგდა (მიმი) გაბრიჩიძე შეეცდება.

 

ხელაძე მაია - ინჟინერი, ციბაძე ნელი - ფარმაცევტი, ხვედაძე თეა - ეკონომისტი, შათირიშვილი მარინე - პედაგოგი და ლაღაძე ბელა - ინჟინერი - ეს ქალბატონები „ლეობორისტული“ პარტიის სიით შეეცდებიან საკრებულოში მოხვედრას.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის საარჩევნო სიაში 8 ქალი კანდიდატია (მარინა სუპატაშვილი - ბუღალტერი, ციცინო ჯინჯიხაძე - ჟურნალისტი, გვალია ფატიმა - ბიოქიმიკოსი, ახვლედიანი ნანა - ინჟინერი, მამფორია სოფიო - მხატვარ-არქიტექტორი, წაქაძე ანა - ფარმაცევტი, აბულაძე თეა - აგრონომი, ნოდია ეკატერინე - ეკონომისტი).

 

სუსტი სქესის წარმომადგენლები საკუთარ თავზე მძიმე ტვირთის აღებას არ ერიდებიან და აღნიშნავენ, რომ კარიერაში წარმატების მიუხედავად, პოლიტიკაში მოსვლა ქუთაისელთა კეთილდღეობის გამო გადაწყვიტეს. როგორც აღნიშნავენ, გამარჯვების შემთხვევაში, ხალხის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. თავიანთ შანსებსაც ოპტიმისტურად უყურებენ და აცხადებენ, საკრებულოში უმრავლესობით თუ ვერა, არც საგანგაშო უმცირესობით მოვლენ.

 

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის ამჟამინდელ შემადგენლობას, ქუთაისის მერიაში 16 სამსახურის უფროსიდან, არცერთი არაა სუსტი სქესის წარმომადგენელი. ამჟამინდელი მოწვევის 24-წევრიან საკრებულოში კი მხოლოდ ორი ქალია დეპუტატი.

 

არის თუ არა საზოგადოების დაკვეთა გენდერული ბალანსის დაცვა და სურს თუ არა ქართულ საზოგადოებას გენდერულად დაბალანსებული საკრებულო, ამ კითხვებს პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით გაეცემა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია