დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„მოხეტიალე წიგნების“ ეპიდემია ქუთაისშიც ვრცელდება!...
„მოხეტიალე წიგნების“ ეპიდემია ქუთაისშიც ვრცელდება!...
სულ ნანახია 2692
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ, ჩემი ავტორი კარგი ქუთაისელი პოეტია!


 გაზეთ „P.S.“-ის („პოსტსკრიპტუმის“) რედაქციამ სამოგზაუროდ გამომიშვა, დამიმგზავრე, წამიკითხე აუცილებლად და შემდეგ სადმე უსაფრთხო ადგილას დამტოვე, რომ სხვამაც მიპოვოს და წამიკითხოს!


აუცილებლად მიაწერე ჩემი ბოლო გაჩერების ადგილი და თარიღი, რომ არ დავიკარგო. მადლობა!


შეგიძლია, შენი შთაბეჭდილებები მოგვწერო ჩვენს ელ.ფოსტაზე: psnews27@gmail.com 

ასევე, გაგვიზიარო  სოციალურ ქსელში  გაზეთის  „ფეისბუქგვერდზე“:

https://www.facebook.com/PsNewspaper?ref=hl ან „მოხეტიალე წიგნების“ ფეისბუქგვერდზე  https://www.facebook.com/moxetiale.cignebi?fref=ts

 

ასევე, გირჩევ, მიადევნე თვალი ინტერნეტში www.psnews.ge-ს, სადაც პერიოდულად გამოქვეყნდება, სად, ვისთან ერთად და  როგორ დახეტიალობენ წიგნები საქართველოში. მათ შორის ქუთაისში!

 

4 აპრილს ამ წარწერით გაუშვა ცირა ყურაშვილის წიგნი გაზეთმა „პოსტსკრიპტუმმა“ სახეტიალოდ ქუთაისის ქუჩებში...

 

საქართველოში უკვე არამარტო პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები თუ პროტესტანტი მოსახლეობა გამოდის ქუჩაში, არამედ 31 მარტიდან  წიგნებმაც  ქუჩებში ხეტიალი დაიწყეს!

 

ეს იდეა პირველად მწერალ ჯაბა ზარქუას დაებადა და  „სახალხო თამაში“ წამოიწყო:თამაშის არსი, არც მეტი და არც ნაკლები - წიგნების ქუჩაში დატოვებაა, სადაც ნებისმიერ გამვლელს შეეძლება მისი აღება და წაკითხვა.

ერთი ასეთი იდეა მაქვს, პირობითად დავარქვათ „საჯარო ბიბლიოთეკა“, დაწერა მან პერსონალურ გვერდზე, „მოკლედ, გაგვაქვს წიგნი ქუჩაში (მე ჩემსას გავიტან და საკუთარ თავსაც წავეხმარები ბარემ ოდნავ) და ვდებთ სადმე - მეტროს ამოსასვლელში, ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, პარკში, ინსტიტუტის წინ და ა.შ. ზედ დავაწერ „წაიკითხე და არ დაიტოვო, არც არავის მისცე - დადე ქუჩაში“ და მივაგდებ. საინტერესოა, რა გზას გაივლიან. იქნებ უკან დაგიბრუნდეს წლების მერე, ან საერთოდაც გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს ან ვინმემ დაიტოვოს ან რავი. მე რომ ასე მეპოვა წიგნი ქუჩაში, ძაან გამისწორდებოდა და ჩავერთვებოდი თამაშში. მოგწონთ? შემომიერთდებით? ერთი ნებისმიერი წიგნი გავიმეტოთ, „დავაბინძუროთ“ ქუჩები!

 

 და გაუშვა სამოგზაუროდ ჯაბამ თავისი  წიგნი - „მკითხველი უნდა მოკვდეს“   „გააგდო“ ქუჩაში, იქნებ, ვინმე გადაეყაროს და წაიკითხოსო. მან სოციალურ ქსელ facebook–ზე გვერდი გააკეთა, რათა საკუთარი იდეა სხვებისთვის გაეზიარებინა, ერთ დღეში გვერდს უკვე 5 000-მდე მოწონება ჰქონდა. ახლა კი უკვე გამოუჩნდნენ ჯაბას მიმდევრები და თბილისში  ნამდვილი წიგნების ეპიდემია დაიწყო.

 

ეს სასიამოვნო „ეპიდემია“  რამდენიმე დღეში საქართველოს რეგიონებსა და  ქალაქებსაც მოედო.

და... ხეტიალობენ წიგნები თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში, ხაშურში, ოზურგეთში...

 

„გამარჯობა! მე მოხეტიალე წიგნი ვარ, მიხარია, რომ მიპოვე, ვიცი ძალიან მოგეწონები. წამიკითხე და სადმე დამტოვე“ - მსგავსი წარწერით წიგნები დღეიდან ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იპოვოთ.

 

არსებობს ორი პირობა მათთვის, ვინც მოხეტიალე წიგნს იპოვის, მათ წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ, შემდეგ კი სხვა ადგილზე დატოვონ, სადაც წიგნი ახალ მკითხველს დაელოდება.

 თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ წიგნი ქუჩაში, კაფეში, ტრანსპორტში და სხვა ნებისმიერ ადგილზე.

 

 

***

აქვე გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ marketer.ge-ს ინტერვიუს ფეისბუქგვერდ „მოხეტიალე წიგნების“  მარკეტეოლოგ ნათელა ჯანელიძესთან.

 

„ეპიდემია“ ქალაქში „მოხეტიალე წიგნის“ გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. ნებისმიერი ადამიანი წიგნს თამაშის წესების მიხედვით ტოვებს ქუჩაში. მპოვნელი იღებს, კითხულობს და ტოვებს სხვა ადგილზე. აუცილებლად უთითებ, თავად სად და როდის იპოვა.

 

 

ნათელა ჯანელიძე (მარკეტოლოგი):

 

- ეს წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ „ბლოკადას“. მთავარი იდეა არის, ხალხს წიგნი ისეთი ფორმით მივაწოდოთ, რომ მათ კითხვა დაიწყონ. აზრს მოკლებულია იმის თქმა, რომ ქართველები წიგნებს არ კითხულებენ. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მკითხველთა სეგმენტი აუცილებლად გაიზრდებოდა და გააქტიურდებოდა სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში. ასეც მოხდა, მოხეტიალე წიგნები ამართლებს.

 

- თამაშში სხვადასხვა ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. როგორ გაგრძელდება პროექტი?

 

- ამ ეტაპზე, ჩართულია ეროვნული ბიბლიოთეკა და მწერალთა სახლი. მწერალთა სახლში გახსნილია სპეციალური ყუთი, სადაც წიგნების დატოვება და წაღებაა შესაძლებელი. ეროვნული ბიბლიოთეკა კი მკითხველს „სთხოვს“, თუ მან იშვიათი გამოცემა იპოვა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დატოვოს და სამაგიეროდ სხვა, მისთვის სასურველი წიგნი წაიღოს. გამოგვეხმაურა რამდენიმე კერძო კომპანიაც, მაგრამ კონკრეტული იდეები ჯერ არ აქვთ.

 

- თუ არის მსგავსი პროექტი რომელიმე სხვა ქვეყანაში?

 

- ზუსტი ანალოგი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მსგავსი ტიპის პროექტები. მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანაში არსებობს ნაპოვნი წიგნების ვებ-გვერდი. ზოგ ქვეყანაში ქუჩებში არსებობს სპეციალური ჯიხურები, სადაც ხალხი, თავისი ნებით, ტოვებს და იღებს ნებისმიერ წიგნს.

 

ეპილოგი

 

მაშ ასე, ქუთაისის ქუჩებში ხეტიალი, სხვა წიგნებთან   ერთად,    უკვე    დაიწყო  ცირა  ყურაშვილის   „სამოთხის სარკმელმა“.

 

წიგნს უკვე გამოუჩნდა პირველი მპოვნელი, შინისკენ მიმავალი ლილე ფხაკაძის სახით, რომელმაც  დიდი სიამოვნებით დაიმგზავრა მოხეტიალე წიგნი.

 

ბედნიერ მოგზაურობას ვუსურვებთ „სამოთხის სარკმელს“ იმ იმედით, რომ იქნებ, როცა მოგზაურობით დაიღლება, ისევ რედაქციაში დაგვიბრუნდება...

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია