დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინ ზრდის თანამედროვე საზოგადოებას?
ვინ ზრდის თანამედროვე საზოგადოებას?
ავტორი: სალომე კაპჭელაშვილი
სულ ნანახია 1620
ავტორი:
სალომე კაპჭელაშვილი
მსგავსი სიახლეები

მშობელი, რომელიც საკუთარ შვილს სკაიპით იცნობს, ლუკმა-პურის საშოვნელად, გადამთიელის ნეხვში ერთხელ რომ გაისვრის ხელს, შემდეგ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. შვილი  გაზარდა, სახლიც უყიდა, უნივერსიტეტში ჩააბარებინა. საფასური დაკარგული ქალობა და დედობა.  ამასობაში კი, მის მუქთახორა ქმარს სტომაქი ეზრდება. თავიდან კი იძახდა, ქართველი კაცი ცოლს უცხო ქვეყანაში საშოვარზე რომ გაუშვებს, „გაბოზებულიაო“, მაგრამ მის ოჯახშიც რომ „შემოალაჯა“ გაჭირვებამ,  დირექტორი კაცი ბაზარში ხომ არ დაჯდებოდა კარტოფილის გასაყიდად?  ჰოდა, „ქართველობა“ დაივიწყა და გაუშვა ცოლი საზღვარგარეთ...

 

კაი ცხოვრებას მიჩვეულ კაცს ყველაფერი რომ მზამზარეული მოუვიდა,  „ქართველობის“  ცნებაც სათავისოდ გადააკეთა და მოირგო...  ძველი მანქანაც მობეზრდა და საყვარელიც, ახალი უნდა! ცოლთან კი საქართველოში  გაძვირებულ ცხოვრებას იმიზეზებს ამ სურვილების ასასრულებლად.

 

შვილი უკვე უნი-ში სწავლობს, „ძაან სვეცკია“, მაგრამ უფრო „სვეცკაობისთვის“ „აიფონ 6“  სჭირდება...  დედა რომ საღამოს დაღვრემილ შვილს კომპიუტერით დაინახავს, ამდენი ხნის უნახავ  სიყვარულს დოლარებში „გადაახურდავებინებენ“ და ახალი საბლატაოც უშრომელად ჩნდება... 

 

მაგრამ ღამით, ახალი ტელეფონის გართობით რომ დაიღლება, სულში დიდ სიცარიელეს გრძნობს. ის მარტო იყო, როცა ფეხბურთის თამაშის დროს  ძირს დაეცა, სახლში მისულს კი არავინ გამოეგება და არც არავინ  დაამშვიდა, ფეხზე სისხლიც არავინ მოუწმინდა... მარტო იყო, როცა  კლასელთან პირველად იჩხუბა, აცრემლებული დედას ვერ ჩაეხუტა, ისიც ვერ მოუყვა, თუ როგორ „დააგდო  ერთი დარტყმით  ამხანაგი“, მარტო იყო და საბნის ქვეშ შიშით იკუნტებოდა გაზაფხულზე, დიდი ჭექა-ქუხილის დროსაც...  ამ მარტოობამ გულში სიცარიელე წარმოშვა, პატარა გული გრძნობდა ამ სიცარიელეს და ვერ ეგუებოდა, მაგრამ დედის ადგილსაც  ვერავინ იკავებდა....

 

ბავშვის თვალით დანახული ასეთი სამყარო ულმობელია... მის ცხოვრებაში  უმთავრესია ოჯახი და სკოლა. ორივე სამყაროს თავისი მოთხოვნილებები და უფლებები აქვს, ოჯახში მარტო დარჩენილი ბავშვები სკოლაში ეძებენ სიყვარულს, მაგრამ მთავარია ვინ ხვდებათ იქ?

 

მასწავლებელი, რომლისთვისაც სკოლა  მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, რომელსაც უყვარს ბავშვი და თავისი საქმე, მან ზუსტად იცის, რომ დღევანდელი ბავშვი ხვალინდელი საზოგადოებაა, რომელშიც მაქსიმალური  სიყვარული და ცოდნა უნდა ჩადო, მინიმუმი მაინც რომ მიიღო.  მასწავლებელი, რომელიც ბავშვს ასწავლის, რომ თუ ჩემს ღმერთს „იესო“  ჰქვია, შეიძლება ჩემი ამხანაგის ღმერთს „მუჰამედი“, ან „იეღოვა“ ერქვეს, და ამის გამო კლასელები მოსისხლე მტრები არ არიან, რომ ადამიანი სხვისი ღმერთის არსებობას კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ თავად უნდა გაძლიერდეს საკუთარ რწმენაში.  ყველა განათლებული ვერ იქნება, მაგრამ სკოლას რომ ამთავრებს ბავშვი, თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე მაინც უნდა იყოს, და არა ბოღმით და სიძულვილით სავსე  „რეგვენი“...

 

არსებობს მეორე კატეგორია! მასწავლებელი, რომელიც დავით გურამიშვილის  სიტყვებს იშველიებს: „ნუ გენაღვლების სწავლაზე, ყრმის წკეპლით ცემაო“ და დიდი ჯოხით,  გაავებული სახით ადგას თავზე ბავშვებს, რომელსაც ყოველთვის ჰყავს კლასში „კარგი“ და  „ცუდი“ (ქუთაისურად „გლახა“) ბავშვი, რომლისთვისაც „დებილი, შტერი, გაუზრდელი, უტვინო, გამოშტერებული, გამოყეყეჩებული“ და კიდევ მსგავსი სალანძღავი სიტყვები „აღზრდის“ ერთ-ერთი ხერხია,  რომელსაც გაუნათლებელი დედის შვილი აუცილებლად გაუნათლებელი ჰგონია,  ბავშვებს  საკუთარი არსებობით    „თავს ამადლის“ და როცა მოსწავლე კონფლიქტურ სიტუაციაში  თავს დაიცავს, ან  საკუთარ აზრს გამოხატავს, მისი აზრით, „ენას უტლიკინებს“ და ოჯახში არ ასწავლეს უფროსთან საუბარი“, მის დროს ხომ მასწავლებლები რომ გაივლიდა დერეფანში, შიშით კედელზე იყვნენ აკრულები. „ენის შებრუნებაზე“ ზედმეტი იყო საუბარი...  უმეტესობამ არ იცის და არც არავინ ზრუნავს,  გააგებინონ და აუხსნან, მსგავსი დამოკიდებულება „ფსიქოლოგიური  ძალადობაა“, ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი კი სრულყოფილად ვერ განვითარდება, უმეტეს შემთხვევაში, ექნება შიში, გამოხატოს საკუთარი აზრი, ამა თუ იმ  საკითხზე დააფიქსიროს საკუთარი დამოკიებულება, კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარ თავზე აიღოს გადაწყვეტილების მიღება, ხშირად იფიქრებს, რომ „უფროსი ყოველთვის მართალია და ის ცალკე, დამოუკიდებელი ადამიანი კი არ არის, უბრალოდ დიდი ადამიანის    „დანამატია“...

 

ამ და სხვა უამრავ მიზეზთა გამო, უკვე ზრდასრული, ცარიელი გულით, სავსე ბოღმით, დედიკოს ფულებით  განებივრებული, გაუნათლებელი, მაგრამ „დიპლომიანი“,  ვერ ეგუება წინააღმდეგობას, მისი მეგობრის წარმატებას, შეყვარებულთან განშორებას და, საკუთარი პიროვნული უსუსურობასთან და უნიათობასთან შეჯახების გამო, კლავს და ანადგურებს, (პირდაპირი მნიშვნელობით) ყველაფერს, ვინც ან რაც დაანახებს მის „სიმცირეს“... სწორედ ასეთი საშინელი საშუალებით  უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ისიც ძლიერია, თანაც იმდენად ძლიერი, რომ აკეთებს ისეთ რამეს, რაც უმეტესობას არ შეუძლია. არარაობების „მტკიცებებმა“ კი ბევრი ადამიანის სული გაისტუმრა იმქვეყნად!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია