დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ულუკმაპუროდ დარჩენილი 30 ოჯახი პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს
2012/05/14 12:14:09

„აუქციონი ელექტრონული წესით ჩატარებულა და გლეხებს არც კი გაგვაგებინეს!“

 

ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრები 30-მდე ოჯახი სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების გარეშეა დარჩენილი. ისინი 80-იანი წლებიდან, ქვეიჯარით ფლობდნენ 72 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელიც სახელმწიფოსაგან 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული ზესტაფონის აგრობიზნესისა და მენეჯერთა კოლეჯს. მოგვიანებით ეს ადგილი კიდევ შემცირდა და კოლეჯის იჯარაში 32,8 ჰექტარი დარჩა, რომელიც, გამგეობის ბრძანებით, 2000 წლის მარტიდან, ასევე იჯარით, გაიცა და ახლა მიწას ხუთი მესაკუთრე ჰყავს: ბერაძე, ზუმბაძე, ფერაძე, შარვაძე და ცინცაძე. ეს მესაკუთრეები მიწის ნაკვეთს ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებზე კვადრატულ მეტრს 4 ლარად ყიდიან. ამის საშუალება მოსახლეობას არ აქვს და სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ გაუხმაურებელ ვითარებაში ჩატარებულმა აუქციონმა მათ საარსებო საშუალება მოუსპო.

დღეს ზესტაფონის მცხოვრებლებს მიწები არათუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის, არამედ საძოვრებადაც კი არ გააჩნიათ. უმუშევარ და სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიკუთვნებული 30- მდე ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ სოფლის მეურნეობაა.

 

ნანული გვენეტაძე, ჩხეიძის ქუჩის მცხოვრები: „35 წელია, აქ ვცხოვრობ, ამ დროის განმავლობაში 2000 მეტრ მიწის ფართობს ვფლობდი. მას სულ ჩვენ ვამუშავებდით, საარსებო მინიმუმი რომ გვქონოდა. შარშან მოვიდნენ და ტერიტორიებიდან გამოგვყარეს. ჩავედი რაიონში, სადაც მიწების აღრიცხვა ხდებოდა. ვთხოვე აუქციონის ჩატარების შესახებ ეცნობებინათ. შემდეგ გავიგეთ, რომ აუქციონი უკვე ჩატარებული იყო. შეკრებილა ოთხი პიროვნება, ვისიც არის ახლა ადგილები: ზუმბაძე, ილია ფერაძე, ცინცაძე და შარვაძე. მათ შორის ადგილი სამოსახლოდ ერთ-ერთმა მღვდელმაც მოიზომა. ესენი ყველანი ადგილობრივები არიან. აუქციონი ელექტრონული წესით ჩატარებულა, ჩვენ რა ვიცით, უბრალო გლეხებმა, კომპიუტერის მოხმარება. ამდგარიყვნენ და ეთქვათ წინასწარ! ახლა მოვითხოვთ, გაუქმდეს აუქციონის შედეგები და საარსებო საშუალება მოგვცენ. უმუშევრები ვართ და მიწაზე ვართ დამოკიდებული. ვთხოვთ მიხეილ სააკაშვილს, რომ დაინტერესდეს ჩვენი პრობლემით, ყურადღება მოგვაქციოს და დაგვეხმაროს.“ 

ჩიტო კუხალაშვილი: „ამ მიწებზე გამხმარი ჩაის პლანტაციები იყო. შემდეგ ტერიტორია დავასუფთავეთ, რადგან მოიჯარეები ჩვენ ვიყავით და ზეპირი დაპირება გვქონდა, რომ თუკი აღნიშნული ფართები გაიყიდებოდა, ისევ ჩვენ შევისყიდდით. ბოლო ორი წელია, მიწები ჩამოგვართვეს. აუქციონი ისე ჩატარდა, მოსახლეობას არც კი გაგვიგია. თუ კი ტერიტორიები იყიდებოდა, ეთქვათ და ჩვენ შევიძენდით. ამის მეტი შემოსავალი მოსახლეობას არ გვაქვს. მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ვართ დამოკიდებული. ნაკვეთით თვითონაც არ სარგებლობენ და არც ჩვენ გვასარგებლებენ. ორი წელია, დაუხნავ-დაუთესავია. მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს: მოგვცენ საშუალება, მინიმალურ საკომისიო ფასში შევისყიდოთ აღნიშნული ტერიტორიები. პრეზიდენტი გამუდმებით იმას გაიძახის, რომ სოფლის მოსახლეობას უნდა დავეხმაროთო, თუკი ჩვენს ხმას მიხეილ სააკაშვილს მიაწვდით, გვინდა ვთხოვოთ, რომ იქნებ არსებობის საშუალება მოგვცეს.“

თამარ კაპანაძე: „2000 მეტრი მიწის ნაკვეთი გვქონდა. შარშან არც კი შეგვეკითხნენ, ისე ჩამოგვართვეს. ამის გარდა, 400 კვადრატული მეტრი კიდევ მქონდა. ახლა ვითხოვ, რომ ის 400 კვადრატული მაინც დავიბრუნო. თუკი შესყიდვა გინდა, ოთხი ლარი გადაგვიხადე კვადრატულშიო. საიდან გადავიხადოთ ეს თანხა? გაჭირვებულები და უმუშევრები ვართ. ერთადერთი შემოსავლის წყაროც კი გადაგვიკეტეს.“

თამარ ვეფხვაძე: „საარსებო დაგვაკარგვინეს. უმუშევრები ვართ. ასლარიანი შემოსავალი მაქვს ყოველთვიურად. ეს თანხა ერთ ოჯახს გამოსაკვებად ეყოფა? ერთადერთი, რაც გვყავს, საქონელია, მაგრამ საძოვრები წაგვართვეს. სად ვაბალახო, ისიც კი არ ვიცი. ყურადღებას არ გვაქცევენ. გამგებელი ნანახიც კი არ მყავს.“

გაზეთმა „P.S.“-მა ზესტაფონის რაიონის გამგებელ გივი არაბიძისაგან კომენტარის აღება გადაწყვიტა, თუმცა საჯარო მოხელემ ჟურნალისტებს გამგეობის შენობაში შესვლის უფლებაც კი არ მოგვცა და დაცვას კარები გარედან ჩააკეტინა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია