დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აქეთ მხოლოდ არჩევნების დროს იყურებიან“
2012/02/06 14:04:45

სამტრედიის სოფელ კორმაღლის მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს

 

ხელისუფლება გამუდმებით რეგიონული განვითარების პრიორიტეტებზე საუბრობს, მაგრამ სიტყვა და დანაპირები რაიონებისთვის მხოლოდ ქაღალდზე რჩება. აშკარაა, რომ ბევრ დასახლებულ პუნქტს ჩვენი მთავრობა ყურადღების მიღმა ტოვებს. არც ადგილობრივ თვითმმართველობებში ფიქრობენ იქ არსებულ პრობლემებზე. 

 

სამტრედიის რაიონის სოფელი გომი სასოფლო საბჭოს ცენტრია, ის მრავალ სოფელს მოიცავს: დაფნარი, დაბლაგომი, ცივწყალა, კეთილაური, გომნატეხები, გომმუხაყრუა, დობირო, კვირიკე, ზედა ეწერი (კორმაღალი), დაბლა ეწერი, დაბლა მთისძირი. დღეს ზედა ეწერზე - კორმაღალზე ვისაუბროთ. სოფლის ვიწრო მდინარე კაპიტონა, რომელიც წმინდა კვირიკეს მიდამოებიდან გამოედინება და ყუმურის ფშანს ერთვის ზედა გომის ველობში, გაზაფხულზე დიდდება. სწორედ ამგვარად ბობოქრობს და წინასაარჩევნოდ „კალაპოტიდან ამოვარდება“ ხოლმე სოფელში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, სხვა შემთხვევაში კი, როგორც აქაურები იტყვიან, „ქია სიმშვიდე და უპატრონობა“.

ამ მხარეში ჩვენი ახალგაზრდა მთავრობა მხოლოდ სტადიონებით თუ მოიწონებს თავს, თორემ სხვა ყველაფერი საბჭოური ინფრასტრუქტურის გადმონაშთია. სოფელი ზედა ეწერი, ე.წ. კორმაღალი, თავს მხოლოდ მარადმწვანე ფიჭვნარით თუ მოიწონებს. ადგილობრივები შეშფოთებას ვერ მალავენ, რით დავიმსახურეთ ხელისუფლებისგან ასეთი უყურადღებობაო.

ომარ გვენეტაძე, 71 წლის: „ჩვენს სოფელში გზა მთლიანად გაპარტახებულია, კაცი არ არის პატრონი. ეს კიდე არაფერი, აგერ გაზი ახლო სოფლებში შემოსულია და, მაინტერესებს, რა უშლის ხელს, რომ ჩვენმა ადგილობრივმა მთავრობამ დანარჩენი სოფლების გაზიფიცირება ვეღარ მოახერხა? ვიცი, ჩვენი პრეზიდენტი პენსიონრებს რაღაცნაირად ეხმარება, მაგრამ მარტო პენსიის გაზრდით პრობლემები არ გვარდება, პირიქით, სასურსათო პროდუქცია ძვირდება. მე დიდი ხნის სიცოცხლე იქნებ არ მაქვს, მაგრამ ახალგაზრდები მაინც გამოახედონ თვალში!“

ჩიტო კიკუტაძე, 76 წლის: „მართალია, პენსიები გაგვიზარდა მიშამ, მაგრამ პრობლემებს რა დალევს შვილო. მთავარი საფიქრალი და მოუგვარებელი პრობლემა ჩვენს სოფელში არის გზა. გომის ცენტრალური გზიდან ჩვენი სოფლისკენ რომ გადმოუხვევთ, კატასტროფული მდგომარეობაა. აგერ სკოლა არის და თავზე გვენგრევა. მასწავლებლები და დირექცია ცდილობენ რაღაც გააკეთონ, მაგრამ გვერდით მთავრობა თუ არ დაუდგა, ისე რას იზამენ!“

ლელა გიგატაძე, 27 წლის: „მე ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ამ სოფლის სკოლა დავამთავრე და ყოველგვარი მომზადების გარეშე ჩავირიცხე უნივერსიტეტში. ეს სკოლა არაერთმა წარმატებულმა ადამიანმა დაამთავრა. ბევრი მათგანი დღეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. უკვე რვა წელია, სოფელში აღარ ვცხოვრობ, სტუმრად ჩამოვდივარ მშობლებთან. სწორედ მაშინ, როცა ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოდიოდა, ოჯახი შევქმენი... მაშინ ვფიქრობდი, ახლა მაინც ეშველება ჩემს მშობლიურ სოფელს-მეთქი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ქალაქებს კიდევ დაეტყო რაღაც, მაგრამ ბევრი სოფელი დღეს ყურადღებას მოკლებულია.“

შაქრო ჩუბინიძე, 80 წლის: „სააკაშვილის მთავრობის მერე ჩვენს სოფელში დაინგრა, თორე აშენებით არაფერი აშენებულა - ახლა ამას, ვიცი, არ დაბეჭდავთ, მაგრამ სიმართლე ეს არის. სოფელში სასოფლო საბჭო იყო, თონე იყო, დიდი მაღაზია იყო, ბაღი იყო, რომელიც დღეს ნანგრევებად არის ქცეული და კაცმა არ იცის, ვის დაამარცხებს ერთ მშვენიერ დღეს. ახლა ელემენტარული რომ დაგჭირდეს სახლში, 18 კილომეტრი უნდა გაიაროს კაცმა და ისე უნდა იყიდოს. ახალგაზრდა ხელისუფლებისგან ჩვენმა სოფელმა მხოლოდ დენი მიიღო. არის ჩვენს სოფლებზე ბევრად მიუვალი სოფლები, სადაც გზაც არის, წყალიც და ნორმალური პირობების მქონე სკოლა,რომელშიც თითო ოროლა ბავშვი სწავლობს. გვაქვს ტრანსპორტი, მაგრამ მგზავრობა ცეცხლის ფასი ღირს. აგერ 30 ლარიანი ვაუჩერები რომ დაარიგეს, ეს არის სასაცილო. ამ თანხით, რომელი მიწა უნდა დავამუშავოთ. მე სააკაშვილს კი არ ვეოპოზიციონერები, უბრალოდ ვამბობ, რომ მის ხელისუფლებას ჩვენი სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია. მაგათ მხოლოდ არჩევნებზე ვახსოვართ. გასულ წელს ხელმოწერებიც კი შევაგროვეთ პრეზიდენტის სახელზე - იქნებ გზა გაგვიკეთოსო, მაგრამ ღმერთმა იცის, ჩააღწია თუ არა იმ ფურცელმა სააკაშვილამდე. ვიძახებ, პრეზიდენტი კაია-თქო, მაგრამ ჩვენ რა?“

დარიკო კახაძე, 53 წლის: „ჩემი ორი შვილიშვილი - მევლუდი და ქრისტინე სწავლობკნ კორმაღლის საჯარო სკოლაში. ქარი რომ ამოვარდება, გული მისკდება - კედლები ჩამონგრევაზეა. არავინ ყურადღებას არ აქცევს. ყველა სოფლის სკოლა გარემონტებულია და ჩვენ რაღა დავაშავეთ. ძვირადღირებულ საავადმყოფოებს აკეთებენ, თორე სკოლებზე კი არ ფიქრობენ. დაგვრჩეს ბავშვები უსწავლელი? ალბათ, მსხვერპლი უნდა მოხდეს, რომ ვიღაცამ იზრუნოს ამ საკითხზე.

ნათელა სიმონია, 69 წლის: „ვის არ მივმართეთ, შვილო, ამ გზის პრობლემაზე, ნიკოლაიშვილის უწყებაშიც კი გადავაგზავნეთ განცხადება, მაგრამ იქედან იმერეთის სამხარეო გუბერნიაში გადაგვამისამართა, გუბერნიამ, - სამტრედიის გამგეობისკენ მიგვითითა, სამტრედიის გამგეობამ უფულობა დაიჩივლა. რა გახდა ოთხ კილომეტრიანი გზის გაკეთება, მე არ ვიცი.

სკოლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე თითქმის მთელი სოფელი გველაპარაკა, თუმცა თავად სკოლის დირექტორი შორენა გიორგაძე ძალიან თავშეკავებული აღმოჩნდა და მხოლოდ ეს გვითხრა:

„იყო საუბარი სკოლის გარემონტებაზე. დავუკავშირდი რესურსცენტრს და მითხრეს, რომ ჯერ არ არის გარკვეული, ამ სოფლის სკოლა ჩასმულია თუ არა რეაბილიტაციის პროგრამაში.

ფაქტია, რომ სკოლა რემონტს ექვემდებარება. ჩამონგრეული კედლები, მოშლილი ინფრასტრუქტურა, წყლის არარსებობა (მოსწავლეები წყალს ჭიდან ეზიდებიან) მიუთითებს იმაზე, რომ განათლების სამინისტრო აქაური მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ასე „ზრუნავს“...

ახლა „სეფე-სიტყვა“ სოფლის გამგებელს მივცეთ:

„სოფლის გამგეობა ყველანაირად ცდილობს ყველა ამ პრობლემის მოგვარებას. შედგენილი გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ბაღების, სკოლების და გზების რეაბილიტაციას. ასევე ამ პროგრამაში ვითვალისწინებთ წყლის პრობლემის მოგვარებას. პირველ აგვისტომდე ვცდილობთ, ყველანაირად ეს სამუშაოები დასრულებული იყოს,“ - გვეუბნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის, გომის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მამუკა ნიკოლეიშვილი.

2012 - არჩევნების წელია ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივი ხელისუფლება, ტრადიციულად, ყველანაირად შეეცდება ხალხის გულის მოგებას. კიდევ კარგი, არჩევნები ასე ხშირად რომ ტარდება ჩვენს ქვეყანაში, თორემ ხალხისკენ არავინ გაიხედავდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია