დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნივერსიტეტის სველი წერტილი, სადაც შესვლა გმირობის ტოლფასია
2011/10/10 12:26:05

დასავლეთ საქართველოში მოქმედი, ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ღიად და მკაფიოდ შიდასაუნივერსიტეტო სიტუაცია, მგონი, ბუნდოვნად თუ იცის ვინმემ. სწავლის დონეზე, ლექციებზე დასწრებასა თუ ლექტორთა პროფესიონალიზმზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ რაოდენ სასაცილო და, ამავდროულად, სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნივერსიტეტის შენობის შიდაჰიგიენური მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე ზემოხსენებული.

 

 

უნივერსიტეტის ნებისმიერი კორპუსის საპირფარეშოებში შესვლისას თვალში მოგხვდებათ სამი დიდი, ფართოდ გაღებული ფანჯარა, რომელსაც შარდის სუნის გამანეიტრალებლის ფუნქცია აკისრია (თუმცა, ისიც საკითხავია, რამდენად ანეიტრალებს). გაჭირვების შემთხვევაში წინასწარ ჩასუნთქული ჰაერით შიგ შესვლას მოახერხებ, თუმცა აღნიშნული მარაგი ნამდვილად არ გეყოფა, როდესაც შემდეგ ონკანს დაუწყებ ძიებას ხელის გადასაბანად. ამ დროს, კედელთან მიწყობილ რამდენიმე ტარმოტეხილ ვედროსა და ჭუჭყიან ბიდონს თუ მოჰკრავ თვალს. გავოგნდი, როდესაც მათი დანიშნულების შესახებ არათუ შევიტყვე, არამედ საკუთარი თვალით ვნახე: სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ამ ვედროებში იბანენ ხელს, ხოლო დანარჩენები საერთოდ დაუბანლად ტოვებენ საპირფარეშოს ტერიტორიას. საკითხავია, როგორი ხელი უფრო სუფთაა - დაუბანელი თუ იქ დაბანილი?

ამ საკითხთან დაკავშირებით  გადავწყვიტე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, მერაბ ირემაძეს გავსაუბრებოდი და უშუალოდ მისგან გამეგო, მოწესრიგდება თუ არა უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის საპირფარეშოს ჰიგიენური მდგომარეობა.

- ბატონო მერაბ, ალბათ, იცით - უნივერსიტეტის საპირფარეშოებში, ჰიგიენის მხრივ, მეტად რთული მდგომარეობაა: არ არის ონკანი, ნიარა, ხელის საშრობი და ა.. იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში მსგავსი აქსესუარების დამონტაჟება?

- ამ პრობლემის შესახებ მე თქვენგან გავიგე პირველად. რამდენიმე დღის წინ ვიყავი საპირფარეშოში და ონკანი ნამდვილად არა, თუმცა სხვა ინვენტარი - ყველაფერი იყო. ხომ არ აჯობებს, წავიდეთ და ერთად ვნახოთ?

მართლაც, წავედით, რათა ერთად გვენახა უნივერსიტეტის საპირფარეშოები. ბატონმა მერაბმა თავდაპირველად გეზი პროფესორ-მასწავლებელთა კეთილმოწყობილი ტუალეტისაკენ აიღო (ალბათ, იმიტომ, რომ დავერწმუნებინე, ჩვენთან ყველაფერი იდეალურადააო). როცა ვუთხარი, „P.S.“-ში კი ვმუშაობ, მაგრამ უნივერსიტეტის სტუდენტიც გახლავართ და აქაურობას კარგად ვიცნობ-მეთქი, სხვა რაღა გზა დარჩენოდა, მართლა სტუდენტების საპირფარეშოებისაკენ გავემართეთ. თითოეული კარის გაღებისას ისეთი მკვეთრი და გაუსაძლისი სუნი გვეგებებოდა, ბატონი მერაბი, აშკარად, ძალიან შეწუხდა, თუმცა გადავწყვიტეთ, ბოლომდე დაგვეთვალიერებინა, იყო თუ არა საჭირო აქსესუარები. უშედეგოდ: მამაკაცების საპირფარეშოში ონკანის ფუნქციას, ხელების დასაბანად, მართლაც ტარმოტეხილი ვედრო ითავსებდა.

- ბატონო მერაბ, სტუდენტები ამბობენ, რომ აქ ყველა საჭირო ინვენტარი, დროებით, მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა უნივერსიტეტს აკრედიტაცია უნდა გაევლო. ეს მართლაც ასეა?

- არა, ვერ  დაგეთანხმებით. უნივერსიტეტის აკრედიტაცია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ზაფხულში ჩვენ დავამონტაჟეთ ზემოხსენებული ინვენტარი, თუმცა სტუდენტებმა ეს ყველაფერი გაანადგურეს. საშრობი კი ჩვენი სურვილით ჩამოვხსენით, რადგან ვიფიქრეთ, რომ მასაც გააფუჭებდნენ.

ბოლოს ბატონმა მერაბმა პირობა მოგვცა, რომ, გაზეთ „P.S.“-ის ამ თემით დაინტერესების შემდეგ, უნივერსიტეტის ყველა კორპუსის საპირფარეშოებში ყველა საჭირო ინვენტარს უახლოეს მომავალში განათავსებენ.

- რას ფიქრობენ თავად სტუდენტები?

- „ანტისანიტარია“, - მხოლოდ ეს შემიძლია ვუწოდო იმას, რაც ჩვენი უნივერსიტეტის საპირფარეშოებში ხდება. მე ნამდვილად არ შევდივარ იქ, თუმცა ვიტყვი, რომ, როცა, აი, ამხელა თანხას ვუხდით უნივერსიტეტს, მგონი, ნამდვილად უნდა მოაწესრიგონ. - გვითხრა სტუდენტმა თამარ რაზმაძემ.

- კარგა ხანია, შიგ არ შევსულვარ, ვერ ვუძლებ, შიგნით რა სუნიც ტრიალებს. ჩვენი უნივერსიტეტის  საპირფარეშო რომელიმე, მიტოვებულ ნაგებობას უფრო მაგონებს, - განაცხადა სტუდენტმა ირაკლი მაღლაფერიძემ.

დავინტერესდი ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტით, რათა თავი მენუგეშებინა: იქნებ შესაბამისი თანხა არ არის გამოყოფილი-მეთქი, მაგრამ იმედი აქაც გამიცრუვდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ 10 მილიონი ლარიდან მთელი 40 000 ლარი და კიდევ მეტი სველი წერტილების, სანიტარული საგნების, რეცხვისა და ქიმწმენდის ხარჯებისათვის არის გამოყოფილი.

რაში იხარჯება აღნიშნული თანხა?

 

ირაკლი ვაჩიბერაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია