დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორმო ქალაქის შუაგულში
2011/07/04 12:28:53

„მიწის ნაკვეთი ჭაობადაა ქცეული და უამრავი ქვეწარმავალი ბინადრობს“

რუსათაველის გამზირზე, პრესის სახლის გვერდით, 2008 წელს ექსკავატორით უზარმაზარი ორმო ამოთხარეს, სადაც მოსახლეობის თქმით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დაეწყოთ.

 

როგორც კულუარებში საუბრობენ, მშენებლობა რომელსაც „ქუთაისი პლაზა“ ჰქვია, ქუთაისის მერს გია თევდორაძეს და „კუდის“ ყოფილ უფროსს კოტე არჩაიას ეკუთვნის. ოფიციალურად მისი დამფუძნებელი კი გახლავთ, ვინმე გაგა კოხრეიძე. მშენებლობას საძირკველი ჩაყრილი არ ჰქონდა, რომ მოულოდნელად, სამუშაოთა წარმოება შეწყვიტეს. დღეს კორპუსის ნაცვლად, მიწის ნაკვეთი ჭაობადაა ქცეული და იქ მცხოვრებთა გადმოცემით, უამრავი მწერი და ქვეწარმავალი ბინადრობს.

„ქრონიკის“ უბნის, კერძოდ, ლაღიძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ ადამიანებს, მიტოვებულ ტერიტორიაზე მობინადრე ქვეწარმავლები აწუხებთ და ორმოს ამოვსებას მოითხოვენ.

 

ჩვენ ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გავესაუბრეთ.

 

თამრიკო ტყაბლაძე, პედაგოგი:  „ორი წლის წინ ბანერი გააკრეს, რომ აქ შენდება საცხოვრებელი სახლი. მოიყვანეს ექსკავატორი და გადათხარეს ეს ტერიტორია, მერე კი მიატოვეს. დროთა განმავლობაში ნაკვეთი, ფაქტობრივად, ჭაობად იქცა. ქვეწარმავლების გვეშინია, კოღოები მრავლად არის, ბაყაყები ყველგან დახტიან, შეგვჭამეს მწერებმა და ქვეწარმავლებმა. კარგად დააკვირდით, ტყედ არის ქცეული პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორია. ზაფხულობით ბალახი ამბროზია შეწამვლას მოითხოვს და არავინ აქცევს ყურადღებას. ქუთაისში ხშირად არის ქარი, რამდენჯერაც წაიქცევა ეს ხის ღობე, მოვლენ, შეაკეთებენ და წავლენ. ასე გრძელდება მეორე წელია.

თოთო ბავშვი მყავს, რომელსაც თბილისში ვმკურნალობ და, შეიძლება, სწორედ ამ ჭაობისგან იყოს გამოწვეული მისი ავადმყოფობა. როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, წინა დღეს მოვიდნენ  და აგვიშენეს კოშკები. დაიწყეს ტრაბახი: ქალბატონო, სულ მალე დავიწყებთ მშენებლობას და ეს ტერიტორია გალამაზდებაო. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა.

იქვე თავშეყრილი მამაკაცები (სხვადასხვა მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ ისურვეს):

- მეორე წელია, რაც ასეთი საშინელი სიტუაციაა. აქაურებს ყველას გვაწუხებს, ირგვლივ ბაყაყებია და ყველაფერი ყარს. ქვეწარმავლების მეტი რაა, გვეშინია, ბავშვები არ დაკბინონ. ჩემამდე არავინ მოსულა, შეიძლება სხვა ვინმეს გაესაუბრნენ. ახალგაზრდები თამაშობდნენ აქ, პატარა მოედანი იყო და შემდეგ ამათ გადათხარეს აქაურობა. ვითომ ბინის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი!..

- როგორც ვიცი, აქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლი. ამოთხარეს ორმო და მიატოვეს. რამდენიმე კვირის წინ მერიაში განცხადება გვქონდა შეტანილი. როგორ არა, იყვნენ მოსულები, იკითხეს, რა ხდება, როგორ ხართო? ჩვენი მოთხოვნაა, აქაურობა ან ამოავსონ, ან აშენდეს ბინა. ახლა კი ტყედ არის ქცეული, გველები, ბაყაყები, ხვლიკები და უამრავი კოღო გვაწუხებს. ამ ტერიტორიის ამოვსების ერთი ვარიანტი არსებობს - სააკაშვილს თუ შეატყობინე, საშინელ მდგომარეობას რომ დაინახავს, დარწმუნებული ვარ, დედას უტირებს მაგათ! გეუბნებით, სხვანაირად არ მოგვარდება. ვიცი, ადგილობრივი მთავრობის ოინები, გარედან შეფუთეს, - უბრალოდ, ხალხს რომ არ დაენახა ქალაქის ძირძველი უბნის მახინჯი მხარე. ღმერთის მაინც არ ეშინიათ? აქვე, ახლოს, ეკლესიის ეზოა და ქვეწარმავლები იქ გადადიან.

- რა ვიცი, მგონი, არჩაიას ფირმას უნდა აეშენებია საცხოვრებელი სახლი. მოვიდნენ, ამოთხარეს და მერე არ გვინახავს არავინ. ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლები აღშფოთებულები ვართ. ახლა წვიმა არაა, თორემ უამრავი ბაყაყი გამოდის. ამ ბავშვს რომ ხედავ, 200 ცალი ეყოლება მოკლული. მოსახლეობაში კი არა, ნინოშვილის ბაზარშიც მიდიან ბაყაყები. აწრიალებული ვართ მთელი ღამე, ყიყინებენ და ყიყინებენ. ამას წინათ მერიიდან ქერა ბიჭი იყო მოსული და გვითხრა, რომ უმოკლეს ხანში ამოვავსებთ ორმოსო. გეფიცებით ყველაფერს, ზუსტად ასე თქვა: თუ თქვენ კარგად იქნებით, ჩვენც კარგად ვიქნებითო. მას შემდეგ ერთი კვირაა გასული და არავინ ჩანს.

- ღმერთმა ააშენოს, დაამშვენოს ეს ქვეყანა, მაგრამ ნორმალურად გააკეთონ. ჩემო ბატონო, არავინაა წინააღმდეგი, რომ გაალამაზონ ეს უბანი. შე კაი კაცო, თუ დაიწყე, დაასრულე, რა! ჩვენ ერთსულოვნად მოვითხოვთ ორმოს ამოვსებას!

***

ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს ვასილ მებურიშვილის გავესაუბრეთ. მებურიშვილის თქმით:        „პროექტი არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებულია, ნებართვა გაცემულია შპს „ქუთაისი პლაზას“ სახელით, აღნიშნული ნებართვით 2012 წლამდე აქვთ დრო, აწარმოონ მშენებლობა. ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურის მხრიდან ჩარევა და ადმინისტრაციული ზომების მიღება შეუძლებელია. მაგ საკითხზე იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჯერჯერობით არ მოუმართავს და თუ დავუშვათ, პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები ექნებათ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.“

თუ რა ღონისძიებები იგულისხმა მებურიშვილმა, არ დააკონკრეტა. მან განაცხადა: „ეს არის საცხოვრებელი სახლის პროექტი, კანონმდებლობით დამკვეთს უფლება აქვს, გადაწიოს მშენებლობის დრო. შპს „ქუთაისი პლაზას“ მფლობელებს არ ვიცნობ და არანაირი შეხება არ მაქვს. პროექტის მშენებლობა დაწყებულია, ობიექტი მიტოვებული არ არის(?!). ობიექტის მიტოვება ისჯება კანონით და შესაბამისი სანქციები დაუწესდება. ობიექტის კარკასი რომ იყოს მიტოვებული, იმ შემთხვევაში მოხდებოდა მისი კონსერვაცია. აქ კონსერვაცია ელემენტარულად შეუძლებელია, იმიტომ, რომ არაფერი არ არის აშენებული. როგორც ვიცი, მშენებლობას 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი. როდესაც მშენებლობის ნებართვას იღებს ადამიანი, ცდილობს სწრაფად დაასრულოს მშენებლობა, კომერციული ინტერესი დევს ამაში. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ასრულებენ მშენებლობას, ჩვენ შესაბამისად ვატარებთ სანქციებს, ანუ მფლობელებს ვაჯარიმებთ.“

დღევანდელ შემთხვევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ აჯარიმებენ დაუსრულებელი ობიექტის მფლობელებს. კულუარების მიხედვით მშენებლობის ერთ-ერთი მფლობელი ქუთაისის მერი გია თევდორაძეა. გია თევდორაძესთან გასაუბრებას ვეცადეთ, მაგრამ, მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი დეისაძის განმარტებით, ამ საკითხზე არ არის მიზანშეწონილი მერთან გასაუბრება, არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დასჯერდითო.

არადა, საინტერესოა, შპს „ქუთაისი პლაზას“ მართლაც ლობირებს ქალაქის მერი? რეალურად ვინ არიან შეჩერებული მშენებლობის მფლობელები?

ამის გასარკვევად ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს დავით გოგსაძეს მივმართეთ. გოგსაძემ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მოგვაწოდა.

ვიპოვეთ საფირმო სახელწოდება: შპს „ქუთაისი პლაზა“, რომლის ოფისი ახალგაზრდობის გამზირზე მდებარეობს. მის დირექტორად გაფორმებულია გაგა კოხრეიძე. პარტნიორი გახლავთ შპს „კომფორტი“, რომელიც გია თევდორაძის და „კუდის“ ყოფილი უფროსის კოტე არჩაიას სამშენებლო კომპანიად ითვლება.

 

ნოდარ ჯოჯუა

ნანა კუკულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია