დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შენდება თუ არა ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგური?
2011/05/03 14:17:53

 „ადამიანის უფლებათა დაცვის სახლში“ 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე გავრცელდა ინფორმაცია ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. პროექტის განმხორციელებლები არიან  "nsjv", ერთობლივი საწარმო "nurol და sk&c".

ამ დრომდე პროექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ინტერნატ საიტზე იყო შესაძლებელი. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მოიცავს 450 მეგავატი ჯამური სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მდინარე რიონზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რაიონებში, წყალაღმა ქალაქ ქუთაისიდან. კასკადის მშენებლობა სამ ობიექტს მოიცავს, კერძოდ: ნამახვანის, ტვიშის და ჟონეთის ჰესებს. თურქული მხარე პროექტში მილიარდამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. გავრცელებულმა ინფორმაციამ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჰესის მშენებლობის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ იქ შეიტყო.

რამდენად სასარგებლო ან საზიანოა მიმდებარე ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა? ამ და სხვა კითხვებზე გიორგი მაღრაძე გვპასუხობს.

გიორგი მაღრაძე, საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი: „ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ პროექტს, რომელიც შეეხება გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის უფლების გამტკიცებას. მოსახლეობას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მსგავს პროექტებში და სწორედ ამიტომ გვინდა, რომ გავზარდოთ საზოგადოების აქტივობა.

ერთ-ერთი მაგალითი არის ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ამ მშენებლობის პროექტი, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი წარმოდგენილი იყო პროექტის - „კავკასიელები დემოკრატიისაკენ“ - პრეზენტაციაზე. ჩვენ გვინდა, ორგანიზება გავუკეთოთ და ადგილზევე ვაწარმოოთ დისკუსია, გამოკითხვა, რათა მოსახლეობამ სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია, რა დადებითი, ან უარყოფითი ეფექტი ექნება ამ მშენებლობას, ასევე, თვითონვე იყოს ჩართული ამ პროექტში. მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ მხარეს არ  დააზარალებს. ამ მიმართულებით განხილვები უკვე თბილისშიც მიმდინარეობს, არიან ჩართულები სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე გვინდა, ქუთაისშიც მოხდეს განხილვა, ვინაიდან ეს პროცესი შეეხება და გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ქუთაისზე, წყალტუბოზე და სხვა რაიონებზე. კარგია, რომ თქვენი მეშვეობით მიიღებს მოსახლეობა ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას და მოახდენს ზეგავლენას.“

- რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს ამ კაშხლის მშენებლობას? 

- დადებითი მომენტი არის ის, რომ იწარმოება ელექტროენერგია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 20 წელი ეს ელექტროენერგია მთლიანად თურქულ მხარეს მიეწოდება. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ძალიან ბევრია, ექსპერტებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება, რადგან პირველ რიგში რამოდენიმე სოფლის დატბორვა და გადასახლება არის მოსალოდნელი, შემდეგ აღსანიშნავია ის, რომ ეს რეგიონი სეისმურად ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, რაც ძალიან საშიშია. ამიტომ ამის განხორციელება არ უნდა მოხდეს ერთი რომელიმე ჯგუფის მიერ, ამაში ჩართული უნდა იყოს ყველა შესაბამისი ორგანიზაცია და ჩამოყალიბდეს ადეკვატური პოზიცია.

- თუ ეს პროექტი უკვე დამტკიცებულია, ამ ეტაპზე ექსპერტების ჩარევა რატომ გახდა აუცილებელი? და თუკი უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, ხალხის აზრმა რა ცვლილება შეიძლება მოახდინოს? 

- მსგავსი საკითხები შემდეგი თანმიმდევრობით ხდება: ჯერ უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ამ პროცესის შემდეგ ხდება დადგენა - რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას გარემოზე, გამოითქმება მოსაზრება. არსებული პროექტით, კაშხალი უნდა აშენდეს 120 მეტრი, ექსპერტთა მოსაზრებით კი 75 მეტრზე მეტი არ შეიძლება იყოს. საჭიროა კორექტივების შეტანა, ამისათვის არის ეს განხილვები დაგეგმილი, რათა მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს. შეიძლება, ვითარება ისე წარიმართოს, რომ ყველამ უარყოფითი მოსაზრება გამოთქვას და სხვა შეთავაზებები წამოვიდეს, ამიტომ გვინდა მაქსიმალურად სხვადასხვა ორგანიზაციის მონაწილეობა, რომ გამოითქვას ყველას აზრი და საბოლოოდ ერთ შეჯერებულ, მისაღებ პოზიციამდე მივიდეთ, რომელიც კარგი იქნება, როგორც მშენებლისთვის, ასევე გარემოს დამცველისათვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ა.შ ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ.“

აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების და სოციალური შეფასების საჯარო განხილვა 10 ივნისს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, სადაც საზოგადოება პროექტის ავკარგიანობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მიიღებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია