დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრაგედია ტყიბულში
2010/03/09 12:04:54

3 მარტს, გვიან ღამით, ტყიბულის მინდელის სახელობის ქვანახშირის მაღაროში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიწის ზედაპირიდან ერთი კილომეტრის სიღრმეში აირის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა: 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი აფეთქებისთანავე მაღაროშივე გარდაიცვალნენ. მათი გამოყვანა მხოლოდ დილის 5 საათისთვის გახდა შესაძლებელი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაღუპულთა ცხედრების გამოყვანას. აფეთქების შედეგად ჩამოყრილი ნარჩენები მინდელის სახელობის მაღაროში რამდენიმე საათის შემდეგ გაწმინდეს, თუმცა ადგილზე ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა დროულად ვერ დაიწყო იმ მიზეზით, რომ მაღაროს იმ უბანზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეთანის გარკვეული რაოდენობა კვლავ დაგროვილი იყო. ექსპერტები მაღაროს უბნის განიავების შემდეგ საექსპერტო მუშაობას დაიწყებენ, რის შემდეგად გამომწვევი მიზეზი ცნობილი გახდება.

აფეთქების შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი გვიან ღამით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოათავსეს. ბესო ზოსიაშვილი 37 წლისაა, რამდენიმე წელია, რაც მაღაროში მუშაობდა. მისი მაღაროდან გამოყვანა მამამ, ჯუმბერ ზოსიაშვილმა მოახერხა, რომელიც შვილთან ერთად მაღაროში მუშაობდა.

როგორც ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი კახა ნურალიძე აცხადებს: „დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. ასევე დაზიანებული აქვს სახის ძვლებიც. გატეხილია რამდენიმე ნეკნი, რის გამოც მარცხენა ფილტვიც დაზიანებული აქვს.“

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე შეიძლება რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს - იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ აფეთქება დაუდევრობის გამო მოხდა.

როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა სადუნიშვილმა განაცხადა, აფეთქების კონკრეტული  მიზეზები  სპეციალური  კომისიის მუშაობისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. „ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლები აფეთქებულ და ჩამონგრეულ მაღაროში თავად ჩავიდნენ, რათა ვითარება ადგილზე შეესწავლათ.
კომპანია „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელია, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. მინდელის სახელობის მაღაროზე 3 ნახშირმომპოვებელი უბანი იყო საექსპლოატაციოდ მომზადებული, სადაც ნახშირის მოპოვება ხდებოდა. „საქართველოს საქნახშირი“ ტყიბული-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირის საბადოებზე მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია. გენერალური დირექტორის მოადგილე მართვის საკითხებში, ავთანდილ ბოჭორიშვილი, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ადგილზე იყო, თუმცა კონკრეტულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ვითარების ადგილზე შესწავლისა და გაცნობის მიზნით, ტყიბულში იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი. მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იმედს იტოვებს, რომ გამოძიება სამართლიანად და დროულად ჩატარდება.

პრეზიდენტის დავალებით, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აფეთქებიდან რამდენიმე საათში ჩავიდა ტყიბულში. იგი მაღაროსთან შეხვდა იქ მომუშავე ადამიანებს. პრემიერმა მაღაროელებს კოლეგების დაღუპვა მიუსამძიმრა.

მომხდარი აფეთქების გამო შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებს. „თუ არსებობს დანაშაულის ელემენტი, გამოიკვეთება ყველა პირი და გაირკვევა, ზუსტად რა მოხდა მინდელის სახელობის მაღაროში. პირველ რიგში იმ ადამიანების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რომლებიც დოვლათს ქმნიან ქვეყანაში. ჩვენ იმიტომ შევქმენით სამთავრობო კომისია, რომ დეტალურად შეისწავლოს აფეთქების გამომწვევი მიზეზები და პრევენციული ზომები დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული, რათა მსგავსი უბედური შემთხვევა არ განმეორდეს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტყიბულში მაღაროელებთან შეხვედრის და გარდაცვლილთა ოჯახების მისამძიმრების შემდეგ ნიკა გილაურმა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ბესო ზოსიაშვილი მოინახულა. აქვე მან განაცხადა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება და დაშავებული მაღაროელის მკურნალობის ხარჯებსაც სახელმწიფო დაფარავს.

4 მარტი პრეზიდენტმა გლოვის დღედ გამოაცხადა. მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებია, თუმცა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტის დავალებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დეტალურად იქნება შესწავლილი. სამომავლოდ კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მსგავსი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ.“

ტყიბულის მაღარო, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამუშავდა. როგორც მაღაროელები აცხადებენ, აქ ქვანახშირის მოპოვება ახალი ტექნოლოგიებით ხდებოდა, თუმცა, პარალელურად, გადაიარაღების პროცესიც მიმდინარეობდა. მინდელის მაღაროში მომხდარი აფეთქება პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 1961 წელს მეთანის აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი გარდაიცვალა. მათ გამოსაყვანად 30 კაციანი სამთო-სამაშველო ჯგუფი შევიდა, თუმცა სამაშველო ოპერაციის დროს ისინიც დაიღუპნენ. მსგავსი შემთხვევები 1984-1987 წლებშიც დაფიქსირდა, როდესაც მაღაროს გარკვეულ უბნებში მეთანმა გაჟონა. თუმცა მაშინ ამ ფაქტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია