დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კითხვები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში დაგროვდა
2013/03/11 12:45:24

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალ ხელისუფლებას მოტივირებული ჯარი და, პრაქტიკულად, განადგურებული ინფრასტრუქტურა დახვდა. ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ ის 8 მილიარდი ლარი, რაც წინა  ხელისუფლებამ თავდაცვის სფეროში დახარჯა, როგორც ჩანს, ფასადებს მოხმარდა.

 

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 1 650 000 დოლარის ღირებულების 3000 ცალ ჯავშანჟილეტთან დაკავშირებით მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. როგორც სამინისტროში ამბობენ, 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან“ შეიძინა 1 650 000 დოლარის ღირებულების, უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი ჯავშანჟილეტი, რომელთა გამოცდაც თავის დროზე უარყოფითად შეფასდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარი იყო, როგორც პისტოლეტის, ისე ავტომატის ტყვიისთვის და ჯარისკაცს ვერ დაიცავდა.

„უხარისხო ჯავშანჟილეტების შეძენის შესახებ ინფორმირებული იყო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა... ამ საქმეზე მოკვლევა დასრულებულია და მასალები მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება,“ -  განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, დაახლოებით, 41 მილიონი იქნა პრემიების სახით ჩამორიგებული, ძირითადად, მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპარტამენტის ხელმძღვანელების მისამართით იქნა გაცემული და გამონაკლის შემთხვევაში იყო ჯარისკაცებისთვის. გაერთიანებული შტაბის უფროსმა 3 წლის განმავლობაში 267 000 აიღო, მისმა მოადგილემ გიორგი კალანდაძემ კი - 200 000. 2012 წლის 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე, როდესაც ხელისუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო, სასწრაფო წესით 738 000 ლარი იქნა პრემიების სახით ჩამორიგებული, მათ შორის, მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ 12 500 ლარი აიღო, გენერალური ინსპექციის უფროსმა - 15 000 ლარი.

„კომიტეტის წევრებთან ერთად რამდენიმე სამხედრო ნაწილი შემოვიარე. ასევე ვნახე კომფორტის ელემენტები, რომლებიც მოწყობილი იყო ყოფილი მინისტრების მიერ და ის, თუ რა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰქონდათ ჯარისკაცების, ოფიცრების მიმართ, რომლებიც მართლაც ენით აუღწერელ, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან;

მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ გენერალიტეტმა პრემიები აიღოს, მაგრამ როდესაც ხარ მეთაური და ხედავ იმ გაუსაძლის პირობებს, სადაც მართლაც არსებობს რისკი, რომ ის შენობები თავზე დაენგრეთ და ამხელა  პრემიებს ირიგებ, ესაა სწორედ უპასუხისმგებლობა,“ - ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მისივე თქმით, მინისტრები სხვადასხვა იარაღებს ჯილდოს სახით არიგებდნენ.

„ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის ღირებულების იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული, მათ შორის, ეს იარაღი აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმაც მიიღეს. სიმართლე გითხრათ, ამ იარაღის ჯილდოდ გადაცემასაც თავისი წესი აქვს და ის სამსახურებრივ საშტატო იარაღს წარმოადგენს. ამ სიაში ასევე მოხვდნენ „რუსთავის 2“-ის გასართობი პროგრამების სცენარისტები, მსახიობები და მომღერლები,“ - ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

სესიაშვილის ბრალდებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პასუხობს, ის ამბობს, რომ დაადასტურა - სესიაშვილი                 „ჭორიკანა დედაკაცივით“ აკეთებს განცხადებებს, თუმცა ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ მას ნამდვილად აჩუქა იარაღი, მაგრამ არ იცის, რა იყო მისთვის იარაღის ჩუქების მოტივი.

„ეს არის ღია ინფორმაცია. მე, დიახ, თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე ოფიციალური ბრძანებით ჯილდო, ეს გახლავთ იარაღი და მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ამგვარი ჯილდო მაქვს მიღებული. მე არ ვიცი, რა იყო თავდაცვის სამინისტროს მოტივი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი საქმიანობა მიმართული იყო ქართული ჯარის გაძლიერებისკენ. ჩემი სურვილი, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი თავდაცვა, რომელიც დამპყრობელს აღუდგება წინ, სწორედ ეს სულისკვეთება იქნა დაფასებული თავდაცვის სამინისტროს მიერ,“ - აცხადებს ბატონი წიკლაური.

 

მოტივირებული ჯარი და განადგურებული ინფრასტრუქტურა

 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ახალ ხელისუფლებას მოტივირებული ჯარი და, პრაქტიკულად, განადგურებული ინფრასტრუქტურა დახვდა.

„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, დაგვხვდა მოტივირებული ჯარი, ვაჟკაცი ბიჭები, მაგრამ, პრაქტიკულად, განადგურებული ინფრასტრუქტურა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორიცაა თავდაცვის ეროვნული აკადემია და კადეტთა ლიცეუმი. ჩვენი ამოცანაა, დავიწყოთ სასწრაფოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ ჯარს ღირსეული პირობები ჰქონდეს იმისთვის, რომ გაიწვრთნას, განათლება მიიღოს და დაიცვას საკუთარი ქვეყანა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი ამბობს, რომ  თავდაცვაზე გამოყოფილი 8  მილიარდი  ბევრ  სხვა  რამესთან  ერთად  მხოლოდ  ფასადებს  მოხმარდა.

„როდესაც ჩვენ გასული წლების ფინანსურ ანალიზს ვაკეთებთ. ვიცით, რომ თავდაცვაზე, შეიარაღებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე 8 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ჩვენ გვაინტერესებს, სად დაიხარჯა ეს თანხა. სამწუხაროა, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია ძალიან ბევრი სამხედრო ნაწილი. როგორც ჩანს, ეს 8 მილიარდი ლარი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მხოლოდ ფასადებს მოხმარდა,“ - განაცხადა ხადურმა.

 

პასუხი ციხიდან: თავდაცვის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებებს ციხიდან აკეთებს და ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი და ირაკლი სესიაშვილი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.

„უპასუხისმგებლო განცხადებად შეიძლება ჩაითვალოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ქართულ ჯარში ჯარის გაძლიერებისა და ჯარისკაცებისათვის პირობების გაუმჯობესების კუთხით არაფერი გაკეთებულა. მე და ნებისმიერ სამხედრო პირს კანონი გვიკრძალავს თუნდაც იმ დაცვისა და თავდაცვის ზღუდეებზე საუბარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ქალაქებს და თითოეულ ჯარისკაცს მატებს უდიდეს ძალას და ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში დღეს საქართველო არის უფრო დაცული, ვიდრე იგი 2008 წლამდე იყო,“ - ამბობს გავრცელებულ მიმართვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

როგორც ბაჩო ახალაია აღნიშნავს, მისი მინისტრობის პერიოდში გახდა სამხედრო განათლება და სამხედრო სამსახური პრესტიჟული. 2009-2012 წლებს უკავშირდება სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში, რისი შედეგიც გახლავთ თვითმავალი რეაქტიული საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ავტომატური შაშხანა G5, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ნაღმტყორცნები, პირველი ქართული მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ქვეითი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და სხვა.

 „მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან განსხვავებით, არასოდეს საკუთარი თავისთვის პრემია არ გამომიწერია. რაც შეეხება იმ ავტომობილებს, სამუშაო ოთახს და მათ კეთილმოწყობას, მე მესმის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, რომელიც ვერ იგებს, თუ რატომ იყო აღნიშნული ნივთები ეფექტური მუშაობისათვის საჭირო, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი მინისტრი სამუშაო ოთახში დღეში მაქსიმუმ 5 საათს ატარებს და ასევე დანამდვილებით გეტყვით, რომ 6 თვის მუშაობის მანძილზე ჯერ ნახევარიც კი არ აქვს ნანახი იმ ბრიგადებისა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.“ - აღნიშნულია წერილში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დასძენს, რომ თავდაცვის სამინისტროში დარჩა არაერთი პრობლემა, რომელიც მოგვარებას მოითხოვდა და ამ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება ჯარისკაცის პრობლემებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სფეროში ახალი ხელისუფლებისათვის კითხვები არ ამოწურულა და, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოები ამ კითხვებს კიდევ ერთ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინსაც დაუსვამენ, რომელიც ახლახან დაბრუნდა საქართველოში. როგორც ბატონი შაშკინი ამბობს, ის მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია