დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეთანხმება – ჩიხში
2013/02/20 14:31:20

დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებამდე დავით ბაქრაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ბაქრაძემ განმარტებები გააკეთა, თუ რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს დეტალები იმ ინტენსიური მოლაპარაკებების შესახებ, რაც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ ძალაში შეგვეყვანა ახალი კონსტიტუციის დიდი ნაწილი, რომლითაც დარეგულირდებოდა ურთიერთობები პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის. მე მინდა, დავადასტურო უსუფაშვილის განცხადება, რომ ჩვენ ამ საკითხებზე, პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ჩვენ გვწამს, რომ ეს ჩვენს ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო მეორე მნიშვნელოვან საკითხზეც, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„მეორე ელემენტი ეხებოდა ქვეყნის საგარეო კურსს, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პრობლემები ბოლო მომენტამდე, ფორმულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშნელობა აქვს თითეულ სიტყვას, რადგან მასზეა დამოკიდებული რეალურად რამდენად მყარად და შეუქცევადად გაგრძელდება საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. მაგრამ, მოხრაული ვარ, რომ  დღეს პარლამენტის თავმჯდომარისგან კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვისმინე, რომ როგორც პრემიერი, ასევე მთელი მთავრობა ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს და ისინი მზად არიან, შეთანხმების შემთხვევაში, ეს ვარიანტი ჩაიდოს საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მარტივი თემა და ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტის კონსტიტუციაში შეტანით მოიგებს არა რომელიმე პარტია, არამედ სრულიად საქართველო, რომლის ევროპული არჩევანიც იქნება დაცული,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

თუმცა, წინა ორი შეთანხმება ძალას კარგავს, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ მათთვის პრინციპულ საკითხზე, ქვეყანაში მიმდინარე დაკითხვების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„კონსტიტუციურ საკითხებზე შეთანხმებაზე  ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც პროკურატურაში უკვე 15 000-მდე ადამიანია დაკითხული. ეს ადმიანები იკითხებიან მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი რაიმე ფორმით დაკავშირებულები არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. მე არ ვსაუბრობ ე.წ. რეზონანსული და გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე, მე არ ვსაუბრობ მკვლელობებისა და წამების გამოძიებებზე. ჩვენ მათ ვუყენებთ ასეთ პირობას, რომ შეჩერდეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკითხვები, ეს წაადგება მთლიანად ქვეყანას და მის მშვიდ ცხოვრებას. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური პარტიის განადგურება.  ჩვენ არ ვითხოვთ, შეჩერდეს იმ ადამიანების დევნა, რომლებსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვთ ჩადენილი დანაშაული. ჩვენ არ ვითხოვთ იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის.  ჩვენ ვითხოვთ, რომ თავი დაანებონ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დადიან დაკითხვებზე.“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ნათია მატარაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია