დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება გამჭვირვალე შუშებს მიღმა?!
2011/12/05 11:49:00

საზოგადოებრივ გამოკითხვას ვატარებდი, როცა უცნობი მოხუცი მამაკაცი შეჩერდა და თავადვე მომმართა კითხვით: „კარგია, რომ ლამაზდება ქალაქი და იგება ამდენი შუშის შენობა, მაგრამ რა ხდება ამ შუშის შენობებს მიღმა?“

 

ჩვენ განვაგრძეთ გამოკითხვა და გაირკვა, რომ ეს კითხვა მხოლოდ ამ მოხუცს არ გასჩენია.

ქუთაისის რეაბილიტაციამ და შუშის ახალმა შენობებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის სახე. თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებას გამჭვირვალე შუშები ამშვენებს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ  გამჭირვალობა საზოგადოებისთვის ნათელს ხდის სახელმწიფო მომსახურებას.  

რა ფუნქციებს ასრულებს ახალი შენობები? რა სტრუქტურებია მათში გაერთიანებული და როგორ ემსახურებიან საზოგადოებას? ამის გასარკვევად შესაბამის ორგანოებს მივმართეთ.

 

ერთ-ერთი ახალი შუშის შენობა შემოსავლების სამსახურია, რომელმაც მერიიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა (ყოფილი პოლიტექნიკური ტექნიკუმის შენობა). ამ შენობის შიდა მომსახურების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის კოორდინატორი, ირაკლი ბოლქვაძე განმარტავს:

„აქ გაერთიანებულია სამი სტრუქტურა: შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ქონების მართვის სამსახური.

პირველი, რაც შეიცვალა, ის არის, რომ ძალიან გამარტივდა მომსახურება მეწარმეებსა და სახელმწიფოს შორის. ჩვენი ოფიცრები კონსულტაციებს უწევენ მეწარმეებს და აცნობენ, როგორ უნდა მოხდეს ახალი დანერგილი პროდუქტების ათვისება. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში ჩვენ თვითონ მივდივართ ადგილზე და ვეცნობით არსებულ შეფერხებებს. ასევე  გამარტივებულია საბაჟო მომსახურება. თუ ტვირთის განბაჟებას საათები სჭირდებოდა, ახლა ეს წუთებში ხდება, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებასა და გაღრმავებას.

ჩვენი სამსახური კვლავ განაგრძობს მომხმარებლისათვის ახალი სერვისების შეთავაზებას. გამარტივებული მოხმარების ფარგლებში ინოვაცია ბიუროკრატულ ბარიერებს მინიმუმამდე დაიყვანს და გადამხდელისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის. ასევე მიდის მსჯელობა ფიქსირებულ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელიც გაშალაშინების პროცესშია. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მეწარმეები განთავისუფლდებიან სალარო აპარატების, საბუღალტრო გადასახადებისა და დამატებითი ღირებულებების გადასახადებისაგან.“

შემოსავლების სამსახურის მიერ შექმნილმა პროდუქტების პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა ევროპის ქვეყნებში. ისინი კვლავ განაგრძობენ ახალი პროექტების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მომსახურებას.

 

***

მეორე შუშის სასახლე ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დგას (ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მთლიანად რეაბილიტირებული შენობა). დღეს აქ კონტროლის სახელმწიფო პალატაა განთავსებული.

როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, 1918 წლის 28 ივნისს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების“ შესახებ და განსაზღვრა მისი სტატუსი.

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო კონტროლიორის სამსახური  ფართო უფლებებით აღჭურვა.

რა უფლებებით სარგებლობს ეს ინსტიტუტი და როგორ ფუნქციონირებს, ამის შესახებ განცხადებას კონტროლის პალატის აპარატის უფროსი ნაზი არონია აკეთებს:

„კონტროლის პალატა არის ორგანო, რომელიც ატარებს ბიუჯეტის  ხარჯების კანონიერებას. ასევე საფინანსო ეკონომიკური კონტროლის  უმაღლესი ორგანოა, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფოს მატერიალურ და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას.

კონტროლის პალატა ახორციელებს კონტროლს კანონიერების,  ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და საჯაროობის პრინციპის საფუძველზე. ეს არ არის დაწესებულება, სადაც შეიძლება, საზოგადოება კონსულტაციებს იღებდეს, ან მოდიოდეს სხვადასხვა საჩივრით. ეს არის ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.“

კონტროლის პალატა ქუთაისში სრული შემადგენლობით გადმოვა მას შემდეგ, როცა შენობა სრულად მოეწყობა.

კონტროლის პალატა ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს. ჩვენი იქ ყოფნის დროს შეხვედრა მოუწყვეს ქუთაისის „ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს. პატარებმა დაათვალიერეს კონტროლის პალატა და გაეცნენ მის საქმიანობას.

 

***  

რაც შეეხება იუსტიციის სახლს, რომელიც კონტროლის პალატის გვერდით მდებარეობს... სწორედ ამ სტრუქტურის შესახებ არსებობს ყველაზე ბევრი შეკითხვა საზოგადოებაში.  

ეს შენობა არის იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი, რომელიც  ძალაში 2011 წლიდან შევიდა. ამჯერად საქართველოში იუსტიციის ხუთი  სახლია და მათ შორის ყველაზე დიდი - ქუთაისში (მისი ოპერატორებითა და უშუალოდ ფართის კუთხით).

იუსტიციის სახლმა მოქალაქეებს ყველაფერი ერთ სივრცეში შესთავაზა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ხარჯებს. თუ რა ფუნქციები და მომსახურებები სრულდება აქ, ამას უფრო ვრცლად ქუთაისის იუსტიციის სახლის მენეჯერი თინათინ კუპრაშვილი განმარტავს:

„იუსტიციის სახლი აერთიანებს ხუთ სხვადასხვა სააგენტოს: სამოქალაქო რეესტრის სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ეროვნული არქივი; აღსრულების ეროვნული ბიურო; ნოტარიუსთა პალატა.

მოქალაქეებს შეუძლიათ, ამ ხუთი სააგენტოს მომსახურება მიიღონ ერთ სივრცეში, ერთ შენობაში - შენობიდან გაუსვლელად. აქ სრულდება: ა) დაბადების, გარდაცვალების, პირადობისა და ქორწინების მოწმობის აღება; ბ) განაცხადის შეტანა მოქალაქეობისა და ბინადრობის თაობაზე; გ) უძრავი, მოძრავი და არამატერიალური ქონების რეგისტრაცია; დ) გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობის მიღება და სხვა,   დაახლოებით 250 ტიპის მომსახურება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ნებისმიერ მიქალაქეს, განურჩევლად მისი რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ადგილისა. ხოლო უცხოელებს შეუძლიათ, მოგვმართონ პირადობის, პასპორტის მოწმობებისა და ვიზების განაცხადის საკითხთან დაკავშირებით; ასევე - თუ კონკრეტული საკითხებია განსახილველი აღმასრულებლებთან. ეს არის შენობა, რომელმაც გააერთიანა იუსტიციის სამინისტროს ყველა  სტრუქტურული ერთეული, რომელიც მოქალაქეთა მომსახურებას ახორციელებს.“

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, ახალი პროექტებით აღმოფხვრას ყველა პრობლემა, რაც აბრკოლებს მოქალაქეს.

როგორი მუშაობა გაჩაღდება ამ ახალ შენობებში, ამას საზოგადოება გამჭვირვალე შუშებს მიღმა დააკვირდება...

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია