დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
26 მაისი, 2011
2011/05/26 15:05:55

26 მაისს, 12 საათსა და 15 წუთზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. ექს-პარლამენტისთავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული არასანქცირებული მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების გაფრთხილების შემდეგ მიიღო.

 

ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაიღუპა ერთი პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და აქციის მონაწილე, ყოფილი პოლიციელი 54 წლის ნოდარ ცხადაძე.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ორივე შემთხვევაში ეს ადამიანები დაიღუპნენ მაშინ, როდესაც საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა მისი მეუღლის ესკორტი აქციას ატოვებდა.

მისივე მონაცემებით, ამჟამად საავადმყოფოებში 37 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი ქალია, ერთი ჟურნალისტი და რვა პოლიციელი.

"არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა მასობრივი არეულობებისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას და ამ მასალისა და მტკიცებულებების ერთ ნაწილს ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ", _ განაცხადა უტიაშვილმა.

მომიტინგეების დარბევისას სამართალდამცველებმა სულ 90-მდე ადამიანი დააკავეს.

აღნიშნულის გარდა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მანქანით შეჯახების ფაქტზე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ აქციისას დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მათ, ვინც დანაშაულს აღიარებს 400-ლარიან ჯარიმას აკისრებენ, ვინც თავს უდანაშაულოდ ცნობს კი – 30-დღიან პატიმრობას უფარდებენ.

26 მაისს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი დათქმულ დროს დაიწყო. აღლუმი ქვეყნის მთავარსარდალმა ჩაიბარა. მას არ ესწრებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სცენარის მიხედვით იგეგმებოდა ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ ცეკვა ხორუმის შესრლებაც, თუმცა ეს დაგეგმილი წარმოდგენაც არ გამართულა.

პარლამენტის წინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საკუთარ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციის დაშლის მიზეზები განმარტა და მის ორგანიზატორი ძალები საბოტაჟში ადანაშაულა.

„ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნა, დღევანდელი აღლუმის ჩაშლა, საბოტაჟი და მასობრივი არეულობები მომხდარიყო. ჩვენთვის წმიდათა წმინდა ღირებულებაა სიტყვის თავისუფლება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოთქმის, საქართველოს ხელისუფლებისადმი საკუთარი პროტესტის გამოხატვის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ იმას, რაც ბოლო დღეებში აქ ხდებოდა სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი ჰქონდა საერთო", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ლიდერებს თავის მცირერიცხოვანი ჯგუფებით სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა სურდათ.

„მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს ის, რომ პოლიციასთან უშუალოდ შეტაკებისას მიეღოთ მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ მათ, ლიდერებმა გაქუსლეს იქედან და გადაუარეს ხალხს, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

26 მაისს მომხდარ მოვლენებს საზოგადოება არაერთგვარონად გამოეხმაურა.

სახალხო დამცველი მომიტინგეთა დარბევის ოპერაციაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს და აცხადებს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

„გავრცელებული კადრებისა და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია წინასწარი დასკვნა გავაკეთოთ: აქციის დაშლისას დარღვეულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც მთელ რიგ შემთხვევაში გამოიწვია რიგ პირთა უფლებების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ აქცია გასცდა საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებსა და არსებობდა მისი შეწყვეტის საფუძველი, პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა არაპროპორციული ძალა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულის კონტექსტში, სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას ყველა აღნიშნული ფაქტის დროულად გამოძიების რეკომენდაციას აძლევს და მოუწოდებს, ყველა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრთან სატელეფონო ზარის განხორციელებისა და ეფექტური დაცვით სარგებლობის უფლება.

„აქციის რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული. მათ არ მიეცათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება. ამასთან, რიგ შემთხვევაში, მათ სამართალდამცველები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როცა ისინი მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ან უკვე სამართალდამცველთა კონტოლის ქვეშ იქნა მოქცეული", - განმარტა ტუღუშმა.

სახალხო დამცველმა წუხანდელი დარბევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა.

საკუთარი განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმაც": „ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისს შს სამინისტროს ძალების მიერ რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილ სტანდარტებს.

ტელევიზიით გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გავრცელებული კადრების მიხედვით, იკვეთება, რომ პოლიციამ გადაამეტა ძალას, რითაც დაარღვიაა კანონი "პოლიციის შესახებ".

სწორედ ამიტომ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს მთავარ პროკურატურას: აწარმოონ ეფექტური გამოძიება, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის მსვლელობისას კონკრეტულ პირთა პასუხსიმგებლობის საკითხის დასადგენად.“

საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მომიტინგეთა აქციის ძალისმიერი მეთოდით დარბევას ამართლებს.

"უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ინტერესებში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროტესტში, შედიოდა არა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა, არამედ ისინი ესწრაფოდნენ ძალადობრივ კონფრონტაციას", - განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს დღევანდელი სამხედრო აღლუმისას.

ამასთან, მან ხელისუფლების მხრიდან "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა აქციის მონაწილეებისადმი მოწოდებას, რომ მათ რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გამოსახატად სხვა ადგილზე გადაენაცვლებინათ.

"ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა პროტესტის გამოსახატად, რათა აღლუმის გამართვა შესაძლებელი ყოფილიყო. შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონოდა აქციის დაშლაში მონაწილე ცალკეული ინდივიდების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას. მთავრობამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს ეს ბრალდებები", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

ჯონ ბასმა წუხანდელი დარბევისას ორი მოქალაქის დაღუპვის გამო სამძიმარიც გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

(მომზადებულია საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდრობით)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია