დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრივილეგირებული და „მეორეხარისხოვანი“ პენსიონერები
2011/03/14 13:06:31

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლის სექტემბრიდან პენსია 100 ლარი გახდება. რეგიონში მცხოვრებ პენსიონერებს 20 ლარით, ხოლო თბილისში მცხოვრებლებს 10 ლარი მოემატებათ. პენსიების გაზრდის პროგრამა ეხებათ მხოლოდ ასაკობრივი ჯგუფის პენსიონერებს.  პირველი ჯგუფის ინვალიდები ისევ ოთხმოც ლარს მიიღებენ. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და პენსიების გათანაბრებას მოითხოვენ.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემა გაუმართავი საპენსიო სისტემაა. სახელმწიფო არ არის სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული.

გიორგი ახვლედიანი: „შვიდი წელიწადია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ დაიწყება საპენსიო რეფორმა ჩვენს ქვეყანაში.  სერიოზული, გამართული, პრაქტიკაში ეფექტურად გამოსაყენებელი საპენსიო სისტემა ჩამოყალიბდება.  ჯერ-ჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვების დონეზეა, არავითარი რეფორმა ჯერ არ გვინახავს. ყველაფერი დარჩენილია პრეზიდენტის პიარ-აქციების დონეზე.  5-5, 10-10 ლარით გაზრდა, რა თქმა უნდა,  არსებული რეალობის არაადეკვატურია. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული მასალებით, საარსებო მინიმუმი იანვრის მაჩვენებლით არის 152 ლარი. როცა 152 ლარი გაქვს საარსებო მინიმუმი,  არ შეიძლება, რომ მისი ნახევარი, ან მესამედი იყოს პენსია.  ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხაა საჭიროა ადამიანის გადარჩენისათვის თვიდან-თვემდე. შენ, როცა აძლევ მას 80-90 ლარს, ეს იმას ნიშნავს,  რომ პენსიონერმა სამ დღეში ერთხელ უნდა ჭამოს  საჭმელი, სამ დღეში ერთხელ უნდა აანთოს ნათურა, სამ დღეში ერთხელ უნდა დალიოს, თუ სჭირდება, წნევის ან გულის წამალი. ბუნებრივია,  ამ ყველაფერს არც 150 ლარი ეყოფა. სახელმწიფოს  სოციალური პასუხისმგებლობა თავის თავზე აღებული არ აქვს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ყოველწლიურად 5 ლარის მომატებით არ შეიძლება იყო ამაყი, ბედნიერი. ეს არშემდგარი სახელმწიფოს ნიშანი და თვისებებია“.

ქრისტიან-დემოკრატები პენსიონერების დიფერენცირებაზე და ხელისუფლების არასწორ მიდგომებზე საუბრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ინვალიდებსაც იგივე პენსია უნდა ჰქონდეთ, რაც ასაკობრივი თვალსაზრისით არის განსაზღვრული. საქართველოში პენსია, ძირითადად, დგინდება ასაკობრივი ცენზით, ხოლო სტაჟის მიხედვით დანამატი მხოლოდ 10 ლარს შეადგენს.

გიორგი ახვლედიანი: „ერთი წელია, საქართველოში სრული  კატასტროფული უსამართლობა ზეობს იმ  თვალსაზრისით, რასაც ჰქვია დიფერენცირება ასაკობრივი პენსიისა.  უცებ საარჩევნო კამპანიის გამო აღმოჩნდა ისინი დიფერენცირებული. თბილისში გააკეთეს დანამატები და გახდა 90 ლარი.  ეს 10-ლარიანი დანამატი იმიტომ გაუკეთეს პენსიონერებს, რომ  თბილისის მერი პირდაპირი წესით აერჩიათ. შესაბამისად, მას სჭირდებოდა თბილისელი პენსიონერების გულის მოგება.  ადამიანებს, რომლებიც რეგიონებში  აღმოჩნდნენ, გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან მეორეხარსიხოვანი.  ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში, სადაც მერებს პირდაპირი წესით არ ირჩევენ, რატომ უნდა ჰქონდეთ დანამატი?! ერთი წელია ამ საკითხზე ძალიან მწვავე ბრძოლა მიმდინარეობს. ერთადერთი პლიუსი, რაც გაკეთდა პენსიის 100 ლარამდე გაზრდით, არის ის, რომ ასაკობრივ პენსიონერთა შორის  დიფერენცირება მოიხსნება. რეგიონებსა და თბილისში ერთნაირი პენსია ექნებათ“. 

მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, პენსიის რეფორმები პირველი ჯგუფის ინვალიდებს არ ეხებათ. 2009 წლიდან ისინი იღებდნენ მხოლოდ 65-70 ლარს. 2010 წლის ბიუჯეტში  შევიდა ცვლილება მათი პენსიის 80 ლარამდე გაზრდის თაობაზე, რითიც გაუთანაბრეს ასაკობრივ ჯგუფს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის წყალობით, 2011 წლიდან  პირველი ჯგუფის ინვალიდები მაინც 20 ლარით ნაკლებს მიიღებენ.

გიორგი ახვლედიანი: „2009 წლამდე იყო ძალიან სერიოზული უსამართლობა. პირველი ჯგუფის ინვალიდებს არ ჰქონდათ ასაკობრივ  პენსიონერთან გათანაბრებული პენსია. პირველი ჯგუფის ინვალიდი არის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია იშრომოს პენსიონერთა გარკვეული ჯგუფისგან განსხვავებით. პირველ რიგში ისინი არიან საზრუნავი.   წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძოდით ამაზე და, შეიძლება ითქვას, მოვახერხეთ, ანუ მათაც 80 ლარი გაუხდათ. ახლა უცებ აღმოვაჩინეთ, რომ როცა პრეზიდენტმა გამოაცხადა პენსიების გაზრდა, იგი არ ეხება ინვალიდებს.  თავიდან იწყება ბრძოლა, რომ არ შეიძლება ინვალიდების პენსია ჩამორჩებოდეს ასაკობრივ ჯგუფს. ისევ მეორეხარისხოვან ადამიანად გამოაცხადეს ყველა ინვალიდი“.

2011 წელს, წინა წლებთან შედარებით, ფასები საგრძნობლად, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაციის პირობებში პენსიის 10 თუ 20 ლარით გაზრდა არ იწვევს რეალურ შეღავათებს. გიორგი ახვლედიანი ამ რეფორმას დარგობრივად და შინაარსობრივად წარუმატებლად მიიჩნევს.  „ეს არ არის ის ზრდა, რომელიც პენსიონერს რეალურ მდგომარეობას გაუუმჯობესებს. ადამიანი ერთი წლის წინ იმ თავისი 80 ლარით  უფრო მეტ პროდუქტს შეიძენდა, ვიდრე სექტემბერში შეიძენს 100 ლარით. მოხდა მხოლოდ ინდექსაცია და არა შინაარსობრივი ზრდა“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგი ახვლედიანმა.

ყველას კრგად ახსოვს, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირება პენსიების 100 დოლარამდე გაზრდის თაობაზე. 100 დოლარის ექვივალენტი ლარებში დაახლოებით საარსებო მინიმუმის ტოლფასია. გიორგი ახვლედიანთან საუბარში გავარკვიეთ, რომ პენსიის ამგვარი ზრდა არ გულისხმობს პენსიონერთათვის 100 დოლარის ექვივალენტის ლარებში მიცემას. პრეზიდენტის პროექტის მიხედვით, პენსია იქნება 100 დოლარიანი პაკეტი, რაშიც შეიძლება მოიაზრებოდეს 100 ლარს ზემოთ დანამატის სახით სხვადასხვა მომსახურების შეთავაზება.

გიორგი ახვლედიანი: „შეიძლება ითქვას, რომ პენსია დარჩება 100 ლარი და ის დანამატი, რაც შეადგენს 100 დოლარს, გადანაწილდება სხვადასხვა მომსახურებაზე. რაც შეიძლება ყველასთვის არ მოხდეს, რაც შეიძლება  ყველა პენსიონერმა არ მიიღოს. ეს შეიძლება გადანაწილდეს ტრანსპორტის შეღავათში, სასაცილო და შეურაცხმყოფელი ვაუჩერების დარიგებაში, ან ზოგიერთი კატეგორიისთვის  წამლის ფასის შეღავაშთი. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, არ აკეთებს იმას, რასაც დაგვპირდა. არ აკეთებს იმას, რაც უპირველეს ყოვლისა, გასაკეთებელია და არ არის ღირსი, იყოს ხელისულფლებაში. ეს უნდა გაიგოს თითოეულმა მოქალაქემ. მოტყუებული ადამიანი საარჩევნო ყუთთან შეცდომით აკეთებს არჩევანს და ჩვენი მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ადამიანები ნაკლებად შევიდნენ შეცდომაში და ჰქონდეთ სრული სურათი“.

პენსია რაოდენობის მხრივ კი იზრდება, მაგრამ რეალურად გაიზარდა თუ არა მისი ღირებულება, ბუნდოვანია. რას ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ რეფორმასთან დაკავშირებით? რა ელით პირველი ჯგუფის ინვალიდებს? ამ თემების გარკვევას „P.S.“ მთავრობის წარმომადგენლებთან მომდევნო კვირისთვის შეეცდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია