დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქვეყანა პანდუსის გარეშე
2010/11/01 15:06:03

ამ თემაზე წერის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც პირველად გავედი საქართველოს საზღვრებს გარეთ - აქვე, ჩვენთან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე. სტამბულში, შეიძლება, თვალი მოგჭრას საოცარმა ტკბილეულმა და ოქრომ, მაგრამ ჩემი გაკვირვების და გაოცების ყველაზე დიდი მიზეზი გახლდათ ინვალიდები, ან როგორც ჩვენთან ეძახიან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. თუმცა, ამ კულტურულ და ლამაზად შეფუთულ სახელს მიღმა მაინც სიტყვა ინვალიდი იმალება, რომელსაც ასე განმარტავს უცხო სიტყვათა ლექსიკონი - სუსტი, უძლური ადამიანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად დაკარგული აქვს შრომის უნარი (დასახიჩრების, ავადმყოფობის ან მოხუცებულობის გამო).

პირველი, რაც თვალში გხვდება ნებისმიერ პროვინციულ ქალაქსა თუ სოფელში, ნებისმიერ ავტოსადგურსა თუ სუპერმარკეტში, ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში, ნებისმიერ სავაჭრო ცენტრსა თუ კულტურულ დაწესებულებაში, მნიშვნელოვან ტურისტულ და ღირსშესანიშნავ ადგილას, ეს არის პანდუსები და დაბალი ტროტუარები, რომლებიც უკვე გატყობინებენ, რომ ეს ქალაქი არაა აშენებული მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომ აქ, ამ საზოგადოებაში უნარშეზღუდულ პირებსაც იგივე უფლებები აქვთ (და შეიძლება ოდნავ მეტიც), ვიდრე ჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონეთ. აქვე, ჩვენს მეზობლად, ან ევროპაში შეგიძლიათ ნახოთ ტროტუარებზე განმარტოებით მდგომი ლიფტები (რომლებსაც პირდაპირ ქუჩიდან ჩაჰყავს მეტროში შესაბამისი სტატუსის მქონე ადამიანი), საპირფარეშოებში - სპეციალური კაბინები, ავტოსადგურებში - მომზადებული ინვალიდის სავარძლები... და გექმნება შთაბეჭდილება, რომ აქ ყველაფერი იმათ ირგვლივ ტრიალებს, რომელთაც ბედმა, განგებამ თუ შემთხვევამ დამოუკიდებლად გადაადგილების და მოქმედების უნარი წაართვა.

ვუყურებ იქ მილიონ ტურისტს შორის მოფუსფუსე, ჩამოსულ თუ ადგილობრივ უნარშეზღუდულს, რომლებიც სახლში, მარტოობასა და სიღატაკეში კი არ გამოკეტილან, არამედ მუშაობენ, ისვენებენ, ახლის შეცნობით და ნახვით ტკბებიან, მოკლედ - ცხოვრობენ! და მახსენდებიან ჩვენი ინვალიდები, რომელთათვის გარეთ გამოსვლა  უიშვიათეს  და ურთულეს სიტუაციებს უკავშირდება, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა კი მხოლოდ ფანჯრიდან შეუძლიათ; რომლებიც არათუ დამოუკიდებლად, არამედ სხვისი დახმარებითაც ვერ იმოძრავებენ  დანგრეული ტროტუარების და მაღალსაფეხურიანი, „აბრაკადაბრა“ არქიტექტურის მქონე ქალაქსა და ქვეყანაში. სადაც სიტყვა „პანდუსი“, შეიძლება რაიმე ახალი, მოდური ტერმინი ეგონოთ. ამდენ „მოაზროვნე“ „ქვეყნის აღმშენებელთა“ შორის ჯერ ვერავინ მოიცალა, გახსენებოდათ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებში უინტერესოდ, უმომავლოდ, ზოგჯერ უსახსროდ, ცოცხლად დამარხულები ითვლიან ერთფეროვან დღეებს. ადამიანები, რომლებისგანაც სახელმწიფო, რატომღაც, დახმარების სანაცვლოდ ითხოვს - ღარიბები ან შეჭირვებულები კი არა, სიღატაკის ზღვარს მიღმა იყვნენ. ითხოვს უშეღავათოდ, იყვნენ ღატაკები, არაფრისმქონენი, შიოდეთ, სწყუროდეთ, არ ჰქონდეთ არანაირი საკომუნიკაციო საშუალება, არანაირი საოჯახო ხელსაწყო, არ ჰქონდეთ ელემენტარული პირობები არსებობისთვის. აი, სწორედ მაშინ ჩათვლიან მათ დახმარების ღირსად, მაშინ გაიღებენ მოწყალებას და გამოუყოფენ უზარმაზარ, ძველისძველ, ხმარებიდან გადასულ ინვალიდის სავარძელს (მაპატიეთ, ისევ ინვალიდი წამომცდა, ამ სიტყვის თქმა ხომ საქართველოში ლამის კანონით ისჯება). მაშინ გადმოუგდებენ გროშს ან ლუკმას (ესეც სათუოა). მაშინ ჩათვლიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ. ხოლო, თუ ამ ადამიანმა მოასწრო ცხოვრებაში რაღაც ელემენტარულის შექმნა-შეძენა და შემდეგ, რაიმე შემთხვევის წყალობით გახდა უნარშეზღუდული, მას სახელმწიფო უბოდიშოდ გასწევს განზე და უფრო ღატაკის ძებნას დაიწყებს, რომ „უხვად“ დაასაჩუქროს.

არანაირი დახმარება შინ, არანაირი პირობა გარეთ... უნარშეზღუდულებს უფლებებსაც უზღუდავენ. ამ დროს კი მილიონები იხარჯება შადრევნებსა და უაზრო კონსტრუქციებზე. ქვეყანა ევროკავშირისკენ ილტვის და იმ ქვეყანათა რიგებში ლამობს ჩადგომას, სადაც ადამიანს იცავს კანონი და საკუთარი სახელმწიფო, სადაც შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებს შვილად აიყვანენ, და ამის ამბიცია აქვს ქვეყანას, სადაც ჯანმრთელ ბავშვებს ნაგავსაყრელზე ყრიან.

მოდით, იმათი აზრი გავიგოთ, ვისაც უშუალო შეხება აქვთ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან :

ია ჯინჭარაძე: „ჩემი მეუღლე უნარშეზღუდულია. პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც დამოუკიდებლად მოძრაობა (არათუ გადაადგილება) არ შეუძლია. რვა წლის წინ ის სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო, მამა, მეუღლე, მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმების და დაგვიანებული სამედიცინო დახმარების შედეგად დაინვალიდდა. სისტემატურად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, მასაჟებს, მომვლელს, რომლის მოვალეობას, ბუნებრივია, მე ვასრულებ და, აქედან გამომდინარე, თითქმის მიჯაჭვული ვარ მასზე. ყოველთვიურად გვჭირდება უამრავი წამალი, ანალიზი. ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია დიდ თანხებთან და პრობლემებთან. როცა მივმართე სხვადასხვა ინსტანციებს თხოვნით, რომ გვქონოდა ელემენტარული დაზღვევა, დახმარება ან შეღავათი კომუნალურ გადასახადებში, ყველგან მპასუხობდნენ ერთსა და იმავეს: უნდა იყოთ სიღარიბის ზღვარს მიღმა. არ უნდა მქონდეს ტელევიზორი და უამრავი სხვა ისეთი ნივთი, რომლის გარეშეც ოჯახს ოჯახი არ ჰქვია. არადა, ხომ უნდა ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ ჩემი მეუღლე იყო ოჯახის მარჩენალი და ჩვენ მთლიანად მასზე ვიყავით დამოკიდებული. ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც შეეძლოთ ჩვენთვის, ესაა ტრანსპორტის გადასახადის შეღავათი, რომელიც ჩვენ არაფერში გამოგვადგებოდა, ვინაიდან ჩემი მეუღლის საზოგადო ტრანსპორტით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია.

მეორე საკითხი, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ ფაქტობრივად, ქუჩაში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის გამოყვანა შეუძლებელია, რადგან, არცერთ ტროტუარს არა აქვს სიმაღლე,  დასაწყისი და დაბოლოება ისეთი, რომ იქ ეტლი შეაგორო, აღარაფერს ვამბობ პანდუსებზე, რომელიც არათუ სახლებსა და დაწესებულებებს, არამედ, არა აქვს ზოგიერთ საავადმყოფოს და თითქმის არცერთ ეკლესიას, ე.ი. იმ ადგილებს, რომლებიც თითქოს, პირველ რიგში შეჭირვებული ადამიანებისთვისაა. ეს ეხება არამარტო ქუთაისს, არამედ საქართველოს ყველა ქალაქს. თითზე ჩამოსათვლელად თუ ნახავთ შენობას, სადაც უნარშეზღუდული ადამიანის უპრობლემოდ შეყვანას შეძლებთ ჩვენთან უნარშეზღუდული პირი ასოცირდება მიტოვებულ, მივიწყებულ, დაბეჩავებულ ადამიანთან. რომელსაც ცხოვრებაში აღარაფერი დარჩენია.“

უნარშეზღუდული პირების სტატისტიკაზე და პრობლემებზე იმერეთის რეგიონის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარეს ვლადიმერ თორთლაძეს ვთხოვეთ კომენტარი.

ვლადიმერ თორთლაძე: „ამჟამად ქუთაისში 2000-ზე მეტი I ჯგუფის ინვალიდია, ხოლო II და III ჯგუფის ინვალიდების რაოდენობა 10000 აჭარბებს. აქვე განგიმარტავთ, რომ I ჯგუფის ინვალიდად ითვლება პირი, რომელსაც მკვეთრად აქვს შეზღუდული გადაადგილების უნარი. ასეთი ამ 2000-იდან არის 70 %. დავაკონკრეტებ, თუ რამდენი კატეგორიის უნარშეზღუდული არსებობს. ესენი არიან - თვრამეტ წლამდე ინვალიდი ბავშვები, ბავშვობიდან I ჯგუფის ინვალიდები, I ჯგუფის ინვალიდები, II ჯგუფის ინვალიდები, III ჯგუფის ინვალიდები. არის სამამულო ომის ვეტერანები (რომელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა);  აფხაზეთის და ოსეთის ომის ვეტერანები ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები, ჩერნობილის კატასტროფის შედაგად დაინვალიდებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა I ჯგუფის ინვალიდია, რეპრესირებულები, უსინათლოთა საზოგადოება.

შეზღუდული უნარის ქონა უკვე თავისთავად არის დაკავშირებული დიდ პრობლემებთან და, შესაბამისად, ამ ადამიანებს დიდი დახმარება სჭირდებათ, რაშიც ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვართ, ვინაიდან ყველა დახმარება გათვალისწინებულია იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს, თავისთავად, სიღატაკეს გულისხმობს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ინვალიდთა დახმარების პროგრამების არსებობის მიუხედავად, დახმარებისათვის განკუთვნილი რაიმე სახსარი ჩვენი ქალაქის ბიუჯეტში ასახული არ არის. თუმცა, შექმნილია საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც შეხება აქვთ უნარშეზღუდულ პირებთან. მასში შესული არიან წარმომადგენლები  ჩვენი ორგანიზაციიდან, ჩერნობილის ინვალიდთა კავშირიდან, უსინათლოთა საზოგადოებიდან და ა. შ. საბჭო დამტკიცებულია ქალაქის მერის მიერ და მას კოორდინირებას უწევს ქალაქის ვიცე-მერი დავით გორდელაძე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ არჩილ მუკბანიანს იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის იჩენს ჩვენს მიმართ.

დღეს ხშირად ისმის ფრაზა, რომ ჩვენ გვაქვს სოციალური ბიუჯეტი,  მაგრამ შეუძლებელია, ასეთ ბიუჯეტში ასახვა არ ჰპოვოს უნარშეზღუდული ადამიანებისადმი ზრუნვამ. მათი დახმარება კი მაშინ იქნება დახმარება, როდესაც თავადვე იგრძნობენ ამ ზრუნვით გამოწვეულ შვებას.

ქალაქის მერიას ჰქონდა ასეთი დახმარება უსინათლოებზე, ტრანსპორტის გადასახადის შეღავათი, მაგრამ უნარშეზღუდული ადამიანები იშვიათად სარგებლობენ ამ „პრივილეგიებით“. უპრიანი იქნებოდა, მათთვის გაგვენახევრებინა კომუნალური გადასახადები. აი, ამ ტიპის დახმარებებით შეგვიძლია შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა. თუმცა, ეს შეღავათი არსებობდა 7-8 წლის წინ, შემდეგ კი რატომღაც გაუქმდა. სახელმწიფო პროგრამებისა და დახმარებების გარეშე, ჩვენი ორგანიზაცია შემოიფარგლება ინვალიდთა უფლებების დაცვით, მათი მომსახურებით, რაც ძირითადად გამოიხატება  შუამდგომლობით, მითითებებით, გარანტიით. თანხებზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება და უკვე საერთოდ აღარც კეთდება შემოწირულობები. მაგრამ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაგალითად, სულ ახლახან „ქაუნთერ ფართისთან“ ერთად უნარშეზღუდულებს დავურიგეთ მეორადი ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. ზოგჯერ, ზაფხულობით, ვახერხებთ მათ გაგზავნას ურეკსა და საირმეში, მაგრამ ეს ხდება იშვიათად, თანაც მოგვდის ძალიან ცოტა რაოდენობის საგზური. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ინვალიდთა უმეტესობას გამყოლის გარეშე იქ წასვლა არ შეუძლია, ალბათ, წარმოიდგენთ, როგორი პრობლემა იქნება საგზურებით მათი დაკმაყოფილება.

ამათ გარდა, არსებობს, ასევე მნიშვნელოვანი სხვა პრობლემა.  ჯერ კიდევ შაშიაშვილის დროს იყო ასეთი კანონი, რომ არცერთი ახალაშენებული  შენობა არ უნდა ჩაბარებულიყო, თუ მას არ ექნებოდა უნარშეზღუდულთათვის განკუთვნილი პანდუსი. თუმცა...დღეს ჩვენს ქალაქში ვერსად ნახავთ პანდუსიან სახლს, ან დაწესებულებას. ან კიდევ, როგორ შეიძლება, მეორე დედაქალაქს არ ჰქონდეს ავტობუსი, რომელსაც ექნება შესასვლელი შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისთვის... ეს ის დეტალებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ გვინდა, რომ ამ ცივილიზებული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ.“

დღეს ქართული კანონმდებლობა ჭკუას გვარიგებს, არ წამოგვცდეს სიტყვა     „ინვალიდი“, ვინაიდან ჯერ კიდევ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია  დეკლარაციაში იყენებდა ტერმინს „შეზღუდული შესაძლებლობების (უნარების) მქონე პირი“ რომელსაც თავისი განმარტება ახლდა თან: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არა აქვს უნარი, მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოს თავისი თავი ჩვეულებრივი ადამიანური ან სოციალური ცხოვრების საჭიროებებით, გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების თანდაყოლილი ან არათანდაყოლილი დეფექტების შედეგად.“

იმავე ტერმინით მოიხსენიებს იგივე ორგანიზაცია შესაბამისი სტატუსის ადამიანებს 2007 წლის 30 მარტის კონვენციაში, მხოლოდ ოდნავ განსხვავებული და გართულებული განმარტებით:                             „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში იგულისხმებიან პირები, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან სენსორული დაზიანება, რომლებმაც სხვადასხვა ბარიერებთან ურთიერთობისას შეიძლება შეაფერხოს ისინი, ან ხელი შეუშალოს მათ სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებაში სხვების თანასწორად.“

მაგრამ ეს კონცეფცია და კანონი, ყველა ეს განმარტება ღირებულია იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლე, უფლება და აზრი ფასობს. ჩვენს შემთხვევაში კი, უბრალოდ, სიტყვებით თამაშია. პოზააა, რომელსაც წამდაუწუმ გვთავაზობენ, ოქროთი მოვარაყებული ჩარჩოა, რომლის მიღმაც დახეული ტილოს მეტი არაფერი გველოდება. ასტრონომიული თანხები იხარჯება სანახაობებზე, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს, არც ახალნარევოლუციონარს და არც „მრავალგზის არჩვენებში გამარჯვებულს“ არ გახსენებია, შინ და გარეთ, ქუჩაში და სახლში ელემენტარული პირობები გაეუმჯობესებინა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც, ასე რუდუნებით, „უნარშეზღუდულებს“ ეძახის. თუმცა, ზედმეტს ხომ არ ვთხოვთ ქვეყანას, სადაც მილიონობით ჯანსაღი ადამიანი უმუშევარი და მშიერია, ხოლო ერთი იმდენი ქვეყნიდან უვადოდ გადახვეწილი?

 

მანანა ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია