დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბლოგი
თეონა ბაღდავაძის ბლოგი: "ისწავლე, თქვა არა"
2016/07/02 20:15:09

2015 წლის 12 იანვარი იყო, გავაღე ოფისის კარი, პირველად გავტესტე სიგნალიზაცია, ჩავჯექი ჩემს ბზრიალა სკამში და გავიფიქრე, ვაა მგონი ნამდვილად გავაკეთე ჩემი კომპანია.


მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ ოფისში , მაგრამ მარტო არასდროს , ჯერ დიზაინზე ვკამათობდით მე ჩემი მეგობარი და თანამშრომლები (არ ვაპატიებ არც ერთს, ჩასაშენებელი აკვარიუმი რომ არ გამაკეთებინეს), მერე ავეჯის სტილზე, ფასზე და განლაგებაზე, მოკლედ აქანა დავდგამ სტენკა თემებზე .

 

ამას უკვე ოფისის დალაგება მოჰყვა, ფარდები ლილოდან, საოფისე და სამზარეულოს ინვენტარის აგროვება, ისე რომ, ჩვენს უმკაცრეს ფინანსურ მენეჯერს არც ერთი საშაქრის ჩეკი არ დაკლებოდა და ბოლოს, რაც ჩემი ცხოვრების ცენტრალური საზრუნავი, წესიერი, სანდო, სუფთა და კომუნიკაბელური ყავის აპარატის შერჩევა.

 

12-ში კი მარტო მივედი ოფისში და დავიჯერე, რომ ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო. დიდხანს ბზრიალს ვერ უძლებს ჩემი ისედაც თავბრუდახვეული თავი და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი. აი ზუსტად, ეგრევე საქმეზე.

 

დავურეკე ჩემს ოთხ არსებულ კლიენტს და ვკითხე რაიმე ხომ არ სჭირდებოდათ, მერე წინა დღეს ოთახში ჩამოკიდებულ დაფას გავხედე (სკოლის დაფა მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ცარცით დათხუპნული შეხვედრებზე სიარული არც ისეთი კარგი ტონი იქნებოდა) და დავალებების შესრულებას შევუდექი, ისე რომ 13 ში საღამოს მშვიდად გამეკვნიტა ჩემთვის საგანგებოდ გადანახული, ვანური თაფლით დამზადებული გოზინაყი.

თუმცა სიტყვა მშვიდად, თურმე ისეთივე უცხო და შორეული გახდებოდა ჩემთვის, როგორც ფარგალი, ბისექტრისა და ჩემი უსაყვარლესი სერიალი ბლანკოს ქვრივი.

 

ნელ-ნელა დავიწყე იმის გააზრება, რომ ჩემი დაზუთხული პასუხი, რა გინდა გააკეთო ცხოვრებაში „ჩემი პიარ საკონსულტაციო კომპანია მქონდეს“ რეალობაში მოვიყვანე.

აი, აქ იყო ჩემს წინ, ჩემი კომპანია, ოფისით, რემონტის ხარჯებით, სტაფით, მეგობრებით, კლიენტებით, გაზის ქვითრებით და დაცვის სამსახურის ესემესებით.

 

ეს არ იყო ფურცლების აყრის და კარის გაჯახუნების ან ვინმესთვის რაიმეს მტკიცებისთვის მიღებული არამედ, ნაფიქრი და ასჯერ დაღეჭილი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანთან ყავის და უფრო საინტერესო სასმელების წრუპვის შედეგად მივიღე, რექაციები ისეთივე განსხვავებული იყო როგორც 17 მაისის ორი მსვლელობა.
იდეის გაშლა ჩემს მეგობართან ერთად დავიწყე, რომელიც ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ საქმეს, პოტენციური კლიენტების ჩამონათვალით დაწყებული, ჩემი ოფისის ურთულეს მეპატრონე ბორისთან მოლაპარაკებით დამთავრებული, რომ უბრალოდ შემრცხვა, იმ სპექტაკლიდან გაპარვა, სადაც მთავარ როლს აღმოჩნდა, რომ მე ვასრულებდი.

 

არ მავიწყდება, როგორი აღფრთოვანებით და ფასდაუდებელი რჩევების კიპათი შეხვდა ამ ინიციატივას, ჩემი მეგობარი სანდრო ჯეჯელავა, თუმცა მეგრელი წნევიანი ქალის GIF რეაქცია უფრო მეტი იყო ჩემს ცხოვრებაში (რაა ? გაგიჟდი? სამსახურიდან მოდიხარ? აწყობილი გაქვს ცხოვრება, ამ დაქცეულ ქვეყანაში ბიზნესი? რომ არ გამოგივიდეს, კლიენტები რო ვერ იშოვო, თანამშრომლები ხო იცი როგორ ჭირს, ქუსლებიდან რო გადმოვარდე ?) ყველა ამ ხშირად დასმულ კითხვაზე ერთი პასუხი მქონდა, არაუშავს : )

თუმცა არაუშავს კი არა, უშავს.

 

ის კითხვები დღეს ჩემს შიშებად და გამოცდილებად ჩამოყალიბდა, რომელმაც მომიყვანა დღეს აქ, უმსხვილესი კომპანების პარტნიორად, ბევრი საინტერესო ადამიანის და საკითხის კონსულტანტად და ხშირად შეშინებულ წრუწუნად, რომელსაც გონია, რომ ცხოვრება, ამ შემთხვევაში მსუქანი კატის სახით წარმოჩენილი აუცილებლად კუდით დაიჭერს და გადასანსლავს.

 

ამ პოსტში არ ვილაპარაკებ საკუთარ წარმატებებზე, ვიცი ისედაც გადაგღალეთ, თუმცა ჩემი სფეროს სპეციფიკაა ასეთი და მე ექს ინტროვერტი, აწ უკვე ორდიპლომიანი ექსტროვერტი განსაკუთრებულ აქცენტებს საკუთარ მიღწევებზე, ძირითადად, ერთი მიზეზის გამო ვაკეთებ, რომ არ წამძლიოს სურვილმა ჩავიხედო იმ უფსკრულში, რომლის თავზეც გაბმულ ბაწარზე, ცეცხლმოკიდებული ველოსიპედით და სახეზე მშვიდი ღიმილით ყოველდღე გავდი- გამოვდივარ.

 

ვილაპარაკებ იმ გაკვეთილებზე, რაც მივიღე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში.

 

გაკვეთილი რის გაკვეთილია, ცხოვრებამ, ამ შემთხვევაში მკაცრი ქიმიის მასწავლებლის სახით გამოხატულმა, თუ არ დაგაზუთხინა, ჯერ დამარცვლით წაგაკითხებს, მერე კარგად კითხვით მოგცემს სახლში და ბოლოს მოგთხოვს დაფასთან ჩააბარო.

ეს გაკვეთილი ბევრია, თუმცა რამდენიმე იმდენად მნიშნველოვანია, რომ ჰაგიოგრაფიის საზეპიროებზე უკეთ დავიმახსოვრე.

 

გაკვეთილი N 1 გილოცავთ თქვენ ტყვედ ჩავარდით!

აი ასე, მისეირნობდით, საკუთარი სტერეოტიპების, სურვილების და ვნებების ტყეში და უცებ აღმოჩნდით, საკუთარივე ამბიციის ტყვე, იცით რატომ ? ერთი მარტივი და სულელური ფრაზა ამოიჩემეთ „ რატომაც არა“ ?

ამ ფრაზამ თქვენს ტვინში ნელ-ნელა სურვილების და შიშებისგან შექმნილი აბლაბუდა შექმნა, ამ აბლაბუდამ კი გაზაფხულის ბუზივით მიგიზიდათ და გილოცავთ, თქვენ ორმოში ჩავარდით .

 

ჰოდა არაფერი, შეიკარით თმა, დაიკაპიწეთ მკლავები და დაიწყეთ ორმოში გვირაბის თხრა. არა იმაზე ფიქრი სამხრეთ – ჩრდილოეთით, თუ აღმოსავლეთ- დასავლეთით

( ეს შეცდომა სპეციალურად დავუშვი, მაინტერსებდა ყურადღებით, მისმენდით თუ არა) გათხაროთ ორმო, არამედ უბრალოდ დაიწყეთ ნიჩბით თხრა.

რაც არაალეგორიულ ენაზე, ყოველდღიური პრობლემების გამკვლავებას გულისხმობს.

 

ა, ეს სტრატეგია არ მოგწონთ, ვეცდებით ახალი მიმართულებები შევიმუშავოთ, ბიუჯეტი გეძვირათ, ვეცდებით დავაკლოთ, ღონისძიებაზე ჟურნალისტი არ მოვიდა, არაუშავს გაშუქების ალტერნატიულ გზას მოვძებნით, რეპორტი გჭირდებათ 10 წუთში, კვირას 12 საათზე, რა პრობლემაა, ჩვენ სულ ვმუშაობთ, დამლაგებელმა დაიგვიანა, არაუშავს, მე დავრეცხავ ჭურჭელს, თანამშრომელი მიდის, არაუშავს, ჩემს 35 პუნქტიან დღეს კიდევ 4 დაემატება.

 

მოკლედ თხრით და თხრით, არ გირჩევთ გვირაბის ბოლოს სინათლეს, ეგ ან სიკვდილია, ან ყველაზე კარგ ვარიანტში პენსია იქნება.

 

გაკვეთილი N 2

თქვენ გახდით დედა, მამა, ბებია, ძიძა, დედამთილი და მამინაცვალი ერთდროულად.

აი, ზუუუსტად ამ თანმიმდევრობით.

რატომ იცით, აი Entrepreneur-ებზე რომ მოხდენილ სტატიებს წერენ ამერიკაში, იქ წავიკითხე ერთხელ, რომ საკუთარი ბიზნესი შვილივით არისო. რა ?! შვილივით? არ დაიჯერო, ჩემი შვილი რომ გაჩნდა, მოსიყვარულე მამის, ბებიაბაბუების და ძიძების ლაშქარი (ამ საკითხში, ვიცი, განსაკუთრებულად პრივილეგილებური ვარ) სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერ იმას რაც მე უნდა გამეკეთებინა. ეს არ იყო დელეგირება, ეს იყო მხარდაჭერა და დახმარება ჩემი შვილის და ჩემი, ყველაზე ძვირფასი ადამიანებისგან.

 

კომპანიას რაც შეეხება, დღეს მე ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება, რომ მან იმუშაოს, განვითარდეს , მაგრამ ეს დელეგირებაა. იმიტომ , რომ ხშირ შემთხვევაში , მხოლოდ შენ იცი რა შეცდომაზე ან დათმობაზე შეგიძლია წახვიდე, რის სანაცვლოდ ან არც იცი, უბრალოდ თავს ასე აჯერებ.

 

მე წავედი, დავიღალე და ატირებულ კომპანიას ცოტა ხანი იქნებ მიხედო, არ მგონია ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ, ოფისში, აღსრულების ბიუროს კეპკიანი ბიჭები (თვალით არ მყავს ნანახი,რეკლამაში სულ კეპკები ახურავთ) არ მოგადგნენ.

 

გაკვეთილი N 3

ისწავლეთ თქვათ არა.

ეს იცით როგორი გაკვეთილია, პირველი კლასელივით ყველა ასოს თითი რომ უნდა გააყოლოთ და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ხმით ხმამაღლა, დამარცვლით წარმოთვათ.

არა. ეს სიტყვა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კი.

 

და რას ვეუბნები არას, გაჯიუტებული თხასავით ერთსა და იმავეს რო ვწერ, მეორე წინადადებაა.
რას და ყველაფერს, რაც საკუთარი ორმოს თხრაში ხელს გიშლით, პროექტებს, რომელსაც არ მოაქვთ არც შემოსავალი, არც სტატუსი არც აღმაფრენა არც ახალი კონტაქტები და არც მადლობა. ადამიანებს, რომლებიც არ აფასებენ თქვენ ძალისხმევას, ენთუზიაზმს და კომპრომისებს.

 

ჩემთვის ეს არც ისე მარტივი ამოცანა აღმოჩნდა, კორპორაციული სამყაროში გამოზრდილს (ასე შემიძლია ვთქვა 30 წლიდან 12 სხვა და სხვა კორპორაციაში გავატარე, სროკი მაქვს პრაქტიკულად მოხდილი) , ყოველთვის კარგად მესმის ის გამოწვევები და პასუხისმგებლობები, რომლის წინაშეც დაქირავებული მენეჯერები დგანან.

 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველთვის ვინანე, როდესაც არას ვუთხარი არა. როდესაც საკუთარ თავმოყვარეობას და ინსტიქტებს ვუღალატე და ერთი სულელური ფრაზის გამო „კლიენტი ყოველთვის მართალია“ მივიღე ის მოცემულობები, რომელიც არ უნდა მიმეღო.

 

მესამე გაკვეთილს ნელ-ნელა ვსწავლობ, დამარცვლით ვკითხულობ, იმიტომ, რომ ხშირად რთულია ფასკუნჯის და ციცრის ერთმანეთისგან გარჩევა. თუმცა ესეც პრაქტიკის ამბავი მგონია.

 

გაკვეთილი ბევრი მექნება სასწავლი, თუ რომელიმეს განსაკუთრებით სასარგებლოდ ჩავთვლი, აუცილებლად დაგირეკავთ და მოგიყვებით, დღეს რა გვქონდა სკოლაში.

 

წყარო: http://wom.ge/?p=12158

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია