დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელისუფლო დარტყმა თავისუფალ პრესაზე
2009/09/07 13:15:34

პრესის გავრცელების ჯიხურები და ეგრეთ წოდებული სტენდები რამდენიმე თვის წინ თბილისის მერის, გიგი უგულავას ახალი ინიციატივის საბაბი გახდა. შედეგად ქალაქში, დამატებით, ახალი ჯიხურები გაჩნდა. პროექტის ინიციატორები ამ სიახლეს ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით ამართლებდნენ. თუმცა გამავრცელებლების ნაწილი არც ძველ გარემოს უჩიოდა. მერის ინიციატივა, ნებით თუ უნებლიეთ, ბეჭდური მედიის კიდევ ერთი ახალი გამოცემის „პრაიმ ტაიმის“ გამოსვლას დაემთხვა. მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან რაღაც კავშირში იყო, თუმცა ოფიციალურად ამაზე არანაირი კომენტარი დღემდე არ კეთდება. სამაგიეროდ, ფაქტია, რომ ახალ ჯიხურებზე ამ ბეჭდური გამოცემის („პრაიმ-ტაიმის“) ვრცელი რეკლამაა განთავსებული.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ჯიხურები გაჩნდა ბათუმშიც. ბათუმში პრესის გავრცელების სააგენტოს „გუჯეჯიანი და კომპანიას“ ხელმძღვანელი რუსუდან გუჯეჯიანი ამბობს: „მე მომწონს ჯიხურების დადგმის ეს ახალი ინიციატივა თუნდაც იმიტომ, რომ გაზეთი არ ხუნდება. კარგი იქნებოდა ამ ჯიხურების ქალაქში დადგმამდე ჩვენთვისაც რაღაც შემოეთავაზებინათ. იქნებ ჩვენც შევდიოდით იმ პირობებით სამუშაოდ, რასაც ისინი გვთავაზობდნენ?“

ახალი ჯიხურები ქუთაისში ჯერ არ დაუდგამთ, თუმცა პრესის გავრცელების სააგენტოების წარმომადგენლებ „ახლის“ მოლოდინში მაინც არიან. პრესის გავრცელების სამსახურის უფროსმა ლაურა სანებლიძემ განაცხადა: „თუ ჯიხურები უნდა დაიდგას და ეს პანაცეა გახდა, მაშინ რატომ არ აძლევენ ნებართვებს კონკრეტულ გამავრცელებლებს, რომლებიც ფუნქციონირებენ? რა საჭიროა ახლის შემოყვანა ბაზარზე? მე ვფიქრობ, აქ ჩადებულია ის, რომ პრესა გაკოტრდეს. ეს ახალი ინიციატივა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ გამოცემას დაემთხვა, თუმცა ძნელი სათქმელია, ეს მასთან რაიმე კავშირშია თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ იმ ახალ ჯიხურებზე „პრაიმ ტაიმის“ საკმაოდ ვრცელი რეკლამებია განთავსებული. რაც შეეხება იმ მიზეზს, თითქოს არ არის გამავრცელებლებს შორის კონკურენტუნარიანი გარემო, გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი პატარა ქალაქია, აქ ჯანსაღი კონკურენცია ნამდვილად არის. ქუთაისის პირობებში 5 გამავრცელებელი მუშაობს და მონოპოლია რომ იყოს, მაშინ ერთი, ან უკეთეს შემთხვევაში, ორი სააგენტო იმუშავებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ჯიხურებში გაზეთსა და ჟურნალს იმ ფასში ყიდიან, რაც აწერია. იგივე მოინდომა 5 წლის წინ „კვირის პალიტრამ“, როცა ბაზარზე შემოვიდა. მაგრამ, რომ შეხედეს, ვალები დაედოთ, თავად მოუმატეს ფასები. ბიზნესის თვალსაზრისით ვერავინ გააკეთებს ფასზე აქცენტს. მაგრამ მისცენ კონკრეტულ გამავრცელებლებს უფლება და დააკისრონ ის ვალდებულებები რაც ახალი ჯიხურების მეპატრონეებზეა გათვალისწინებული. თუ ნებართვა უნდა გაიცეს, მაშინ ამ ჯიხურებზე გასცენ, რომელიც დღეს ქალაქში დგას.“

პრესის გავრცელების კიდევ ერთი სააგენტოს ხელმძღვანელი ბახვა მდინარაძე: „ქუთაისში საკმაოდ ჯანსაღი კონკურენტული გარემოა პრესის გავრცელების კუთხით. ვფიქრობ, ახლის შემოყვანა ბაზარზე საჭირო არ არის. მაგრამ ეს, ალბათ, ვინმეს ინტერესებში შედის. ამბობენ იმასაც, რომ ამ ინიციატივის მიზანი ოპოზიციური გაზეთების ჯიხურებიდან გაქრობაა. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.“

პრესის გავრცელების სააგენტოს „ექსპრესის“ ხელმძღვანელი ლეილა სულაბერიძე ამ პრობლემით ქალაქის მერიას რამდენიმე წელია მიმართავს. „ჩვენ გვინდოდა ტროტუარებზე სტენდების დადგმა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალაქში „კვირის პალიტრას“ ჯიხურები დაიდგა. ოფიციალური წერილით მივმართეთ ქალაქის მერიას და მათგან კონკრეტული პასუხი მივიღეთ - სანამ ტროტუარების პრივატიზება არ მოხდება და შემდეგ ტენდერი არ გამოცხადდება, მანამდე ეს საკითხი ვერ გადაწყდებაო. ჩვენ თანაბარ პირობებს ვითხოვთ. მაგრამ აქ გასარკვევია ინიციატორები კონკურენტუნარიან გარემოს რას ეძახიან. ჩვენ, 5 თუ 6 გამავრცელებელი, წლებია, ერთად ვმუშაობთ ამ სფეროში, მაგრამ ერთმანეთის „ჩაძირვაზე“ არასდროს გვიმუშავია.“ - ამბობს ლეილა სულაბერიძე.

იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში ქალაქში ახალი ჯიხურების დადგმა, ამაზე, მერიის პრესსამსახურში ვერ გვპასუხობენ. თუმცა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართეს. სამსახურის უფროსი ზაზა სულაძე და მთავარი სპეციალისტი თემურ სულაძე შვებულებაში აღმოჩნდნენ. სამსახურის წარმომადგენელმა ფრიდონ ბეშკენაძემ კი ეკონომიკური სამსახურის უფროსთან - იუზა უგულავასთან გადაგვამისამართა. ეს სამსახური რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამჯერად ტროტუარების შესწავლით არის დაკავებული. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი მამუკა კობზანაძე კი ამბობს: „ახალი ჯიხურები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე დაიდგმება. სავარაუდოდ, ეს წლის ბოლომდე განხორციელდება. რაც შეეხება ჯიხურების დიზაინს, დღეს რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და საბოლოოდ ერთს შევარჩევთ.“

როგორც ჩანს, სიახლე ქალაქში მალე გამოჩნდება. რამდენად ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შექმნის ახალი ინიციატივა, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა „უგულავას და ვარშალომიძის ჯიხურებად“ წოდებული ახალი ინიციატივა ქუთაისში ვის სახელს „დაირქმევს“, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია