საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბების ქომაგების მრავალი ცუდი და კარგი ქცევა გვახსოვს, თუმცა ეს ფეხბურთის თანმდევი ნაწილია და ყველა ქვეყანაში ხდება სხვადასხვანაირად.
ის, რაც მოხდა კვირას „ტორპედო“ – „გურიას“ მატჩის დროს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, მართლაც რომ დასაფასებელია...
ყველამ კარგად იცის, თუ რა ტრაგედია დატრიალდა რამდენიმე დღის წინ, როცა საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფეხბურთელი ნიკა კილაძე გარდაიცვალა, რაც ნებისმიერი ქართველისთვის დიდი ტკივილია.
გუშინდელ შეხვედრაში სტადიონზე შესვლისთანავე პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, „ტორპედოს“ ფანკლუბის ტრიბუნაზე გამოკრული დიდი ბანერი იყო –ნიკას კილაძის სურათით. როგორც შემდგომში გავარკვიეთ, „ტორპედოს“ ქომაგებს თვითონვე დაუმზადებიათ აღნიშნული ბანერი და მატჩის დასრულების შემდეგ „გურიას“ გულშემატკივრებს გადასცეს.
მოედანზე შეკრებილი ქუთაისელი და გურული გულშემატკივრები თვალცრემლიანი შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელის სურათს და თავისთვის ჩუმად ამბობდნენ: „ყოჩაღ, “ტორპედოს“ ქომაგებო...“ ძნელია, ამ ხალხს არ დაეთანხმო..
თემურ ლორია („გურიას“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობის, გულშემატკივრების და ფეხბურთელების სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ტორპედოს“ ქომაგებს. მათ ჩვენი გუნდის წევრის, გარდაცვლილი ნიკა კილაძის საპატივცემულოდ დაამზადეს და გამოფინეს ბანერი ქუთაისის სტადიონზე.“
წყარო: http://worldsport.ge/
(ედემი ელერჯია)