დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტობისათვის 23 კანდიდატი იბრძოლებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/24 15:18:13

მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს საარჩევნო ისტორიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საბოლოო ინფორმაციით პრეზიდენტობისათვის 23 კანდიდატი იბრძოლებს. ყველაზე მეტი  - 7 კანდიდატი 2008 წლის 5 იანვრის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, 1991 წლიდან ჩატარებულ ყველა დანარჩენ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატთა მაქსიმალური რაოდენობა 6-ს შეადგენდა.

ცესკოს მიერ დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 10 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო 13 დამოუკიდებელი, საინიციატოვო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილნი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: გიორგი მარგველაშვილმა - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; დეპუტატმა დავით ბაქრაძემ - ნაციონალური მოძრაობა; ნინო ბურჯანაძემ - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; შალვა ნათელაშვილმა - ლეიბორისტული პარტია; გიორგი თარგამაძემ - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; კობა დავითაშვილმა - ხალხის პარტია; ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა - საქართველოს ევროპელი დემოკრატები; აკაკი ასათიანმა -  ტრადიციონალისტები; სერგო ჯავახიძემ - სამართლიანი საქართველოსთვის; აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თეიმურაზ მჟავიამ - ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.

ამ კანდიდატებიდან მხოლოდ შვიდს აქვს კამპანიის ფარგლებში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება, ვინაიდან მათი წარმდგენი პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. კვალიფიციური სუბიექტებისთვის დაწესებული ამ საკანონმდებლო პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები ნინო ბურჯანაძე და აკაკი ასათიანი; ასევე ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც უკვე მეორედ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.

13 დამოუკიდებელ კანდიდატს შორის არიან: ნესტან კირთაძე, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი; ქართლოს ღარიბაშვილი, რომელსაც სამ საპრეზიდენტო არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული; ავთანდილ მარგიანი და თამაზ ბიბილური - ორივეს სურდა წინა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა, თუმცა მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები; და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები: მიხეილ  სალუაშვილი; ლევან ჩაჩუა; ნუგზარ ავალიანი; გიორგი ჩიხლაძე; თეიმურაზ ბობოხიძე; ნინო ჭანიშვილი; მამუკა ჭოხონელიძე; გიორგი ლილუაშვილი და მამუკა მელიქიშვილი.

კანდიდატების რეგისტრაცია ცესკომ კანონით დადგენილ ვადაზე, რომელიც 27 სექტემბერს იწურებოდა, ოთხი დღით ადრე დაასრულა.

ამასთან, კანონმდებლობა რეგისტრირებულ კანდიდატს უფლებას აძლევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 17 ოქტომბრამდე თქვას; თუ კანდიდატი ამ ვადის შემდეგ მოხსნის თავის კანდიდატურას, მისი გვარი მაინც იქნება წარმოდგენილი საარჩევნო ბიულეტენში.

თავდაპირველად კანდიდატობის სურვილი სულ 54-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 31-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

აქედან, ცესკოს ინფორმაციით, თორმეტს იმის გამო ეთქვა, რომ  მხარდამჭერთა სია არ წარადგინა 17 სექტემბრამდე; შვიდს - პირადი განცხადების საფუძველზე; სამს - არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო; ორს მხარდამჭერთა სიაში ხარვეზის არ გამოსწორების გამო; ერთს -  მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერების ნაკლებობის გამო; ერთს - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, ხოლო დანარჩენ ხუთს, მათ შორის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, ორმაგი მოქალაქეობის გამო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია