დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასავლეთმა საჩვენებელი თითი ასწია!
2012/12/03 12:39:33

ახალი სკანდალი „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილთან დაკავშირებით

„საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ  

„ვაშინგტონ პოსტმა,“ რომელმაც საქართველოში კვლავ ვნებათაღელვა გამოიწვია შემდეგი კონტექსტით - სააკაშვილის შეკვეთილი სტატია ცდილობს, ივანიშვილის ხელისუფლებას იმიჯი შეულახოს.

„ამ წერილს არ გავცნობივარ. არც ერთი ბრალდება არ არის სწორი. გავარკვევთ, როგორ მოხერხდა და დაიბეჭდა ეს წერილი, ევროპაშიც გამოქვეყნდა ასეთი სტატიები. ჩვენი პრეზიდენტი რასაც ახერხებს და ლობირებს, ეს არის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმყოფება ამერიკაში და რეაგირება აუცილებლად გვექნება,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის გადადების თემასაც შეეხო, რადგან გავლენიანი ამერიკული გამოცემა ვარაუდობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური დაჭერების გამო არ მიესალმებიან:

„გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრად გადაქცეულმა მაგნატმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. ვიდრე ის ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალ ლიდერს ვაშინგტონში არ უნდა მიესალმებოდნენ.“

„ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება ამერიკაში, გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება!“ - განაცხადა ამის პასუხად ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მკვეთრ კრიტიკას „ვაშინგტონ პოსტმა“ მაშინვე უპასუხა და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაზეთის სარედაქციო გუნდს საქართველოს პრეზიდენტთან ბოლო პერიოდში არავითარი კავშირი არ ჰქონია. პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს გაზეთის წარმომადგენელი კრის კორატი ინტერნეტ-ბლოგ „პოლიტიკოსთვის“ გაგზავნილ წერილში გამოეხმაურა.

 

 

რას „უწუნებს“ „ვაშინგტონ პოსტი“ ახალ ხელისუფლებას?!

 

როგორც ამერიკული გამოცემის სარედაქციო სტატიაში წერია, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება საქართველოში და მმართველი პარტიის მხრიდან დამარცხების სწრაფი აღიარება, პოსტსაბჭოთა ევრაზიაში დემოკრატიის იშვიათი ტრიუმფი იყო.

„მაგრამ ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი  კითხვაც  გააჩინა:  გახდება თუ არა ეს პატარა შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა პოლიტიკური პლურალიზმის მოდელი ავტორიტარი მმართველების რეგიონში, თუ უკრაინის გზას დაადგება, სადაც ლიბერალური მთავრობის მარცხს მისი ლიდერების დაპატიმრება და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ უკანდახევა მოჰყვა? სამწუხაროდ, ახალ რეჟიმს, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ამ კითხვაზე წინასწარი პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დასჭირდა.“

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა წინა ადმინისტრაციის 20-ზე მეტ მაღალჩინოსანს,  მათ  შორის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს.

„მართალია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის ვადაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწურება, გააიოლა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი, მაგრამ ბატონმა ივანიშვილმა არაერთხელ მოითხოვა მისი გადადგომა, მიანიშნებდა რა, რომ მასთან ასოცირებული პირების დევნა გაგრძელდება მანამ, სანამ ის ამას არ გააკეთებს. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ამცირებს პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს და ოპოზიციის წევრების გადაბირების მიზნით, მათზე ზეწოლას ახდენს. ხდება ყოფილი მთავრობის მიმართ სიმპათიით განწყობილი მედიის დაშინება,“ - მიიჩნევს ამერიკული გამოცემა.

 

 „საინფორმაციო ომი“ საერთაშორისო მედიაში?!

 

„სააკაშვილი ახერხებს, როგორღაც, არასწორი ინფორმაციის გატანას საზღვარგარეთ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ბოკერიას სამსახურის ინფორმაციის გახსნა. ბიუჯეტიდან დახარჯულია 16 მილიონი, ამას ადევს გრიფი „საიდუმლო“. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ამ თანხით დაფინანსდა ასეთი პასკვილები.

ფინანსთა მინისტრმაც მიმართა, მაგრამ მასაც არ აძლევენ ინფორმაციას. ჩვენ მოვახერხებთ უახლოეს დროში ამ ინფორმაციის გახსნას... ჩვენ არ ვიმოქმედებთ არცერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას, თუ რა ხდება საქართველოში, საქართველოს საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული და მთავრობა იმოქმედებს კანონის მიხედვით. „ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებენ და ვერ შეაფერხებენ სამართალდამცველი სტრუქტურების მოქმედებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. ეს იყო დარღვეული, ეს პროცესები მალე დამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ, საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. ხალხის ფული აწი ხალხზე დაიხარჯება და არა ასეთ სტატიებზე,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

„არ ვეთანხმები სტატიის არც პათოსს და არც შინაარსს, მაგრამ ამის გამო არ ვთვლი, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგია მოსყიდულია, ან კრემლის ან კიდევ სხვა ვინმე უბედურების დავალებებს ასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას პოზიტიური უცხოური პრესა ჰქონდეს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ გარეთ და კომუნიკაციის ახალი არხები უნდა გაიჭრას სწრაფი და ეფექტური ურთიერთობების ასაწყობად, და არა მხოლოდ მედიასთან,“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში Facebook-ში თავის გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, თუკი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში რაიმე სინამდვილეს შეესატყვისება, ის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.

„გასაგებია, მე ახლა არ მოვახდენ დრამატიზირებას ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, „ვაშინგტონ პოსტი“ არის ერთი გამოცემა, რა თქმა უნდა, ძალიან გავლენიანი. იქ გამოთქმულ მოსაზრებებს ჩვენ ყურადღებით უნდა გავეცნოთ, თუ ამ პუბლიკაციაში რაიმე სინამდვილეს შეესატყვისება, ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ...  მე ყოველთვის ვცდილობ, ადეკვატურად შევაფასო ის სიტუაცია, რაც ხდება ჩვენთან, კარგიც და ცუდიც,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიის გამო გამოწვეულ აურზაურს გამოეხმიანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. „ძალიან კარგია, რომ არჩევნების შემდეგ დემოკრატიული სამყარო არის მობილიზებული და ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ის ამბავი, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულებაა, ეს სწორია, რადგან ახალი ხელისუფლება მათ წინასაარჩევნო პერიპეტიებში გაიცნეს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ხშირია გადაჭარბებული შეფასებები და უსაფუძვლო შორს მიმავალი დასკვნები, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ამას გაღიზიანებით არ უნდა შეხედოს.“

 

არა მხოლოდ ვაშინგტონ პოსტი?!

„ყველა დაგროვილ კითხვაზე ძალიან მშვიდად უნდა გავცეთ პასუხი და საერთაშორისო საზოგადოების ნებისმიერ შენიშვნას წყნარად უნდა შევხვდეთ,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მსოფლიოს აჩვენოს, თუ  როგორ  ჩაგრავენ  მათ.   „მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ყველა სტატიას ერთ სიბრტყეში ვერ მოვაქცევთ. ესეც არ იყოს, ჩვენ მედიასთან საბრძოლველად არ მოვსულვართ. ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვებრძოლოთ. რაც შეეხება გარესამყაროს, მათ უნდა მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის აზრით, „პრემიერ-მინისტრს უნდა აუხსნან, რომ ძველი ელჩები მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება - წარმოსაჩენი“. ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ის თავის გვერდზე წერს. ყოფილმა მინისტრმა ამგვარი განცხადება საფრანგეთში გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ გააკეთა.

„ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. ალბათ, მიხედვის დროა. „ნაციონალებს“ სხვა საქმე არა აქვთ და ამას გულმოდგინეთ ეკიდებიან. ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს თუ დაიქირავეს. ცხადია, ამაზე საელჩოს არც რეაქცია აქვს და არც თბილისს ატყობინებს. შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უარყოფითი სურათის შექმნაა, ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება, რაც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სტრასბურგში ცეკვა-თამაში. მიხეილ სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე დღეს კიდევ მყოფი ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები, ახალ ხელისუფლებას კი არავინ იცავს. უცხო პრესას ყურადღებასაც არ ვაქცევთ,  ვითომც  არ   არსებობდეს,   როცა  „ნაციონალები“ ამაზე მთელ ენერგიას ხარჯავენ. რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენი? ეს უცოდინარობაა, თუ დივერსია?“ - კითხულობს სალომე ზურაბიშვილი.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი  არმაზ ახვლედიანი  საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი დასავლური პრესის კრიტიკული დამოკიდებულების შეფასებისას ამბობს, რომ, ალბათ, კრიტიკას დასავლეთიდან აქვს გარკვეული საფუძველი, თუმცა სამწუხაროა, რომ ზოგჯერ კრიტიკული შენიშვნები რეალური ობიექტური ვითარების შესწავლის გარეშე, მხოლოდ ცალკეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადამოწმების გარეშე კეთდება.

„ამიტომაც, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ კრიტიკა, რომელიც არის ობიექტური და მნიშვნელოვანი ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და კრიტიკა, რომელიც ზოგჯერ თავად ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ვფიქრობ, ამჟამინდელი ხელისუფლება სწორად გააანალიზებს კრიტიკულ შენიშვნებს და იმას, რაც მისაღებია, გაითვალისწინებს,“ - განაცხადა ახვლედიანმა From.ge-სთან საუბრის დროს.

რამდენად შეიძლება ეს კრიტიკა განპირობებული იყოს  პრეზიდენტის ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად? ახვლედიანი აცხადებს, რომ ასეთ კრიტიკულ მოსაზრებებს და კრიტიკულ სტატიებს დასავლურ გაზეთებში მხოლოდ ლობისტური ორგანიზაციები ვერ განაპირობებენ.

„მნიშვნელობა არ აქვს ლობისტური ორგანიზაციების მიერ, მიწოდებული ინფორმაცია იწვევს ამ კრიტიკულ შენიშვნებს, თუ სხვა წყაროდან არის ინფორმაცია მისული იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში, საიდანაც კრიტიკა გვესმის. მთავარია, გაირკვეს კრიტიკა როდისაა სწორი, შესაბამისად, მნიშვნელოვანი, საჭირო, აუცილებელი და როდისაა, რაღაც შენიშვნები ხელოვნური. მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ კრიტიკა, რა ნაწილშია ობიექტური და სად არის ტენდენციური,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია