მომღერალ თამარ ჭოხონელიძის ოჯახში საახალწლო ტრადიციები არსებობს. ისინი ყოველთვის შინ ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას და, პირველ რიგში ერთმანეთს ულოცავენ. სწორედ ამ ტრადიციების შესახებ ვესაუბრეთ ქალბატონ თამარს.
- იქნებ გაიხსენოთ თქვენთვის ყველაზე ბედნიერი ახალი წელი.
- ჩემთვის ახალი წელი, პირველ რიგში, არის იმედი, იმის განწყობა, რომ რაღაც უკეთესი და საინტერესო მოდის. იყო ბევრი წინააღმდეგობებით სავსე წელიც, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო და შედეგიანიც. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვობიდან მიყვარდა ახალი წელი, განსაკუთრებული კი იყო 1990 წლის ახალი წელი, იმიტომ რომ 1989 წლის 9 დეკემბერს გაჩნდა მარიამი და უკვე ბავშვით შევხვდი ახალ წელს. 1991 წლის ახალი წელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უკვე მეორე შვილი - კონსტანტინე გაჩნდა - ასევე 9 დეკემბერს. ეს ორი წელი განსაკუთრებით გამორჩეულად მახსოვს. ამ 2010 წელსაც სიახლით ვხვდები, თქვენს გაზეთს პირველად მივაწვდი ამ ინფორმაციას - ჩემს ოჯახში ნამატია, მარიამი დაოჯახდა. ასე რომ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და, შეიძლება, შემდეგ წელს ბებიაც კი გავხდე.
- საახალწლოდ როგორ ემზადებით, რა ტრადიციები აქვს თქვენს ოჯახს?
- ძალიან სერიოზული და ფესვმაგარი ტრადიციები აქვს ჩემს ოჯახს. საახალწლოდ დიდი რუდუნებით ვამზადებთ საცივს, გოზინაყს და სხვა კერძებს. პირველ რიგში ყველაზე მთავარი ტრადიცია მაქვს ის, რომ აუცილებლად შინ ვხვდები ახალ წელს, ამას სხვა მადლი და ძალა აქვს. აუცილებლად ჩემს ოჯახის წევრს უნდა მივულოცო პირველად ახალი წლის შემობრძანება.
- ბავშვობაში თუ გქონიათ გამორჩეული ახალი წელი და თოვლის პაპის თუ გჯეროდათ?
- თოვლის პაპის, დაახლოებით, 8-10 წლამდე მჯეროდა. კარგად მახსოვს ის საოცარი განცდა, როდესაც დილით ვდგებოდი და საჩუქარი ბალიშის ქვეშ, ან საწოლთან მხვდებოდა. ერთხელ, მახსოვს, მამაჩემმა მოიტანა ჩვენი ჭერის სიმაღლე ნაძვის ხე, რომლის წვერი გადასაჭრელი გახდა, რადგან ოთხმეტრნახევრიან ოთახშიც კი ვერ დაეტია. ეს იყო საოცარი განცდა. ჩემთან მოდიოდნენ ბავშვები და ნახულობდნენ ნაძვის ხეს. საახალწლო შეხვედრაც ამ ნაძვის ხესთან მოხდა, განსაკუთრებული იყო ის ახალი წელი ჩემთვის.
- ყველაზე დიდი სიყვარულით რომელ კერძს ამზადებთ ხოლმე საახალწლოდ?
- სიამოვნებით თითქმის ყველა კერძს ვამზადებ, თუ ეს არ არის ხორციანი, რადგან მე ვეგეტარიანელი ვარ და ხორცი თვითონ არ მიყვარს. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს თევზი, ვამზადებ ძალიან კარგს.
- რაიმე განსხვავებულ რეცეპტს ხომ არ მიაწოდებდით საზოგადოებას?
- როგორც გითხარით, ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ თევზის რეცეპტს გეტყვით. სვანებმა მასწავლეს და თევზის კუბდარი ჰქვია, შემდეგ ცოტა რაღაცეები ჩემებურად გადავაკეთე.
კალმახი უნდა მოიხარშოს, დაიძენძოს, ფხებისგან გასუფთავდეს, შემდეგ დავაყრით ცოცხლად დაჭრილ ხახვს და აჯიკას - წყალთან შეზავებულს. თვითონ ეს ფარში უკვე ძალიან გემრიელია. ამ მასას ვდებ ფენოვან ცომში და, როგორც ღვეზელი, ისე ცხვება. დამიჯერეთ, უგემრიელესია.
- ზოდიაქოთი რა ხართ და თუ ეცნობით ხოლმე ჰოროსკოპს?
- თხის რქა ვარ ზოდიაქოთი. ჰოროსკოპს ძალიან იშვიათად გადავხედავ ხოლმე. ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორი ხასიათი მაქვს. ჩემი წარმმართველი ძალა არის ჩემში. ასე რომ, საკუთარ თავს კარგად ვფლობ და ვიცი, რა უნდა გავაკეთო.
- ბავშვებს საახალწლოდ თუ უმზადებდით საჩუქრებს და თუ აპირებთ, წელსაც გაუკეთოთ სიურპრიზები?
- სულ ყოველთვის, არცერთი წელი არ ყოფილა, რომ საჩუქრის გარეშე გამეტარებინოს. პატარები იყვნენ მარიამი და კოკო, როცა გამომიცხადეს, თოვლის ბაბუა არ არსებობსო. მაშინ ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვუთხარი, კარგით-მეთქი. იმ წელიწადს ძალიან მსუბუქი საჩუქრები მოუტანა თოვლის ბაბუამ. ეს არ მოეწონათ და აღიარეს მისი არსებობა. ერთხელ მარიამი 10 წლის იყო, ნაძვის ხეზე დამახვედრა წერილი, თოვლის პაპას სწერდა, რომ უნდოდა ისეთი თოჯინა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბავშვს. ბოლოში მიწერილი ჰქონდა „P.S.“ მე ვიცი, რომ ძალიან დაიღალე, ამიტომ თუ ვერ მოახერხო თოჯინის მოტანა, ჩადე ამ კონვერტში 30 ლარი და მე თვითონ ვიყიდიო. იმ წელიწადს მიიღო მარიამმა ის თოჯინა. წელსაც ვაპირებ, საჩუქრები გავუკეთო შვილებს, მაგრამ ჯერ არ მომიფიქრებია.
- თითქმის სულ დაკავებული იყავით, როგორ ახერხებდით ოჯახისა და სცენის ერთმანეთთან შეთავსებას, ეს რთული არ იყო?
- ჩემთვის ეს ძალიან მსუბუქია იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს დედა და ოჯახის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა. მე ეს ყველაფერი გათავისებული მაქვს. ქალმა რაციონალურად უნდა გადაანაწილოს დრო და ყოველთვის დარჩება იმის შესაძლებლობა, ოჯახს მიხედოს.
- ხომ არ დამდგარა ოდესმე თქვენს ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც არჩევანი უნდა გაგეკეთებინათ ოჯახსა და სცენას შორის?
- იყო, როგორ არა, მაშინ, როდესაც მე ვიყავი შვილების მოლოდინში და მერეც, რამდენიმე წელი, სანამ წამოიზრდებოდნენ. მე მიმაჩნია, რომ სცენაზე ფეხმძიმე ქალი არაესთეტიურია, ის ძალიან ლამაზია ქუჩაში, ოღონდ არა - სცენაზე. ჩემთვის ეს არასასიამოვნოა. ბავშვების გაჩენის შემდეგ მე ორი წელი სცენაზე არ გამოვსულვარ, თუ არ ჩავთვლი „იავნანას“. ეს ისეთი დროა, როცა შვილებს აუცილებლად სჭირდებათ დედა.
- და ბოლოს, რას უსურვებდით დამდეგ 2010 წელს ქართველ ხალხს?
- პირველ რიგში, მინდა ვუსურვო კეთილგონიერება და იმ უნარის ამოტივტივება, რომელიც ჩვენ გენეტიკურად გვდევს. ეს არის სიყვარულის, ერთმანეთის გატანის, ერთმანეთის ცუდისა და კარგის დანახვის უნარი, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ცუდს დაინახავ, არ შეიძლება იქვე მიაყოლო ზიზღი. მინდა იყვნენ ერთიანები და ერთსულოვნები. აი, ეს მინდა ვუსურვო ქართველ ხალხს.
სალომე სანიკიძე