დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოწახური
2012/12/03 12:20:22

კოწახური კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჭალებში, მეჩხერ მუხნარებში. ნაყოფები შეიცავს 5%-მდე შაქრებს და 6-7%-მდე ვაშლის მჟავას. მათგან ამზადებენ მურაბას, ლიმონათს და სხვ.

ფოთლები შეიცავს 120 მგ-მდე ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი), 40%-მდე ვიტამინ E-ს, გარდა ამისა, ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის - ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად იყენებენ.

ფესვებისაგან, რომელიც შეიცავს 2-3% ალკალოიდებს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.

კოწახურის ფოთლის ნაყენი, 40%-იან სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე), მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.

ბერბერინის სულფატის აბები (0,005გ)   გამოიყენება   ქოლეცისტიტის   დროს, როცა თან ახლავს ნაღვლის სადინარების დისკინეზია, აგრეთვე - კალკულეზურ ქოლეცისტიტის დროს გართულებათა პერიოდებს შორის, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ საშუალებად (5 მგ-დან 20 მგ-მდე 2-3 ჯერ დღეში).

კოწახურის პრეპარატებს იყენებენ ელენთის გადიდების საწინააღმდეგო საშუალებად, მალარიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას. ასევე არის ცნობები იმის შესახებ, რომ კოწახურში შემავალ ალკალოიდ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია და კიბოს მკურნალობაში გამოიყენება.

ჩვეულებრივი კოწახურის პრეპარატები ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირებას, შეკუმშვის გაიშვიათებასა და მათი ამპლიტუდის შემცირებას იწვევს. ნაღვლის ბუშტის დაავადებისას (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია), ამცირებს ტკივილებსა და ანთებად მოვლენებს.

კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს, მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლების და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით - ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.

მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.

ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში - ელენთის დაავადებისა და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი - სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.

 

თამუნა ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია