დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვირტუოზი ვიოლინოები“ გიორგაძეების ოჯახში
2012/05/28 14:06:10

10 წლის ნინი გიორგაძე არც ისე დიდია იმ სიგელების და ჯილდოების რაოდენობისთვის, რომელსაც მისი ათწლიანი ცხოვრება ითვლის. იგი ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა. ჯერ კიდევ 5 წლის იყო, ვიოლინოს ხელში აიღებდა და დიდი მონდომებით ცდილობდა მის აჟღერებას.

 

„ხუთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად ავიღე ვიოლინო ხელში და მას შემდეგ ვუკრავ. პირველ კლასში უკვე ვალერიან შიუკაშვილის კონკურსზე მთავარი პრიზის მფლობელი გავხდი.“

მას შემდეგ მის პრიზებს ყოვლეთვიურად თუ არა, ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც ემატება ახალი და წარმატებული სიგელები.

გიორგაძეების ოჯახში ნინი პირველი არ არის, ვინც ვიოლინოზე უკრავს, მისი დაიკო, ანი გიორგაძე, ჯერ მხოლოდ 7 წლისაა და ისიც წარმატებით გამოდის სხვადასხვა კონკურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წელიც არ არის გასული რაც ვიოლინოს ჟღერადობას „შეეჭიდა“, მისი პირველი პრიზიც სწორედ „პატარა ვირტუოზის“ წოდება გახდა, რითაც,  ეტყობა, ძალიან კმაყოფილია და თავდაჯერებით გვიყვებოდა თავისი გამარჯვების ამბავს.

„2012 წელს გავხდი მეხუთე რესპუბლიკური ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავის“ ლაურეატი და გადმომცეს პრიზი სახელწოდებით „პატარა ვირტუოზი“. ამ ფესტივალზე შევასრულე რიდინგის კონცერტის პირველი ნაწილი, რომელიც საკმაოდ რთული ნაწარმოებია და მას მესამე კლასში უკრავენ ბავშვები“.

გოგონების წარმატების დიდი გულშემატკივარი მათივე მამიდაა, რომელიც პირველ სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს მასწავლებელია, სწორედ მისი  სურვილით   დაიწყო ნინიმ ვიოლინოს განხრით სწავლა, რასაც პატარა დაიკომ მხარი აუბა და დღეს უკვე გიორგაძეების ოჯახში სამი „ვირტუოზი ვიოლინო“ ცხოვრობს.

ნინი: „ბავშვობიდან ვმღერი, სხვადასხვა კონცერტზე გამოვდიოდი, სტუდიაში დავდიოდი და იქიდან ოპერის სცენაზეც ვარ გამოსული. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი(იცინის). ახლა ფორტეპიანოზეც ვუკრავ, მაგრამ ვიოლინო დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მეტი მინდა ვიცოდე ფორტეპიანოზეც.  რომ არა ვიოლინო, ალბათ, ვოკალს გავყვებოდი, მაგრამ ახლა მინდა, რომ გავხდე წარმატებული მევიოლინე. სხვა პროფესია ჯერ არ ამირჩევია - მინდა ვიოლინოს გავყვე.“

ნინის და ანის აზრით, წარმატება მხოლოდ ნიჭით და ცოდნით ვერ მიიღწევა. მთავარია ბევრი შრომა და მეცადინეობა, რომ წარმატებული ადამიანი გახდე. სწორედ ამიტომ არის, რომ მათი თავისუფალი დრო მხოლოდ ზაფხულის არდადეგებს ემთხვევა.

სწავლის პერიოდში კი მათი დრო ვიოლინოზე მეცადინეობას და გაკვეთილების სწავლაზე იხარჯება.

„სკოლის შემდეგ მუსიკალურში მივდივართ და 4-5 საათის განმავლობაში ვმეცადინეობთ, შემდეგ კი სკოლის გაკვეთილებს ვსწავლობთ. ფაქტიურად, არ გვრჩება დრო გასართობად. რომ ვთქვა, გადასარევად ვსწავლობ-მეთქი, არა, მაგრამ ცუდად არ ვსწავლობთ. მიუხედავად ამისა, ჩემს მეგობრებს ხშირად ვიწვევ ჩემს კონცერტებზე და, ერთი პერიოდი, „ნინი პაგანინისაც“ მეძახდენენ,“- გვიამბობს ნინი.

ნინის მომავალ გეგმებში საკუთარი სოლო კონცერტი შედის, რომელიც, სავარაუდოდ, ოპერის თეატრში გაიმართება. კონცერტი ორგანყოფილებიანი იქნება და მასში მისი ამხანაგებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჩვენთან საუბრისას გოგონებს ბებია ახლდა, რომელიც საკმაოდ ჩახედული აღმოჩნდა მუსიკალურ სფეროში. ან კი, როგორ შეიძლებოდა,    ასე  არ  ყოფილიყო,  როცა ოჯახში სამი წარმატებული მუსიკოსია.

„მშობლები იმდენად არიან ბავშვების ხელშეწყობაზე გადასულები, რომ მათი შემოსავალი მთლიანად მათ ხმარდება. ისინი და მეც ვცდილობთ, რომ ბავშვებს არაფერში შევუშალოთ ხელი,“- ამბობს გოგონების ბებო.

როგორც გოგონები ამბობენ, მათ ჯერ კიდევ ბევრი პრიზის და სიგელის აღება უნდათ. ასე რომ, წარმატებები ვუსურვოთ პატარა ვირტუოზებს. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია