დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი სამეცნიერო კრებული იმერეთში
2010/10/04 12:25:00

28 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ პირველი სამეცნიერო ჟურნალი „წელიწდეული“ გამოსცა. მასში ბიბლიოთეკის პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები და რეცენზიებია შესული: ქართველოლოგიასთან, ქართულ ენობრივ თუ სხვა ისტორიულ კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან თემატიკაზე.

 

სამეცნიერო კრებულზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ბიბლიოთეკის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძეა. რედაქტორი - ბიბლიოთეკის დირექტორი მერაბ გვაზავა.

„სამი წლის წინ, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკა სამეცნიერო ბიბლიოთეკად გადაკეთდა, სტატუსის შეცვლასთან ერთად, ბევრი რამის, - განყოფილებების, მიმართულებების შეცვლაც გახდა საჭირო. ამ ყველაფერთან ერთად, შეიქმნა სამეცნიერო საბჭო. სწორედ საბჭოს მუშაობის ერთ-ერთი საკითხი გახდა ჟურნალის გამოცემა. წელს განვახორციელეთ სამი წლის წინ ჩადებული იდეა“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ციცი ჯინჯიხაძემ.

ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე თბილისიდან ჩამოსული სტუმრები. საპატიო სტუმართა შორის იყო რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, მწერალი რეზო ჭეიშვილი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა დამსწრეთ პირველი სამეცნიერო კრებულის გამოცემა მიულოცა და ბიბლიოთეკისთვის, ისევე, როგორც იმერეთისთვის, მსგავსი კრებულის გამოცემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ეროვნულ ბიბლიოთეკას არაერთი კრებული ჰქონია 30-იანი წლებიდან მოყოლებული და ახლაც გამოსცემს თავის შრომებს. გვაქვს ჩვენ ამის ტრადიცია. კარგია, რომ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამაც ამ ტრადიციას დაუდო საფუძველი. ეს ჟურნალი, რომელიც აქვს იმერეთის მხარეში პირველ ბიბლიოთეკას, დიდი მოვლენაა. მე მგონია, ამ დღეს რომ ვესწრები, კირილე ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები ხარობენ ზეციურ საქართველოში. მოგეხსენებათ, ძველად, იმერეთის გუბერნიაში ასეთი რამის გაკეთება მეფის რუსეთის დროს შეუძლებელი იყო. საბჭოთა პერიოდშიც... მაშინ სხვა დრო იყო, ახლა თავისუფალია საქართველო, ჩვენ უკვე დავძლიეთ ის ტკივილები და სიძნელეები, რომლებიც 90-იან წლებში გვქონდა. მე მჯერა, რომ ქუთაისმა დაიბრუნა ის ძალა, რომ გამოსცეს არა მარტო ჟურნალი, არამედ იყოს დიდი სამეცნიერო კერა“.

„წელიწდეული“ 150-იანი ტირაჟით გამოიცა, თუმცა, სამომავლო გეგმაში ტირაჟის გაზრდა და უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოებისთვის მისი მიწოდებაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია