დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განახლებული ოპერის თეატრი 23 ნოემბერს უნდა გაიხსნას
2010/09/13 14:07:14

ქუთაისს მალე განახლებული ოპერის თეატრი ექნება - სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი უკვე დაიწყო და, სავარაუდოდ, 10 ნოემბრისთვის დასრულდება, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მორიგ წლისთავზე კი, ლენტს საზეიმოდ თვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაჭრის. O

 

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, ქალბატონი როზა დვალიშვილი ამბობს, რომ თეატრში მხოლოდ შენობა არ განახლდება, ხელმძღვანელობა და დასი უკვე მუშაობს, რომ შენობის საკადრისი რეპერტუარით დახვდნენ მაყურებელს. რეაბილიტაციის ყველა ეტაპი ფოტოებსა და ვიდეოფირებზე ასახეს, „თეატრის ისტორია“ შემდგომმა თაობებმა უნდა ნახონ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სამივე ეტაპს სამშენებლო კომპანია „დაგი“ ასრულებს.

„თავიდან მხოლოდ ერთი ეტაპი იყო გათვალისწინებული, რომელიც მხოლოდ ფოიესა და გარე ფასადის მოწესრიგებას მოიცავდა. პირველ ეტაპს, პრეზიდენტის ინიციატივით, მეორეც მოჰყვა და მესამეც. ამჟამად კონდიცირებისა და გათბობის სისტემების დამონტაჟება დასრულებულია და შემოწმებულიც. 

„პროექტის ავტორი დავით გოგიჩაიშვილია, თავიდან არ იყო გათვალისწინებული საკმარისი სველი წერტილები და საშხაპეები, ცოტა ხნის წინ სწორედ ამ კუთხით შევიდა კორექტირება პროექტში და სველი წერტილები დავამატეთ გუნდისთვის, ორკესტრისთვის, ბალეტისთვის,“ - ამბობს როზა დვალიშვილი.

სცენის კონტურები საინტერესო, „ფრანგულ-ბურჟუაზიულ სტილში“ გადაწყდა. უკვე დაიწყო ფოიეს მარმარილოთი მოპირკეთება, დაიწყება გადახურვაც. იქნება ორი ფორმის გადახურვა - ერთი ჩვეულებრივი, ბრტ-ყელი, მეორე - ქერცლისებური. ორკესტრის ორმო კეთდება ფიჭვის მასალით, რომელსაც განსაკუთრებულად კარგი აკუსტიკა აქვს. განათების სისტემა იქნება თანამედროვე. კეთდება vip საგრიმიოროები, რომლებიც იქვე, ახლოს იქნება სცენასთან და რომლითაც სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო დონის მსახიობები ისარგებლებენ.

უკვე დასრულდა ოთხსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება თეატრის ადმინისტრაცია. როგორც ქალბატონი როზა ამბობს, 10 დღეში ამ შენობაში გადავლენ.

„თეატრს, მიუხედავად იმისა, რომ შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ფირმის ხელმძღვანელს გოგი გულორდავას, რომელთანაც ძალიან კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა, მან მოახერხა, ეტაპობრივად განეხორციელებია სამუშაოები და ამით მუშაობის საშუალება მოგვცემოდა, თავის მხრივ ჩვენც ვცდილობდით მათთვის კომფორტი შეგვექმნა. მუშახელის მოსვენებისთვის გამოვყავით რამდენიმე ოთახი, ისინი ყველა ჩვენს სურვილს, დეტალს, ნიუანსს ითვალისწინებდნენ, რადგან საოპერო თეატრი მაინც სპეციფიკურ შენობას მოითხოვს,“ - გვითხრა როზა დვალიშვილმა.

23 ნოემბერს, ოპერის გახსნის დღისთვის, უკვე იგეგმება გრანდიოზული გალა კონცერტი. წინასწარი ინფორმაციით, გალა კონცერტზე საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ოპერის მომღერლები იქნებიან მოწვეულნი, მათთან ერთად ახალ სცენაზე ადგილობრივებიც გამოვლენ.

10 დეკემბრისთვის კი უკვე პრემიერაა დაგეგმილი, დასი ახალ სპექტაკლზე - „ჯამბაზებზე“ მუშაობს.

„თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს - რევაზ ჯავახიშვილი. ბატონმა ბაადურ სამადაშვილმა თავისი გადატვირთული რეჟიმის გამო დატოვა ეს თანამდებობა, თუმცა, ჩვენთან თანამშრომლობას, როგორც დირიჟორი, კვლავ გააგრძელებს. მალე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადებთ მოსმენა-კონკურსს, რაც ხარისხის წინაპირობა იქნება, გაიზრდება გუნდისა და ორკესტრის შემადგენლობა, პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ მომავალი წლისთვის ახალი ინსტრუმენტებისთვის იზრუნებს, ეს ყველაფერი კი ხარისხის გარანტი იქნება. 

ჩვენ უკვე წარვადგინეთ მომავალი წლის ბიუჯეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში, თუ მოთხოვნილი თანხა სრულად დაგვიფინანსეს, მაშინ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მომავალ წელს მინიმუმ სამი პრემიერა დაიდგმება,“- გვითხრა ქალბატონმა როზა დვალიშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია